კრიმინალური ისტორიები

როგორ გაიტაცა ქართველმა კრიმინალმა 20 კილოგრამი ოქრო ციმბირიდან

№3

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 26.01, 2023 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ძარცვა

1968 წლის 25 მარტს ურალში, დაბა სევეროურალსკში 33 წლის ვახო ჯანდიერმა ოქროს საბადოს კურიერი გაძარცვა და 20 კილოგრამი ოქროს ნატეხები გაიტაცა. კურიერს ოქრო ტომრით მიჰქონდა და საბადოდან საწყობამდე „უაზით“ 3 კილომეტრი უნდა გაევლო ტყეში. იმ რაიონში ჭაობიანი ტყეები იყო და თუკი ადგილმდებარეობას კარგად არ იცნობდი, ჭაობში დაიხრჩობოდი. ჯანდიერმა კურიერის სავალი გზა ფიჭვის ხით ჩახერგა და იქვე დაიმალა, ხოლო, როდესაც კურიერმა მანქანა გააჩერა და გზის გასათავისუფლებლად გადავიდა, ჯანდიერი მას უკნიდან თავს დაესხა, გათიშა და ტაბელური „ტეტე“ აართვა. ბორკილით საჭეზე მიაბა და 20 კილოგრამი ოქროთი ჩრდილოეთისკენ გაიქცა ტყეში. ვახოს მარშრუტი შესწავლილი ჰქონდა და ჭაობიან ადგილებს გვერდს უქცევდა. მას 3 კილომეტრი უნდა გაევლო და დანიშნულ ადგილზე იურა ხვოსტოვი ელოდებოდა ორი ცხენით. შეხვედრის ადგილზე ოთხი მეტრის სიგანისა და ორი კილომეტრის სიგრძის ჭაობის ზოლი იყო. ამიტომ, ჯანდიერს ეს ბოლო დაბრკოლებაც უნდა გადაელახა. ის ტომარამოკიდებული გარბოდა და ისე დაიღალა, რომ, როდესაც შეხვედრის ადგილზე მივიდა, ძალა გამოცლილი ჰქონდა.

ჯერ ტომარა გადმოაგდე... მერე კი შენ გადმოხტი, - გამოსძახა მას ხვოსტოვმა.

ვახომ ბოლო ძალები მოიკრიბა და 20-კილოგრამიანი ოქროთი სავსე ტომარა 4 მეტრზე გადააგდო, შემდეგ უკან დაიხია, გამოიქცა და ჭაობის ზოლზე გადახტომა სცადა, თუმცა შიგ ჩავარდა.

- მიშველე იურა, - ამოსძახა ვახომ ხვოსტოვს.

ამ დროს შორიდან ძაღლების ყეფის ხმა გაისმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვახოს მდევარი აჯდა კუდზე. ხვოსტოვმა ოქროს ტომარა ცხენის უნაგირზე დაამაგრა, გააჭენა და ჩაილაპარაკა: დაიხრჩობა და უფრო კარგი, არც მოწმე დარჩება და მთელი კუში ჩემი იქნებაო.

გაქცევა

ხვოსტოვს ეგონა, რომ ჯანდიერი ჭაობში დაიხრჩო. თუმცა ის მდევარმა გადაარჩინა და მილიციაში მიიყვანეს. დაკითხვაზე ჯანდიერმა უარყო ძარცვის ფაქტი, მით უმეტეს, რომ კურიერმა ის ვერ ამოიცნო. ვახოს არც ხვოსტოვი ჩაუშვია, თუმცა, მილიცია დარწმუნებული იყო, რომ კურიერი ჯანდიერმა გაძარცვა და რადგან დუმდა, გადაწვვიტეს, მისთვის გაქცევა მოეწყოთ და თვალთვალი დაეწესებინათ. მილიციელები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ჯანდიერი „პაძელნიკს“ დაადგებოდა ოქროსთვის და გატაცებულ ოქროს მიაგნებდნენ. და მართლაც, როდესაც ჯანდიერი საეტაპო მატარებლით სვერდლოვსკში გადაჰყავდათ, ვახო გაქანებული ვაგონიდან გადახტა და ღამის წყვდიადში გაუჩინარდა. თბილისში კი მას უკვე ელოდნენ და სავარაუდო „პაძელნიკებსაც“ უთვალთვალებდნენ. ერთ-ერთი მათგანი იყო იურა ხვოსტოვიც და ის ოცდაოთხსაათიანი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა.

ოქრო

მიუხედავად იმისა, რომ მილიციელების ოპერატიული კომბინაცია უზადოდ იყო დამუშავებული, ჯანდიერი ძალიან დააეჭვა იოლმა გაქცევამ. ამიტომ, თბილისში რომ ჩამოვიდა, ხერხი იხმარა და ერთ-ერთ მამაკაცს, რომელიც მას აღნაგობით ჰგავდა, 100 მანეთი მისცა და სთხოვა, ხვოსტოვის ბინასთან მისულიყო. იატაკის ტილოს ქვეშ ბარათი დადო, რომელზედაც ეწერა: „ერთ საათში ვაკის პარკში ჩვენ ადგილზე“... და უკან გამოსულიყო.

- მე მგონი, ცოლი მღალატობს და ვამოწმებ. ამის შესახებ კი გთხოვ, არავის უთხრაო, - ასე აუხსნა ეს ამბავი ჯანდიერმა დაქირავებულს.

სინამდვილეში კი ვახოს საქციელს ორი მიზანი ჰქონდა. შეემოწმებინა, მართლა ჩასაფრება იყო თუ არა ხვოსტოვთან და ოპერები იქიდან გაეტყუებინა, რომ იურას ბინაში შეპარულიყო.

ჯანდიერმა მილიციის ოპერების გაცურება მოახერხა და იურა ხვოსტოვს ბინაში თავზე წამოადგა. შემდეგ ის აიძულა, რომ ოქრო გამოეჩინა და 20 კილოგრამი ოქროთი სავსე ჩანთით ხვოსტოვის ბინიდან გამოვიდა. გასვლამდე კი ხვოსტოვს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, გათიშა და რადიატორზე მიაბა. ყოველი შემთხვევისთვის, ჯანდიერი სხვენზე ავიდა, ოთხსადარბაზოიანი სახლის პირველ სადარბაზოში გადავიდა მეოთხედან და შეუმჩნევლად დატოვა დიღმის მასივი... როდესაც ყველაფერი გაირკვა, ჯანდიერის ძებნას შეუდგნენ და მისი მოხელთება 4 თვის შემდეგ მოხერხდა, როდესაც ის ოდესაში აპირებდა ოქროს რეალიზაციას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი