კრიმინალური ისტორიები

როგორ გაიშიფრა საერთაშორისო ნარკოსინდიკატი საქართველოში

№31

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 11.08, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.

კოკაინი

1978 წლის ივლისში ოდესაში ტრანსატლანტიკური სატვირთო გემი შევიდა. სხვადასხვა ტვირთთან ერთად იქ 120 ტონა კუბური შაქარი იყო მოთავსებული. ტვირთი 50-კილოგრამიან ტომრებში იყო დაფასოებული, რაც მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით უნდა გაენაწილებინათ. ტომრებს შესაბამისი რეგიონების მარკირება ჰქონდათ. საქართველოში 15 ტონა შაქარი უნდა გაეგზავნათ. 300 ტომარა პატარა სატვირთო გემზე დატვირთეს, რომელმაც ფოთისკენ აიღო გეზი. მანამდე უშიშროების კომიტეტის სპეციალურმა ჯგუფმა ეს ტომრები ფარულად შეამოწმებინეს ნარკოტიკებზე დაგეშილ ძაღლებს და მათი რეაგირების მიხედვით, აშკარა იყო, რომ 50 ტომარაში შაქარში ნარკოტიკები იყო შერეული და ის კოკაინი აღმოჩნდა. ქართული გემის ფარული შემოწმება კი იმ დროს განხორციელდა, როცა მისი ეკიპაჟის წევრები ოდესელ ბორდელში მეძავებთან „გულაობდნენ“. მეძავები კი მათ უშიშროებამ მიუგზავნა. ძალოვნების მიზანი იყო ტვირთის მიმღების ვინაობის დადგენა და კოკაინს ამიტომ არ ახლეს ხელი. „ტავარზე“ კი თვალთვალი დაწესდა და ფოთში მათ მეორე ჯგუფი დახვდა.

ნარკოქსელი

საერთო ჯამში, ფოთში შემოსულ ტომრებში 1 ტონა კოკაინი აღმოჩნდა. იმპორტული შაქარი 24 საათით სპეციალურ საწყობში მოათავსეს. უშიშროების თანამშრომლები ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს „ტავარს“. ფარული კინოკამერით იღებდნენ ყველაფერს და არც ის გამოჰპარვიათ, თუ როგორ განხორციელდა კოკაინის ფხვნილის განცალკევება შაქრისგან, რაც 2 სპეციალურ კუსტარულ დანადგარზე ხორციელდებოდა. ოთხი ადამიანი ელექტრონულ დანადგარზე მთელი ღამის განმავლობაში ცრიდა შაქარს და ნარკოტიკს სხვა 20-20-კილოგრამიან ტომრებში აფასოებდა. შემდგომ კი 50 ტომარა სატვირთო მანქანაში მოათავსეს. ზემოდან ჯერ ცელოფანი, შემდეგ კი ბრეზენტი გადააფარეს და თბილისში ჩაიტანეს. ფქვილად შენიღბული კოკაინი აეროპორტის გზაზე მდებარე მშენებარე კომბინატის ბუნკერში დამალეს. იქ კი კარგად მოწყობილი ლაბორატორია იყო, სადაც კოკაინს ცელოფნის პატარა პაკეტებში ათავსებდნენ და კურიერს ის სოსო მუსტაბაშვილთან, მეტსახელად „კორეასთან“, მიჰქონდა. როგორც შემდეგ გაირკვა, „კორეა“ ყოფილი მილიციელი იყო და ნარკოტიკებს ავრცელებდა. ამ საქმეში კი 15 ადამიანი ჰყავდა ჩართული. დადგინდა ისიც, რომ ნარკომოვაჭრე ფულს უხდიდა მილიციის პოლკოვნიკ ცაიას, რომელიც არა მარტო თვალს ხუჭავდა ამ დანაშაულზე, არამედ ოპერატიულ ინფორმაციებს აწვდიდა „კორეას“. ამგვარად გაიშიფრა საკმაოდ მსხვილი, საქართველოში მოქმედი ნარკოქსელი და უფრო მასშტაბური ოპერაცია დაიგეგმა.

ოპერაცია „შაქარი“

ანტინარკოტიკულ ოპერაციას, მართალია, ქართველი პოლკოვნიკი ომარ ყურაშვილი ატარებდა, მაგრამ ის „ლუბიანკაზე“ „კაგებეს“ სპეციალურ აპარატში მუშაობდა და მკაცრი მითითება ჰქონდა, რომ განსაკუთრებულ განკარგულებამდე თავის თბილისელ კოლეგებს არ დაჰკონტაქტებოდა. მოსკოვში არ გამორიცხავდნენ, რომ ნარკოგამსაღებლებს „კაგებეშიც“ ჰყავდა მფარველი და ინფორმაციის გაჟონვას ერიდებოდნენ. თუმცა, ყურაშვილს მაინც მოუწია თავისი ძალაუფლების გამოყენება (ის თბილისში ინკოგნიტოდ იმყოფებოდა). ერთ-ერთი მისი ხელქვეითი ქართველმა კონტრმზვერავებმა „კორეას“ სახლთან იმ დროს აიყვანეს, როდესაც ის თვალთვალით იყო დაკავებული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ „კორეას“ ქართველი კონტრმზვერავებიც უთვალთვალებდნენ. ამის შედეგად ოპერაცია „შაქარი“ ქართველ ძალოვნებსაც გააცნეს და მათთან გაერთიანდნენ. მოსკოვმა თანხმობა განაცხადა ამ ოპერაციაში ქართველი კოლეგების მონაწილეობაზე. ადგილობრივ უშიშროებას კი ლუბიანკელებზე მეტი ინფორმაცია აღმოაჩნდათ. მათ ფარულად ჰქონდათ ჩაწერილი „კორეას“ სხვადასხვა საუბარი. ერთი შეხედვით, ისინი უწყინარ და მრავალ უმნიშვნელო თემას ეხებოდა, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ ეს დაშიფრული საუბარი იყო, მაგრამ ქართველ კონტრმზვერავებს მათი შინაარსი არ ესმოდათ და გაშიფვრას ცდილობდნენ. ხოლო როდესაც ძალები გაერთიანდნენ და ეს ჩანაწერები ლუბიანკელებს მოასმენინეს, მოსკოველი ძალოვნები გაოცებას ვერ მალავდნენ. ამ საუბარში იყო ყველაფერი – კოლუმბიური კოკაინის მოძრაობის მარშრუტი. გადაზიდვისა და ფულის მოძრაობის სქემები და ყველა მსხვილი ნარკობარონის ვინაობა და ადგილსამყოფელი. როგორც ბოლოს გაირკვა, „კორეა“ უმსხვილესი ნარკომოღვაწე აღმოჩნდა, რომელიც შესანიშნავად ინიღბებოდა წლების განმავლობაში. მიუხედავად დახურული საბჭოთა სისტემისა, ჩაკეტილი საზღვრებისა და „კაგებეს“ მხრიდან ტოტალური თვალთვალისა, „კორეამ“ – სოსო მუსტაბაშვილმა წარმატებულად მოახერხა საერთაშორისო ნარკოქსელში ჩართვა და ამ საწამლავის საქართველოში შემოტანა. ამაში კი მუსტაბაშვილს ოდესელი ნარკოსაქმოსნები ეხმარებოდნენ, რომლებიც მსხვილ საერთაშორისო ნარკოკარტელებზე იყვნენ გასულები. ამ ოპერაციის შედეგად დააპატიმრეს და პასუხისგებაში მისცეს საბჭოეთის 104 მოქალაქე, ხოლო მასალები საზღვარგარეთელ ნარკობარონებზე „კაგებემ“ „ინტერპოლს“ გადასცა. „კორეა“ – სოსო მუსტაბაშვილი კი დახვრიტეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი