კრიმინალური ისტორიები

როგორ გაიტაცეს 200 კილოგრამი „პარტიის ოქრო“ თბილისიდან

№25

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 01.07, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

პუბლიკაციაში მოყვანილი პიროვნებების ვინაობები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

ლენინისთავიანი დამღა

1992 წლის 10 თებერვლის დილა იდგა და თბილისში ისე მსხვილად თოვდა, რომ არაფერი ჩანდა. ქარიც უბერავდა და კიდევ უფრო მეტად ყინავდა. დედაქალაქის დიღმის გასასვლელთან ერთ-ერთი შეიარაღებული დაჯგუფების ორი წევრი მორიგეობდა. 22 წლის კოტე ზარქუა და 25 წლის ვანო გიორგაძე ავტომატგადაკიდებულები პატრულირებდნენ. დილის 10 საათი სრულდებოდა, რომ გზაზე თეთრი ფერის ფურგონიანი „მოსკვიჩი“ გამოჩნდა, რომელშიც ორი მამაკაცი იჯდა. მანქანას საქარე მინაზე უზარმაზარი საშვი ჰქონდა გაკრული, რომელსაც დროებითი მთავრობის ბეჭედი ერტყა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მანქანა „ქსივიანი“ იყო და „გაწეწვას“ არ ექვემდებარებოდა. ბიჭებმა მაინც გააჩერეს „მოსკვიჩი“ იმ იმედით, რომ რამდენიმე ღერ სიგარეტს იშოვიდნენ. მძღოლი და მისი მგზავრი რუსები აღმოჩნდნენ. მათ ბიჭებს მთელი კოლოფი სიგარეტი მისცეს. ის ის იყო გზა უნდა გაეგრძელებინათ, რომ კოტე ზარქუამ იკითხა:

– რა მიგაქვთ, თუ საიდუმლო არ არის?

– ხმელი შეშა, ბიჭებო, თქვენი კოლეგებისთვის მცხეთაში, – უპასუხა მოღიმარმა მძღოლმა კოტეს და დაამატა, – მთელი ფურგონი სავსე გვაქვს. თან ძრავა ჩართო, რომ გზა გაეგრძელებინა. 25 წლის ვანო გიორგაძეს საეჭვოდ მოეჩვენა მძღოლის პასუხი და საუბარში ჩაერთო:

– აბა, ერთი თქვენი შეშა გვიჩვენეთ.

მძღოლმა „მოსკვიჩი“ ადგილს მოწყვიტა, მაგრამ გიორგაძემ ავტომატის ჯერით უკანა, მარცხენა საბურავი გაუხვრიტა და მანქანა გააჩერა. შემდეგ ავტომატიანებმა „მოსკვიჩის“ ეკიპაჟი გადმოიყვანეს და თოვლზე დააწვინეს. ფურგონი გახსნეს და ტომრების თვალიერებას შეუდგნენ. 30 ტომრიდან 28-ში მართლა შეშა იყო. ორ ტომარაში კი 100-100 ცალი თითოკილოგრამიანი ოქროს ზოდები ელაგა. ზოდებს ლენინისთავიანი დამღები ჰქონდა და 999 სინჯი ერტყა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ბიჭებს 200 კილოგრამი ბაჯაღლო ოქრო ჩაუვარდათ ხელში.

პარტიის ოქრო

მიუხედავად უდიდესი „ოქროს ეფექტისა“, ბიჭები არ დაბნეულან და სწრაფად მიიღეს გადაწყვეტილება. იქვე შეთანხმდნენ, რომ ოქრო გაეტაცათ. რუსებს სათადარიგო ბორბალი აღმოაჩნდათ და საბურავი შეცვალეს. შემდეგ „მოსკვიჩში“ ჩასხდნენ და მანქანა თბილისისკენ შეაბრუნეს. სანამ ადგილიდან დაიძრებოდნენ, რუსებმა ბიჭებს უთხრეს:

– ბიჭებო, ჯობია, ეს არ გააკეთოთ და მშვიდობიანად გაგვიშვათ. გარწმუნებთ, ამ ოქროს გამო ძალიან სერიოზული ხალხი მოგძებნით და ოქროსთან ერთად თქვენს სიცოცხლეებსაც წაიღებენ.

ბიჭებმა არაფერი უპასუხეს და 200 კილოგრამი ოქროთი დედაქალაქისკენ აიღეს გეზი.

ოქრო, რომელიც ზარქუამ და გიორგაძემ გაიტაცეს, ეგრეთ წოდებული, „კომპარტიის ოქროს“ მცირე ნაწილი იყო, რომელიც თბილისში გადამალეს და მართალია, ძირითადი მარაგი უკვე გატანილი ჰქონდათ, კიდევ 200 კილოგრამი იყო დარჩენილი, რომელიც მოსკოველ კურიერებს უნდა ჩაეტანათ ჯერ ცხინვალში, იქიდან კი – მოსკოვში. რუსები ფეხით დაბრუნდნენ თბილისში, რის ვაი-ვაგლახით დაუკავშირდნენ მოსკოვს და ყველაფერი მოახსენეს. მოსკოვიდან კურიერებს უთხრეს, რომ რუსთაველზე მისულიყვნენ, ცენტრალურ შტაბში, სადაც მათ დახმარებას აღმოუჩენდნენ. მოსკოვიდან კი იმ შეიარაღებული დაჯგუფების მეთაურს დაურეკეს, უთხრეს, რომ თუკი პრობლემები არ უნდოდათ, მაშინ ოქრო მოეძებნათ. ამგვარად დაჯგუფების მეთაურმა ბრძანება გასცა, რომ სასწრაფოდ ეპოვათ კოტე ზარქუა და ვანო გიორგაძე, თუნდაც მიწიდან ამოეთხარათ და შტაბში მიეყვანათ. ოქროს გამტაცებლებს მთელ თბილისში ეძებდნენ.

კოტემ და ვანომ კი ეშმაკობა იხმარებს და თბილისისკენ მხოლოდ რუსების დასანახად გაემართნენ, სინამდვილეში კი შემოვლითი გზით დაადგნენ დასავლეთ საქართველოს გზას და სანამ მათ თბილისში ეძებდნენ, ისინი უსაფრთხო ადგილზე ჩავიდნენ. სამიოდე დღის მერე ძებნის არეალი გაფართოვდა, თითქოს კვალსაც მიაგნეს და მათ უკვე ფოთში ეძებდნენ, თუმცა მათი კვალი იქ დაიკარგა და დიდი ძალისხმევის მიუხედავად ვერც ბიჭებს მიაგნეს და ვერც 200 კილოგრამ პარტიულ ოქროს. სავარაუდო ვერსიით, ბიჭებმა საქართველო ბარჟით დატოვეს, მაგრამ რომელ ქვეყანაში გაიტანეს ოქრო, ვერავინ გაარკვია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი