კრიმინალური ისტორიები

როგორ გაიხსნა თბილისში მოქმედი ყალბი დოლარების საქმე

№11

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 25.03, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი გმირების გვარები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

საიდუმლო აგენტი

1973 წლის 6 აპრილს თბილისში, ვაკეში მდებარე ახლადაშანებული კორპუსის ხუთოთახიან ბინაში ამერიკელი ტურისტი უოლტ ჰოლიდეი დააკავეს. ოპერაცია მოსკოვიდან მივლინებულმა „კაგებეს“ საგანგებო ჯგუფმა განახორციელა, რომელსაც ზურგს ადგილობრივი კონტრმზვერავები უმაგრებდნენ. ბინა ანზორ ზალდასტანიშვილს ეკუთვნოდა, სადაც ქართველი ფიზიკოსი მარტო ცხოვრობდა. პროფესორი ზალდასტანიშვილი სამხედრო-სარაკეტო სფეროში მოღვაწეობდა. „კაგებე“ ამერიკელ ტურისტს ტოტალურად უთვალთვალებდა, ისე, როგორც ეს საბჭოეთის პერიოდში იყო მიღებული. ჰოლიდეის ასე სწრაფად დაკავება იმან გამოიწვია, რომ ქართველი ფიზიკოსის სტატუსიდან გამომდინარე არ იყო გამორიცხული უცხოელს მისი ლიკვიდაცია განეხორციელებინა. ამერიკელი ისე ოსტატურად დააკავეს, რომ ის გაოცებას ვერ მალავდა. პროფესორი ანზორ ზალდასტანიშვილი კი ძალიან შეშინებული იყო და „კაგებეს“ თანამშრომლებს მისი ნიშადურით მოსულიერებაც კი დასჭირდათ. დაკავებული ამერიკელი მთაწმინდაზე, საქართველოს „კაგებეს“ შტაბ-ბინაში მიიყვანეს და მოსკოველ პოლკოვნიკს ოლეგ მურავიოვს წურუდგინეს.

– აქ სამტროდ არ ჩამოვსულვარ – მე შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის აგენტი ვარ... – განუცხადა ამერიკელმა მას.

კვალს გამოყოლილი

34 წლის ამერიკელი ტურისტი, სინამდვილეში, ჯონ პარკერი იყო და მართლაც, შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის აგენტი. ამან საბჭოთა კონტრმზვერავებში გაკვირვება გამოიწვია, რადგან ამ უწყების თანამშრომლების მთავარ მოვალეობას შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და სხვა მაღალჩინოსნების დაცვა წარმოადგენდა. თუმცა მათ საქმიანობაში, აგრეთვე, ყალბი ფულის მჭრელებთან ბრძოლაც შედიოდა. ჯაშუშობა კი ნამდვილად არ ევალებოდათ. პარკერმა ყურადღებით მოუსმინა მურავიოვს და უთხრა:

– მე თქვენს ქალაქში ყალბი დოლარების მჭრელის კვალმა მომიყვანა და პროფესორსაც ამის გამო ვესტუმრე.

– ალბათ, იქ ფულის საჭრელ დაზგას ეძებდით, – ირონიით უთხრა ამერიკელს საბჭოთა პოლკოვნიკმა.

– სულაც არა, ბატონო პოლკოვნიკო. უბრალოდ, მე მსურდა მისგან გამეგო, თუ საიდან ჰქონდა ის ყალბი ოთხასი დოლარი, რომელიც მან უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დახარჯა, – თქვა ამერიკელმა.

როგორც გაირკვა, ერთი თვით ადრე, ზალდასტანიშვილი ხუთი დღე ბუდაპეშტში სამეცნიერო კონფერენციაზე იმყოფებოდა. მას კი იქ, ადგილობრივ საკომისიო მაღაზიაში იაპონური მაგნიტოფონი შეუძენია, რაშიც ყალბი დოლარები გადაუხდია. შემდგომ ეს დოლარები უნგრულ ბანკში აღმოჩნდა. იქ ეს თანხა გაშიფრეს და მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი საბჭოთა ბლოკს წარმოადგენდა, ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს აცნობეს. სწორედ, ამიტომ დაიწყო გამოძიება. საქმეში ჯონ პარკერი ჩართეს და კვალმა ის თბილისში ჩამოიყვანა. თხრობის ბოლოს პარკერმა საბჭოთა კონტრმზვერავებს უთხრა:

– რა თქმა უნდა, ჩემს ქმედებებში ზოგი რამის გაკეთება არალეგალურად მომიხდა, მაგრამ იმედია, საერთო ენას გამოვნახავთ.

პროფესორის ჩვენება

პარკერის სიტყვები ამერიკის შეერთებული შტატების მოსკოვის საელჩოშიც დაადასტურეს. ამიტომ ამერიკელის წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიებები არ გამოუყენებიათ და მოსკოვში დააბრუნეს. ანზორ ზალდასტანიშვილი კი სასწრაფოდ მიიყვანეს დაკითხვაზე და მან თქვა:

– ოთხას ორმოცდაათი ამერიკული დოლარი ჩემი კოლეგისგან, მარლენ კუპრავასგან შევიძინე. უფრო სწორად, მან მაყიდინა, რომ უნგრეთში წამეღო და იქ რაიმე დეფიციტური ნივთი მეყიდა და მეც იაპონური მაგნიტოფონი ვიყიდე.

მარლენ კუპრავაც ფიზიკოსი იყო და როდესაც ის მოიკითხეს, აღმოჩნდა, რომ სწორედ, წინა დღით გამგზავრებულიყო პოლონეთში, სამდღიან სამეცნიერო სემინარზე. „კაგებემ“ ქართველი ფიზიკოსი კუპრავა ვარშავიდან სასწრაფოდ მოსკოვში დააბრუნა. ის ჯერ არ აღიარებდა, რომ დოლარებს ყიდულობდა. ბოლოს კი ზეწოლას ვეღარ გაუძლო და თქვა:

– დოლარებს ჩემი კათედრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის, ვანო კაკაბაძისგან ვყიდულობო.

ყალბი ფულის მჭრელი

კაკაბაძესთან რომ „კაგებე“ მივიდა, აღმოჩნდა, რომ ყალბ ვალუტას ისიც სხვისგან ყიდულობდა და მხოლოდ უცხოეთში წამსვლელ ადამიანებზე ყიდდა. კონტრმზვერავები, საბოლოოდ, 51 წლის ომარ ქარსელაძეს მიადგნენ. ის თბილისის საავიაციო ქარხნის უმაღლესი კატეგორიის ინჟინერი იყო და ცოლ-შვილთან ერთად სოფელ ოქროყანაში ცხოვრობდა. სწორედ, იქ, ორსართულიანი სახლის სარდაფში აღმოაჩინეს საბჭოთა კონტმზვერავებმა ყალბი დოლარების საჭრელი მანქანა, ასევე, სხვა მოწყობილობები. იქვე ამოიღეს 26 ათასი ყალბი დოლარი და მასალები. როგორც ომარ ქარსელაძემ განაცხადა, ფულის საჭრელი დაზგა მან ქარხანაში ააწყო და ამ საქმიანობას 10 წელი მოანდომა. ის ნელ-ნელა შეუმჩნევლად და ძალიან შენიღბულად ზიდავდა დაზგის ნაწილებს სახლში. როგორც გაირკვა, ქარსელაძეს პოლიგრაფიული ცოდნაც ჰქონდა მიღებული და საუცხოოდ ერკვეოდა ბეჭდვის საქმეში. მან დოლარების ქაღალდის დამზადების ტექნოლოგიაც თავადვე შეიმუშავა, საღებავებსაც თვითონ ქმნიდა. მისი ყალბი ბანკნოტები კი იმდენად მაღალი ხარისხის იყო, რომ მხოლოდ სპეციალური ტექნიკით თუ განირჩეოდა ნამდვილისგან. ქართველი ყალბი ფულის მჭრელი გაასამართლეს და პირობითად 6 წელი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა ის „კაგებემ“ აიყვანა სამუშაოდ. ქარსელაძე მათ სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა.

P.S. ომარ ქარსელაძე 77 წლის ასაკში 1990 წელს გარდაიცვალა მოსკოვში. მის მიერ რუსეთში დაარსებული ერთ-ერთი ცნობილი პოლიგრაფიული ფირმა დღესაც ფუნქციონირებს, რომელსაც მისი შვილიშვილი ხელმძღვანელობს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი