კრიმინალური ისტორიები

როგორ გახსნა კორუმპირებულმა მილიციელმა ყალბი ფულისმჭრელების საქმე

№17

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 05.05, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.

ასმანეთიანი

ზურამ დუშაში გააგორა. ნარდის კარში დარჩენილი ბოლო ოთხი ქვაც გამოყარა და მეგობარს უთხრა:

– წააგე. აი, ასმანეთიანი. წადი ახლა დეზერტირებში და ორი კილო სამწვადე მოიტანე. იცოდე, მეტი არაფერი იყიდო. ხურდა ოთხმოცდაათ მანეთზე მეტი დაგრჩება და არ მომატყუო.

კოტემ ფული ჯიბეში ჩაიდო და პლეხანოვის გაზმირზე გავიდა, რომ ტაქსი გაეჩერებინა და დეზერტირების ბაზარში სამწვადე ღორის ხორცისთვის წასულიყო.

– ა, ხომ ჩაგავლე მაინც, შე ჩათლახო ბავშვო! – შემოესმა კოტეს უბნის ინსპექტორის, ჭიჭიკო ჭედიას ხმა და გაქცევა დააპირა, მაგრამ მილიციის ლეიტენანტმა მას მხარში მაგრად ჩაავლო ხელი.

– რას მერჩი, უფროსო, რა გინდა? – თქვა კოტემ.

უბნის ინსპექტორმა მიმოიხედა. ყმაწვილი ახლომდებარე სადარბაზოში შეიყვანა, კედელზე ააყუდა და უთხრა:

– შე ჩათლახო, ორმოცდაათ მანეთს მოგიტანო რომ შემპირდი, სადაა? თუ გგონია, რომ დამავიწყდა? რომ დამეჯარიმებინე, ასი მანეთის გადახდა მოგიწევდა.

– „პლანი“ ხომ წაიღე, მეტი რა გინდა? – თქვა კოტემ.

ჭედიამ კი შეუღრინა:

– იმიტომ წავიღე, რომ გადამეგდო. ჰა, რას იზამ, იძლევი თუ განყოფილებაში წაგათრიო?

– ახლა არ მაქვს. ხვალ მოგიტან, – თქვა კოტემ.

ჭედიამ ბიჭს ჯიბეები გაუჩხრიკა, შარვლის ჯიბიდან ასმანეთიანი ამოაცურა და უთხრა:

– აბა, ეს რა არის?

– სხვისია. ხვალ მოგიტან.

– ჰოდა, რომ მომიტან, ამ ასიანსაც მაშინ მოგცემ, – თქვა ჭედიამ. ასმანეთიანი ჯიბეში ჩაიდო და სადარბაზო ამაღლებულ ხასიათზე დატოვა.

კოტემ შეიგინა და გამწარებული გაბრუნდა სახლში.

გაუჩინარებული „პლანაქეში“

ჭიჭიკო ჭედია თბილისში პროვინციიდან იყო ჩამოსული და ყველა საშუალებით ცდილობდა დედაქალაქში თავის დამკვიდრებას. ამის საშუალებად კი მილიცია აირჩია. იურიდიულზე მოსაწყობად ფული არ ჰქონდა, ამიტომ მილიციის სკოლა დაამთავრა და პირველი მაისის რაიონის მილიციაში უბნის ინსპექტორად გამწესდა. ასმანეთიანი რომ „დაითრია“, განყოფილებაში დაბრუნებულმა ჭედიამ ასმანეთიანი განყოფილების ობშჩიაკში ჩადო.

რამდენიმე საათში კი უფროსის მოადგილემ დაიბარა:

– ეს ასმანეთიანი საიდან? – ჰკითხა პოდპოლკოვნიკმა:

– ერთ „პლანაქეშს“ წავართვი წეღან. ხუთი თუმანი უნდა მოეტანა, მემალებოდა და „დავშტრაფე“.

– სამინისტროდან ინსტრუქცია მოვიდა, ყალბი ასმანეთიანებია მიმოქცევაში გაშვებული და საეჭვო კუპიურები შეამოწმეთო. მე ამას ექსპერტიზაზე გავაგზავნი. შენ კი ის ჩამოიყვანე აქ, ვისაც ეს ფული წაართვი.

ჭიჭიკო ჭედია სახეალეწილი გაემართა ბრძანების შესასრულებლად, მაგრამ ფიროსმანის ქუჩაზე მცხოვრებ კოტე მიქაძეს რომ მიადგა, ის სახლში არ დახვდა. კოტე არც მეორე დღეს გამოჩენილა და „პლანაქეში“ მოულოდნელად გაუჩინარდა.

ლენინგრადელი მხატვარი

ჭიჭიკო ჭედია ყოველდღე აკითხავდა სახლში კოტე მიქაძეს, მაგრამ ის არ ჩანდა. ამასობაში გაირკვა, რომ ექსპერტიზაზე გაგზავნილი ასმანეთიანი ყალბი იყო. მილიციის უფროსის მოადგილე სამინისტროში დაიბარეს და ყველაფერი დაწვრილებით გამოჰკითხეს. დაჰკითხეს ჭიჭიკო ჭედიაც. ბოლოს მინისტრის მოადგილემ მას უთხრა: გაგიმართლა, ლეიტენანტო. მართალია, ფულს სძალავდი მოქალაქეს, მაგრამ ასმანეთიანი ყალბი აღმოჩნდა და ამან გიშველა. ამიტომ პატაკში ჩავწერთ, რომ თითქოს „პლანაქეშის“ დაკავება ვერ მოახერხე, მაგრამ მას ჯიბიდან ასმანეთიანი ამოუვარდა, რომელიც ყალბი აღმოჩნდა. გასაგებია?

– დიახ. გასაგებია, ამხანაგო პოლკოვნიკო, – მიუგო ჭედიამ და მინისტრის მოადგილის კაბინეტი დატოვა.

ყალბი ფულის მჭრელების საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოჰკიდა ხელი და ძიების შედეგად ისინი ზურაბ გაბიჩვაძეზე გავიდნენ, რომელიც კოტე მიქაძის ძმაკაცი იყო და გვერდით ეზოში ცხოვრობდა. მიქაძე, სწორედ, გაბიჩვაძესთან იმალებოდა. საქმე კი ის იყო, რომ გაბიჩვაძე თავისი მეგობრების ბრმად გამოყენების მეთოდით ცდილობდა ყალბი ასმანეთიანის ბაზარში გასაღებას და როდესაც კოტე ხელცარიელი დაბრუნდა უკან და ძმაკაცს ყველაფერი მოუყვა, ზურაბმა მას სიმართლე უთხრა და გადამალა. გაბიჩვაძეს კი ყალბი კუპიურებით თავისი მამიდაშვილი, გურამ ხუროძე ამარაგებდა. ხუროძე პროფესიით მხატვარი იყო, ლენინგრადში ცხოვრობდა და იქვე, მის მიერვე აწყობილ დაზგაზე ჭრიდა ყალბ ფულს.

სამინისტროს ოპერებმა ორივე ძმაკაცი სულ რაღაც 24 საათში დააკავეს. ახალგაზრდებმა კი მილიციელები ხუროძეზე გაიყვანეს. ყალბი ფულის მჭრელი, 39 წლის ლენინგრადელი მხატვარი ქალაქ როსტოვში დააპატიმრეს. მიქაძესა და გაბიჩვაძეს 3-3-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ხუროძე კი 15 წლით ჩასვეს ციხეში. ძალიან გაუმართლა კორუმპირებულ მილიციელს – ჭიჭიკო ჭედიას უფროსი ლეიტენანტობა უბოძეს და ოპერად გადაიყვანეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი