კრიმინალური ისტორიები

როგორ გაიხსნა თბილისში ფიდელ კასტროს მკვლელობის მცდელობის საქმე

№52

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 05.01, 2023 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კუბის რევოლუციის ლეგენდარული ლიდერი ფიდელ კასტრო გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი ტერორისტული თავდასხმების რაოდენობის მხრივ. მასზე ათასამდე ტერაქტი იქნა დაგეგმილი, მაგრამ ყველა წარუმატებელი აღმოჩნდა. ერთ-ერთი ასეთი მცდელობა თბილისშიც იყო და ჩვენს პუბლიკაციაში სწორედ მასზე მოგითხრობთ... ზოგიერთი გმირის ვინაობა შევცვალეთ და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

ძვირფასი სტუმარი

ფიდელ კასტრო 1963 წლის მაის-ივნისში საბჭოთა კავშირს ესტუმრა. ვიზიტი არაოფიციალური და ხანგრძლივი იყო. ამიტომ, პროტოკოლი წინასწარ არ შედგენილა და ძვირფასი სტუმრის გადაადგილება უზარმაზარ ქვეყანაში, ფაქტობრივად, სპონტანური იყო. ხშირ შემთხვევაში, კასტროს ამ ვოიაჟის დროს ნიკიტა ხრუშჩოვიც ახლდა, რომელიც მაშინ სსრკ-ის გენერალური მდივანი იყო. ამ სპონტანურობის გამო, უშიშროების სამსახური ზღვარზე მუშაობდა და საქმეში საუკეთესო ძალები იყო ჩართული. 31 მაისს, შუაღამეს გახდა ცნობილი, რომ მომდევნო დღეს კასტრო და ხრუშჩოვი სოჭიდან თბილისში მატარებლით გამოემგზავრებოდნენ. სოჭამდე კი კასტრო და ხრუშჩოვი აფხაზეთში იმყოფებოდნენ. კასტროს იქ ფანტასტიკური პატივი სცეს და კუბის ლიდერი აღფრთოვანებული იყო ამით. თუმცა, ხრუშჩოვი იქ ღორივით გამოთვრა. „კაგებეს“ მკაცრი მითითება ჰქონდა მიცემული, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორებულიყო და როდესაც სტუმრებს სუფრას უწყობდნენ, ხრუშჩოვს უალკოჰოლო სასმელს ასმევდნენ, რომელსაც მხოლოდ სუნი ჰქონდა და გრადუსი - არა. 1 ივნისს, საღამოს სტუმრები საქართველოს დედაქალაქში ჩამოვიდნენ და ისინი კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში განათავსეს.

ღონისძიებათა ნუსხა

1 ივნისის ღამეს შედგა იმ ღონისძიებების ნუსხა, რაც 2 ივნისს უნდა განხორციელებულიყო: დილის 11 საათზე კასტრო და ხრუშჩოვი პიონერთა სასახლეში უნდა დასწრებოდნენ კონცერტს. ამის მერე კასტრო ლენინის მოედანზე შეკრებილი აუდიტორიის წინ გამოვიდოდა სიტყვით. საღამოს კი კასტრო და ხრუშჩოვი საბაგირო ტრამვაით ფუნიკულიორზე ავიდოდნენ და რესტორანში ივახშმებდნენ. 2 ივნისის ღამის 01 საათსა და 40 წუთზე ეს ნუსხა უკვე „კაგებეს“ თავმჯდომარეს, ალექსი ინაურს მიუტანეს და უსაფრთხოების ზომები მას უნდა გაეტარებინა. გენერალს უკვე მეორე ღამეა, არ ეძინა. მან თათბირი ჩაატარა და ხელქვეითებს უთხრა: სანამ სტუმრები აქ იქნებიან, მათ შეუმოწმებელი ადამიანი სათოფეზეც ვერ უნდა მიეკაროს. ხოლო, რუსთაველის გამზირი, ლენინის მოედანი და მთაწმინდისა და ფუნიკულიორის პერიმეტრები ისე გადაკეტეთ, რომ იქ ჭიანჭველაც ვერ გაძვრესო... საქართველოს „კაგებემ“ მთელი თავისი რესურსი გამოიყენა ინაურის ბრძანების შესასრულებლად და საქმეში მილიციაც აქტიურად ჩართეს. 2 ივნისს კი დილის 10 საათსა და 30 წუთზე მხატვრის სახლის ჰოლში „კაგებემ“ 47 წლის ოთარ ალიმბარაშვილი დააკავა.

საჯაშუშო-დივერსიული ქსელი

ოთარ ალიმბარაშვილი სამოქალაქო სამოსში გამოწყობილმა „კაგებეს“ კაპიტანმა შალვა როგავამ დააკავა. სარეჟიმო მდგომარეობის გამო მხატვრის სახლში შესვლა მხოლოდ სპეციალური საშვებით იყო ნებადართული. ალიმბარაშვილმა საშვი წარმოადგინა. თუმცა, ის ძველი აღმოჩნდა, ახალი საშვები კი დილის 9 საათზე შეიცვალა. მხატვრის სახლში შემსვლელთა სია შეზღუდული იყო და მხოლოდ მათ გამოუწერეს ახალი საშვები. ეს ალიმბარაშვილმა არ იცოდა. თან, მხატვრად ასაღებდა თავს და ამაზე „დაიწვა“... დაკავებული იქვე, შენობის პირველ სართულზე მოწყობილი ოპერატიული შტაბის ოთახში დაკითხეს და „ჩეკისტების“ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ოთარ ალიმბარაშვილმა აღიარა, რომ მას ფიდელ კასტრო უნდა მოეკლა სნაიპერული შაშხანით შენობის მესამე სართულის ოთახიდან. მაყუჩიანი შაშხანა მითითებული ოთახის სამალავში აღმოჩნდა. სამალავი კი ფანჯრის ნიშაში იყო მოწყობილი და შაშხანაც სწორედ იქ იდო დაშლილ მდგომარეობაში... ეს ინფორმაცია კონტრდაზვერვამ უკვე 11 საათსა და 20 წუთზე იცოდა. ამიტომ, კასტროს გამოსვლა ლენინის მოედანზე და ვახშამი ფუნიკულიორზე გააუქმეს უსაფრთხოების მოსაზრებით, მოსკოვიდან თბილისში კი სპეციალური ოპერატიული ჯგუფი ჩამოფრინდა და გადაუდებელი ღონისძიებები ჩატარდა. 2 ივნისის ღამეს თბილისსა და მოსკოვში ორი სპეცოპერაცია ჩატარდა და გამოვლინდა საჯაშუშო-დივერსიული ჯგუფი. დააპატიმრეს 5 ადამიანი. გაირკვა, რომ ოთარ ალიმბარაშვილი 1943–1945 წლებში ფაშისტურ „ზონდერჯგუფში“ ირიცხებოდა. შემდგომ ის ამერიკელებს ჩაუვარდათ ხელში. „ცეერუმ“ გადაიბირა და „დააკონსერვა“... ოთარ ალიმბარაშვილი გაასამართლეს და 15 წელი მიუსაჯეს სამშობლოს ღალატისა და მკვლელობის მცდელობისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი