კრიმინალური ისტორიები

როგორ გახდა ზესტაფონელი პატარა ბიჭი იატაკქვეშა მილიონერი

№16

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 28.04, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.

მოხერხებული კაცი

იოსებ სეფიაშვილი 1945 წლის 9 მაისს სამტრედიის რაიონის სოფელ კულაშში დაიბადა. მამა ეკონომისტი ჰყავდა, დედა ინგლისურის მასწავლებელი. იოსები ბავშვობიდანვე დიდი მოხერხებულობით გამოირჩეოდა. იცოდა ფულის ყადრი და როგორც მისი თანასოფლელები ამბობდნენ, ქვისგანაც კი ოქროს გამოადნობდა. 17 წლის იყო იოსები სკოლა რომ დაამთავრა და მცირე ასაკის მიუხედავად მას საკმაოდ მნიშვნელოვანი კაპიტალი ჰქონდა დაგროვილი და მომავალიც დაგეგმილი ჰქონდა, მაგრამ მშობლების დაჟინებით, თბილისში გაემგზავრა ეკონომიკურ ფაკულტეტზე გამოცდების ჩასაბარებლად. მიუხედავად იმისა, რომ იოსები უნივერსიტეტში მოეწყო, თავისი სპეციალობის მიმართ მაინცდამაინც დიდ ინტერესს არ იჩენდა, თუმცა 1967 წელს დიპლომირებული სპეციალისტი გახდა. სწავლის ხუთწლიან პერიოდში იოსებმა თავისი კაპიტალი საგრძნობლად გაზარდა. სტუდენტი ყმაწვილი ოქროს შესყიდვით იყო დაკავებული და კარგად უწყოდა, რომ ყველაზე მყარი კაპიტალი სწორედ ყვითელი ლითონი იყო. იოსები თანატოლ სტუდენტებში მოხერხებული კაცის რეპუტაციით სარგებლობდა მას „სუპერჩალიჩას“ ეძახდნენ და ყველა დეფიციტური საქონლის შოვნას მას სთხოვდნენ. იოსებს კი ისეთი ფართო ნაცნობობა ჰქონდა, რომ „ჩიტის რძესაც“ კი შოულობდა, რა თქმა უნდა, ზედმეტ ფასებში. იოსების ძვირფასი თვისება კი ის იყო, რომ „ოთუსბირს“ არასოდეს თხოულობდა და კლიენტი მუდმივად ჰყავდა. „მოხერხებულ კაცს“ ასაკთან ერთად გამოცდილებაც ემატებოდა და ქონებაც ეზრდებოდა.

იატაკქვეშა მილიონერი

1972 წლისთვის იოსებ სეფიაშვილი იატაკქვეშა მილიონერი გახდა, რაც უშიშროების კომიტეტს არ გამოჰპარვია. „კაგებე“ რეგულარულად იღებდა ინფორმაციებს „მოხერხებული კაცის“ საქმიანობის შესახებ და ის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდა. იმ პერიოდისთვის იოსები უკვე თბილისში ცხოვრობდა, საბურთალოზე კოოპერატიული ბინა აიშენა და შესანიშნავი რემონტიც გააკეთა. იმავე წელს იოსები დაოჯახდა და ვაჟი შეეძინა, რომელსაც მიხეილი დაარქვა. მისი მეუღლე ვალიდა გურიელაშვილი ექიმი იყო და თბილისის რკინიგზის საავადმყოფოში მუშაობდა. იოსები მშვიდად განაგრძობდა თავის საქმიანობას და იმ დროისთვის, როდესაც „კაგებემ“ მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მორიგი ანტისპეკულანტური რეიდი ჩაატარა. ერთ ღამეს „კაგებე“ მასაც „ესტუმრა“ და ჩხრეკა ჩაუტარა. თუმცა ვერაფერს მიაგნეს. მაშინ უშიშროების ჯგუფის ხელმძღვანელმა ხელქვეითებს ნაღმის აღმომჩენი მოატანინა და მხოლოდ ამის მეშვეობით მიაგნეს სამზარეულოში საიდუმლო სეიფს და მის პატრონთან ერთად მთელი ქონებაც გააყოლეს ხელს. თუმცა, იოსებმა „კაგებეშნიკებთან“ საერთო ენა გამონახა და მოელაპარაკა, რომ მხოლოდ იმდენი ქონება გამოეჩინათ, რის გამოც 3 წელიწადზე მეტს არ მიუსჯიდნენ, დანარჩენი კი ერთმანეთში გაეყოთ. მართლაც ასე მოხდა და იოსები მეორე დღეს პირობით გაათავისუფლეს. სასამართლომ კი, ასევე, პირობითი სასჯელი გამოუტანა, რომელიც 6 თვეში გაბათილდა. მიუხედავად იმისა, რომ იოსების ქონების 95 პროცენტი „აახიეს“, მან ჩვეული „ჩალიჩი“ განაგრძო, ოღონდ უფრო კონსპირაციულად მოქმედებდა.

გაქცევა

1987 წელს იოსებმა თავისი მეუღლე და 3 შვილი ისრაელში გაამგზავრა და თავადაც მალე აპირებდა იქ წასვლას, თუმცა ერთი სარფიანი საქმე გამოუჩნდა და ნგრევის პირას მყოფ ქვეყანაში შეყოვნდა. იოსებმა კამჩატკის ოლქში მყოფ მეთევზეებთან დაამყარა კონტაქტი და ხიზილალის იატაკქვეშა ცეხი გახსნა. „მოხერხებული კაცი“ ხიზილალას უცხოელ ბიზნესმენებზე ყიდდა. მათ დიდი რაოდენობით მიჰქონდათ ეს ძვირფასი საქონელი. ვალუტას კი იოსებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბანკებში ურიცხავდნენ. არალეგალ კამჩატკელ მეთევზეებს იოსები არყით უხდიდა საფასურს, რაც დიდი რაოდენობით ჩაჰქონდა საქართველოდან. სეფიაშვილს წილში ჰყავდა სამხედროებიც. ისინიც არყით იღებდნენ გასამრჯელოს. სანაცვლოდ კი ხიზილალა სამხედრო ხომალდით ნეიტრალურ წყლებამდე მიჰქონდათ და მყიდველებს უტვირთავდნენ. იოსებ სეფიაშვილმა კამჩატკაზე 5 წელი გაატარა და რამდენიმე ასეული ათასი დოლარი იშოვა. 1992 წლის დასაწყისში კი იოსების საქმიანობით რუსეთის სამართალდამცველები დაინტერესდნენ და „მოხერხებულ კაცს“ საგამოძიებო ჯგუფი მიუგზავნეს. ამის თაობაზე იოსებს ინფორმაცია უკვე ჰქონდა და თადარიგი ადრევე დაიჭირა – რუსი სამხედროების ხომალდით ნეიტრალურ წყლებამდე მივიდა, საიდანაც უკვე იაპონიაში გაიქცა.

P.S. „მოხერხებული კაცი“ რუსეთში დღემდე ძებნილთა სიაშია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი