კრიმინალური ისტორიები

როგორ გაიხსნა უნიკალური მარკის გატაცების საქმე

№44

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 11.11, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი გმირის სახელი შეცვლილია და მასთან ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ანდერძი

1969 წლის მარტში 79 წლის ასაკში ცნობილი ფილატელისტი აკაკი გრძელიძე გარდაიცვალა. გარდა იმისა, რომ მას მარკების უძვირფასესი და უნიკალური კოლექცია ჰქონდა, იშვიათ და ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ მარკას ფლობდა, სახელწოდებით – „ზამთრის სასახლე“. ეს იყო ცნობილი გრავიორის – ჯონ ოგასტეს ატკინსონის მიერ შექმნილი 4X6 სანტიმეტრის ზომის ნამუშევარი, რომელიც 58 წლის ხელოვანმა 1833 წელს, გარდაცვალებამდე სამი თვით ადრე სულ ორი ცალი დაამზადა. მას მარკის ნიმუშები რუსეთის საიმპერატორო სახლმა შეუკვეთა. ისინი შემდგომ დიდი ტირაჟით უნდა დაბეჭდილიყო. თუმცა, ატკინსონმა მხოლოდ 2 ცალი დაამზადა. მარკები 200 ათას დოლარად იყო შეფასებული და ერთი ცალი ლენინგრადის „ერმიტაჟში“ ინახებოდა. მეორე კი აკაკი გრძელიძეს მამამისმა, დიმიტრი გრძელიძემ დაუტოვა, რომელიც ასევე ფილატელისტი იყო და 1916 წელს გარდაიცვალა. ხოლო თუ როგორ ჩაიგდო მან ხელში ეს მარკა, უცნობი იყო. საბჭოთა პერიოდის დროს აკაკი გრძელიძეს არა ერთმა მუზეუმმა შესთავაზა სოლიდური თანხა მარკის სანაცვლოდ, მაგრამ მან ყველა უარით გაისტუმრა. ასეთივე ცივი უარი უთხრა მან თავის მდიდარ კოლეგა კოლექციონერებს, რომლებიც მას ასტრონომიულ თანხებს სთავაზობდნენ. იმით შეშინებული, რომ აკაკი გრძელიძე მარკას გაყიდდა, სახელმწიფომ მას ხელშეკრულება გაუფორმა, რომ ეს უნიკალური მარკა სხვის ხელში არ გადავიდოდა და მხოლოდ მის მფლობელობაში იქნებოდა. თანაც საგულდაგულოდ შეინახავდა. საამისოდ მას ცეცხლგამძლე სეიფი გადასცეს. ამასთან, შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტი მას ყოველი წლის ბოლოს აკითხავდა და მარკის დაცულობას ამოწმებდა. აკაკი გრძელიძე ლოგინად იყო ჩავარდნილი და გარდაცვალებამდე სამი თვით ადრე ანდერძი შეადგინა. მასში მითითებული იყო, რომ მთელ თავის კოლექციას საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს უტოვებდა. ხოლო „ზამთრის სასახლეს“ კი – ლენინგრადის „ერმიტაჟს“, სადაც პირველი მარკა ინახებოდა. სავარაუდოდ, ლოგინად ჩავარდნილი ცნობილი კოლექციონერი აიძულეს, რომ მსგავსი ანდერძი დაეწერა. მით უმეტეს, რომ თარიღი იმ დროს ემთხვეოდა, როდესაც მისი ერთადერთი ვაჟი გურამ გრძელიძე მოსკოვში იმყოფებოდა.

გამოძიება

27 მარტს მარკის შესამოწმებლად გრძელიძეებთან უფლებამოსილი პირი იყო მისული. 4 აპრილს კი გურამ გრძელიძემ მილიცია გამოიძახა და შეატყობინა, რომ ცეცხლგამძლე სეიფი გაძარცული იყო და უნიკალური კოლექცია კი – გატაცებული. მათ შორის „ზამთრის სასახლეც“. მილიციის ვიზიტის დროს გარდაიცვალა 79 წლის აკაკი გრძელიძე. მოხუცი 4 დღეში დაკრძალეს. მილიცია კი ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდა. გამომძიებლები რამდენიმე ვერსიაზე მუშაობდნენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსია ძარცვის ინსცენირება იყო და ეჭვი გურამ გრძელიძეზე ჰქონდათ. სეიფის კოდი და ერთი გასაღები, სწორედ, გურამს ჰქონდა. თუმცა, ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ სეიფი გასაღებით კი არა, „ატმიჩკით“ იყო გაღებული. თითების ანაბეჭდები არსად აღმოჩნდა და აშკარა იყო, რომ პროფესიონალი „მედვეჟატნიკი“ მოქმედებდა. თავდაპირველად გურამ გრძელიძე დააკავეს და როგორც საბჭოთა მილიციელებს სჩვეოდა, 39 წლის კაცს „წაარტყეს“ კიდეც. თუმცა, გურამი უარყოფდა ამ დანაშაულში მონაწილეობას და ის 48-საათიანი პატიმრობის მერე გაუშვეს. გამომძიებლებმა დაჰკითხეს და შეამოწმეს „სვაბოდაზე“ მყოფი ყველა ქართველი „მედვეჟატნიკი“, მაგრამ მათ მტკიცე ალიბი ჰქონდათ. იმავდროულად, საგულდაგულოდ გაჩხრიკეს გრძელიძეების ბინა, მთელი სახლი, მაგრამ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს და გამოძიება ჩიხში შევიდა. მიუხედავად ამისა, გამოცდილი გამომძიებელი კოტე ერქომაიშვილი იხტიბარს არ იტეხდა და იმედი ჰქონდა, რომ ამ საქმეს გახსნიდა.

უნიკალური მარკა

1969 წლის 12 მაისს გურამ გრძელიძე მოსკოვში გადაფრინდა. საღამოს 8 საათი იყო, როდესაც აეროპორტში ტაქსი აიყვანა და ქალაქის ცენტრისკენ გაემგზავრა. შემდგომ მანქანა მთავარ „ფოსტამტთან“ გააჩერა, მძღოლს ფული გადაუხადა და გაუშვა. „ფოსტამტში“ რომ შევიდა, მოთხოვნამდე წერილების განყოფილებას მიაშურა, თანამშრომელს პასპორტი უჩვენა და თბილისიდან გამოგზავნილი წერილი წაიღო. ქუჩაში ისევ ტაქსი გააჩერა და გორკის სახელობის პარკისკენ გაემგზავრა. საღამოს 10 საათი სრულდებოდა. გურამი სკამზე იჯდა და გაჩახჩახებულ „ეშმაკის ბორბალს“ გასცქეროდა. ამ დროს მას ახალგაზრდა, სათვალიანი მამაკაცი მიუჯდა გვერდით და უცხოელისთვის დამახასიათებელი აქცენტით უთხრა:

– მოიტანეთ?

– თქვენ? – კითხვა შეუბრუნა გურამმა.

– 50 ათასი მანეთი ჯიბეში მიდევს. მარკა მომეცით და ფულს მიიღებთ, თქვა უცხოელმა.

გურამმა უცხოელს ფოსტამტიდან წამოღებული წერილი გაუწოდა და უთხრა:

– აი, ამ ოთხკაპიკიანი მარკის ქვეშაა და ფრთხილად მოეპყარით.

უცხოელმა კონვერტი გამოართვა. 50 ათასი მანეთიანი შეკვრა მისცა და წასასვლელად მოემზადა. თუმცა მოულოდნელად იქ მილიციის ოპერჯგუფი გაჩნდა და მათ გურამ გრძელიძე და ბრიტანელი უილიამ ჯონსი დააპატიმრეს. როგორც გურამმა აღიარა, ძარცვის ინსცენირება მან მოაწყო და საამისოდ მოსკოველი „მედვეჟატნიკი“ ფიოდორ ლაგუნსკი დაიქირავა, რომელსაც 2 ათასი მანეთი გადაუხადა. გურამისვე აღიარებით, მამამისის კოლექცია დაწვა, ხოლო „ზამთრის სასახლე“ კი დაზღვეულ წერილს დააკრა და მოსკოვში გაგზავნა.

გურამ გრძელიძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. უნიკალური მარკა კი „ერმიტაჟში“ გაამწესეს თავისი ტყუპისცალის გვერდით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი