კრიმინალური ისტორიები

როგორ გაიშიფრა ქარხანა „პალიოტის“ ქართული ტრიოს თაღლითური სქემა

№2

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 21.01, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი გმირების სახელები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

გულახდილი საუბარი


39 წლის მიხეილ რივკინი იუველირი იყო და თავისი პროფესიით უამრავ ფულს შოულობდა. 1971 წლის 4 მაისს რივკინი ძველი არბატის ერთ-ერთ პრესტიჟულ სახლთან იდგა და აშკარად ვიღაცას ელოდებოდა. საღამოს 20 საათსა და 30 წუთზე ეზოში „ჟიგული“ შემოსრიალდა. სწორედ იქიდან გადმოსულ მამაკაცს მიუახლოვდა რივკინი და უთხრა:
– საღამო მშვიდობისა, თქვენ კოტე ცერცვაძე ხართ, ხომ?
– დიახ, – მიუგო მამაკაცმა რივკინს და დაამატა, – რით შემიძლია, გემსახუროთ?
– თქვენ ხომ ქარხანა „პოლიოტის“ მთავარი ინჟინერი ხართ? – დააზუსტა რივკინმა.
– დიახ. მაგრამ თქვენ ვინ ხართ და დაკითხვას რატომ მიწყობთ? – უპასუხა ცერცვაძემ.
– მოდი, სახლში დამპატიჟეთ და ყველაფერს იქ გეტყვით, – უთხრა რივკინმა ცერცვაძეს და თანხმობა რომ მიიღო, მასთან ერთად ავიდა მეოთხე სართულზე, სადაც მარტოხელა ცერცვაძე ცხოვრობდა.
– აბა, ბრძანეთ, ვინ ხართ და რით შემიძლია, გემსახუროთ, – თქვა ცერცვაძემ და რივკინის პირისპირ სავარძელში მოკალათდა.
იუველირი მასპინძელს წარუდგა. შემდეგ ჯიბიდან ორი ცალი „პოლიოტის“ ქარხნის მაჯის საათი ამოიღო. მასპინძელს წინ დაუდო და უთხრა:
– ეს ორი საათი აბსოლუტურად ერთნაირია და მხოლოდ ის განსხვავებაა მათში, რომ მარცხენა საათს ოქროს შტამპი არტყია, მარჯვენას კი – არა. შესაბამისად, ყალბი ოქროს საათი 85 მანეთი ღირს, ხოლო უბრალო – 20 მანეთი. ერთი სიტყვით, აფერა სახეზეა და დავუშვათ, თუ ასეთი ათასი ცალი საათი დამზადდა, მაშინ 10 კილოგრამი ოქროა მოპარული.
– გაცილებით მეტი, – სიტყვა გააწყვეტინა ცერცვაძემ რივკინს და დაამატა – 50 კილოგრამი ოქრო. მაინც, რა გნებავთ?
როგორც რივკინმა მასპინძელს განუმარტა, იუველირი ყოველი კვარტლის ბოლოს ხუთასამდე ოქროს „პოლიოტს“ ყიდულობდა, რომელთაგან თითოეულში 10 გრამი ბაჯაღლო ოქრო იყო. შემდეგ ამ ოქროს აცლიდა, მათგან სხვადასხვა სამკაულს ამზადებდა და სარფიანად ყიდდა. მისი მოგება კი ათმაგს აღწევდა, ანუ 42 ათას 500 მანეთის დანახარჯი ჰქონდა და 420 ათასს იგებდა. ეს რომ განმარტა, იუველირმა ცერცვაძეს უთხრა:
– იცით, მე არ მაინტერესებს, რას მაქინატორობთ ქარხანაში და ღმერთმა შეგარგოთ ეს თანხა. თუმცა, მე ჩემი ამინაზღაურეთ და ან 42 ათას 500 მანეთი მომეცით ან 2 500 გრამი ბაჯაღლო ოქრო. მე მგონი, სამართლიანი მოთხოვნაა, ხომ?
– კარგი. მართალს ბრძანებთ. ერთ კვირაში გამომიარეთ და ოქროს მოგცემთ. გაწყობთ? – უთხრა ცერცვაძემ სტუმარს და მისი თანხმობა რომ მიიღო, სახლიდან გაისტუმრა.


თაღლითური კომბინაცია

მოსკოვის საათების ქარხანა „პოლიოტში“ ორი ერთნაირი საათი მზადდებოდა და მათში განსხვავება მხოლოდ იმაში იყო, რომ 20-მანეთიანი უბრალო საათი იყო, 85-მანეთიანი კი – ოქროს ძირითადი კორპუსითა და ციფერბლატით, რაც საერთო ჯამში, 10 გრამ ბაჯაღლო ოქროს შეადგენდა. საათის გასაყიდად გაშვებამდე ის ჯერ პატარა კონვეირზე ეწყობოდა, შემდეგ მას კატეგორიას ანიჭებდნენ და ბოლოს მაღაზიებში შეჰქონდათ. ამწყობლებს მზა დეტალები მისდიოდათ, რომლებსაც შესაბამისი შტამპი ერტყათ და ამ ცეხის უფროსი ვანო ლომიძე იყო. ტექნიკურ კონტროლს გივი პაიჭაძე ხელმძღვანელობდა და სანამ „ოქროს“ საათებს ქსელში გაუშვებდნენ, საბოლოო დოკუმენტაციას კოტე ცერცვაძე აწერდა ხელს. ამ თაღლითურ სქემაში ჩართული ქართველები ამ ხერხით იპარავდნენ ოქროს და შემდგომ მას ერთმანეთში იყოფდნენ. ამგვარად, 1971 წლის პირველ კვარტალში მათ 5 ათასი ცალი ყალბი ოქროს საათი გაყიდეს და 50 კილოგრამი ოქრო მოიპარეს. რომ არა იუველირი რივკინი, ეს აფერა, ალბათ, კიდევ დიდხანს არ გამჟღავნდებოდა, მაგრამ რადგან ასე მოხდა, ცერცვაძემ „პაძელნიკები“ შეკრიბა და იმაზე ბჭობას შეუდგნენ, თუ რა ეღონათ.


კრიმინალური კვარტეტი

მას მერე, რაც ცერცვაძემ და კამპანიამ ოთხი საათი იმსჯელეს, გადაწყდა, რომ იუველირი საქმეში ჩაერთოთ და მისი ბიზნესი გაეფართოებინათ, ხოლო შემოსავალი კი ოთხად „გაეტეხათ“. ანუ ქარხნიდან მოპარული ოქრო „გაეცოცხლებინათ“ და იუველირს უფრო მეტი პროდუქცია ეწარმოებინა. საჭირო იყო მხოლოდ იუველირის თანხმობა. ცერცვაძემ მიხეილ რივკინი მეორე დღეს დაიბარა და მას თავისი მეგობრები შეახვედრა. იუველირმა რომ მათი წინადადება მოისმინა, ძალიან მოეწონა და შეთავაზებაზე დათანხმდა. ერთი კვირის შემდეგ კი კრიმინალური ტრიო კრიმინალურ კვარტეტად გადაიქცა, რომელიც 2 წლის განმავლობაში წარმატებით მოღვაწეობდა და მხოლოდ მას მერე გაიშიფრა, როდესაც 1973 წლის 19 მაისს რივკინს საკუთარ ბინაში ბანდიტები დაესხნენ თავს. ეს კი ასე მოხდა – მოსკოვის ცნობილი ბანდა, რომელსაც რეციდივისტი ანტიონ კროშინი მეთაურობდა, მოუხელთებელი იყო და ამ რვაკაციან კრიმინალურ დაჯგუფებას მილიცია კუდზე აჯდა. 18 მაისს „მურში“ შეტყობინება შევიდა, რომ კროშინის „ბიჭები“ საქმეზე „ჩალიჩობდნენ“ – იუველირ რივკინს უნდა დასხმოდნენ თავს. ამიტომ მოეწყო ჩასაფრება. კრიმინალები რივკინს „ესტუმრნენ“, ხოლო ბინიდან რომ გამოვიდნენ, ისინი მილიციამ სადარბაზოშივე აიყვანა. ხოლო, როდესაც მათი ნაქურდალი ნახეს, საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ – ბანდიტებს 20 კილოგრამი ოქრო ჰქონდათ წამოღებული. მეორე დღეს მილიცია რივკინს ჩხრეკის ორდერით მიადგა და მის ბინაში კიდევ 10 კილოგრამი ოქრო აღმოაჩინეს. გამოძიება „კაგებემ“ ჩაიბარა. აღიძრა საქმე და კრიმინალური კვარტეტის სამი წევრი დააპატიმრეს, ხოლო ცერცვაძემ კი მიმალვა მოახერხა და თან 20 კილოგრამი ოქრო გაიტაცა. თავდაპირველად კრიმინალურ კვარტეტს დახვრეტა მიუსაჯეს, მათ შორის მიმალურ ცერცვაძეს – დაუსწრებლად. თუმცა, შემდგომ დაპატიმრებულ სამეულს სასჯელი 15 წლამდე შეუმცირეს და ტრიო 1989 წელს გათავისუფლდა ციხიდან. რაც შეეხება ცერცვაძეს, მან თავის დაძვრენა მოახერხა და 1990 წელს შორეულ აღმოსავლეთში კოოპერატივი „პოლიოტი“ შექმნა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი