კრიმინალური ისტორიები

როგორ გაიხსნა მკვლელობისა და ძარცვის საქმე თბილისში

№50

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 22.12, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

გასაგები მიზეზების გამო პუბლიკაციის მთავარი გმირების ვინაობები შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

ორი განცხადება

1977 წლის აპრილში თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური რაიონის მილიციაში მოქალაქე ბესარიონ ვალერიანის ძე გოდაბრელიძის განცხადება შევიდა მეუღლის დაკარგვის თაობაზე. 32 წლის განმცხადებელი წერდა, რომ მისი ცოლი, 29 წლის ლიანა ამბაკოს ასული გულია, სამი დღეა, რაც სახლში არ მოსულა. ყველგან გავიკითხე და რომ ვერსად აღმოვაჩინე, მილიციას მოვმართეო. განცხადება უფროს ლეიტენანტ გივი ბუცხრიკიძეს დააწერეს. მან გოდაბრელიძე დაჰკითხა და მორიდებით უთხრა:

– ბოდიშს გიხდით, ამხანაგო ბესარიონ, მაგრამ ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რაღაცის თქმა გინდათ და არ ამბობთ.

გოდაბრელიძე გაწითლდა. სიგარეტი გააბოლა და ბუცხრიკიძეს უთხრა:

– ლიანა 25-ში სახლში არ მოვიდა და ვიფიქრე, იმ ნაძირალასთან ერთადაა-მეთქი. ჩემი ცოლი მოლარეა და 15 აპრილს მითხრა, ვაჟა ბაქანიძე მიყვარს, შენ უნდა და გაგშორდე და მას გავყვე ცოლადო. ეგ ვაჟა ბაქანიძე კი იმ საწარმოს მთავარი ბუღალტერია, სადაც ჩემი ცოლი მოლარედ მუშაობს. მეორე დღესვე ჩემს მეგობართან გადავსახლდი. ის ჩვენ წინ ცხოვრობს და ჩვენი ბინის ფანჯრები ერთმანეთს უყურებს. მართალია, სახლიდან წამოვედი, მაგრამ ფანჯრიდან სულ ჩემი ბინისკენ ვიყურებოდი, ლიანას ვაკვირდებოდი, როდის წავა-მეთქი. 25-ში დილით სამსახურაში წავიდა და იმ ღამეს სახლში არ დაბრუნებულა. ალბათ, წავიდა, ვაჟასთან-მეთქი. შემდგომი ორი ღამეც არ გამოჩენილა და მეოთხე დილას სახლში დავბრუნდი. ეზოში ვაჟა არ შემეფეთა? აღელვებული იყო და ლიანა იკითხა. სამი დღეა არ გამოჩენილა-მეთქი. არც სამსახურში მოსულა და იმიტომ ვიკითხეო, – მითხრა და წავიდა. აი, სულ ესაა და ჩემს თავს რა ხდება, იქნებ გამაგებინოთ?

– ნუ ღელავთ, ბატონო ბესარიონ. ძებნას გამოვაცხადებთ და ყველაფერი კარგად იქნება. თქვენ კი წადით, დამშვიდდით და როგორც კი რაიმე სიახლე იქნება, შეგატყობინებთ, – მიუგო გამომძიებელმა გოდაბრელიძეს და გაისტუმრა.

იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მთავარი ბუღალტრის, ვაჟა ბაქანაძის განცხადება შევიდა, რომელშიც ის ორგანოებს აცნობებდა, რომ 25 აპრილს სალაროდან 65 ათასი მანეთი გაქრა. გასაღები კი ლიანა გულიას – მოლარეს ჰქონდა. არც მოლარე ჩანს და ზომები მიიღეთო. ეს ინფორმაცია რაიონულ მილიციაში გადაგზავნეს და როდესაც გამქრალი მოლარის მეუღლის განცხადების ამბავიც გაირკვა, ბესარიონ გოდაბრელიძე დაკითხვაზე უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

კვანძის გახსნა

სამინისტროში ფულის გაუჩინარების საქმეს მაიორი ლევან ჯოხაძე იძიებდა. მას უკვე წაკითხული ჰქონდა გოდაბრელიძის განცხადება და გივი ბუცხრიკიძემაც გოდაბრელიძესთან საუბრის შინაარსი თავის უფროს კოლეგას გადასცა. ამიტომ, მაიორი თანაგრძნობით იყო განწყობილი გოდაბრელიძისადმი. ჯოხაძეს მთავარი ბუღალტერიც ჰყავდა დაბარებული და სანამ მაიორი გოდაბრელიძეს ესაუბრებოდა, ვაჟა ბაქანიძე მეორე ოთახში იცდიდა.

– ესე იგი, თქვენი მეუღლე ბაქანიძესთან აპირებდა წასვლას, რადგან მასთან ინტიმური ურთიერთოჰა ჰქონდა, – თქვა მაიორმა.

– დიახ, – დაადასტურა სახეაწითლებულმა გოდაბრელიძემ.

– ამხანაგო ბესარიონ, ბაქანიძესთან რომ დაგაპირისპიროთ, თანახმა ხართ? – იკითხა მაიორმა.

– თუ ეს გამოძიებას სჭირდება, დიახ. – ზიზღით თქვა გოდაბრელიძემ.

– მესმის თქვენი, მაგრამ ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავოთ. ეს რომ გამოძიებისთვის არ იყოს საჭირო, ნამდვილად არ გეტყოდით, – თქვა მაიორმა და ბაქანიძის შემოყვანა ბრძანა.

მთავარმა ბუღალტერმა რომ გოდაბრელიძე დაინახა, არ ესიამოვნა და შეეცადა, არ შეემჩნია. დაკითხვის დროს კი, როდესაც მას მაიორმა ჰკითხა, ლიანა გულია თქვენი საყვარელი იყოო, ბაქანიძე გაფითრდა, მაგრამ ეს ფაქტი უარყო. დაპირისპირების შემდეგ მაიორმა გოდაბრელიძე გაისტუმრა. მთავარი ბუღალტერი კი სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით დააპატიმრა, რადგან იმ მომენტისთვის სხვა ბრალდებას ვერ წაუყენებდა. ჯოხაძე დარწმუნებული იყო, მოლარეს ფული მან მოაპარინა. შემდგომ კი ქალი მოკლა. ამ რწმენას ისიც უმყარებდა, რომ ბაქანიძე უარყოფდა გულიასთან ინტიმურ კავშირს, რაც სიმართლე იყო და გამომძიებელს ამის ირიბი მტკიცებულება ჰქონდა (თანამშრომელთა ჩვენებები). ჯოხაძეს შინაგანი ციხის ჯალათთა იმედი ჰქონდა. მაიორმა იცოდა, რომ „პრეს-ხატაში“ მკვდარსაც კი აალაპარაკებდნენ და სასურველ ჩვენებას აუცილებლად მიიღებდა. და, მართლაც, ბაქანიძემ აღიარა, რომ გულია ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისი საყვარელი იყო. თუმცა, ფულის გაუჩინარებასთან და ქალის მკვლელობასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფდა. ამის გამო საქმეში „მძიმე არტილერია“ ჩაერთო და ცნობილი ჯალათი ალი კურტანოვი ბაქანიძეს ერთი თვის განმავლობაში უშედეგოდ „პრესავდა“ ბოლოს კი მან ჯოხაძეს უთხრა:

– ამხანაგო მაიორო, მაგან მართლა არაფერი იცის, თორემ იტყოდა, ისეთ „პრესებში“ გავატარე.

გამომძიებელი შეცვალეს. ახალმა გამომძიებელმა როლანდ კუდავამ კი სხვა ვერსიით განაგრძო მუშაობა და ჯერ გოდაბრელიძე დაჰკითხა და გაისტუმრა, შემდგომ კი, პროკურორის სანქციით, მასზე თვალთვალი დააწესა. ამან შედეგი გამოიღო და 1977 წლის 29 ივლისს, ანუ გულიას გაუჩინარებიდან 3 თვის მერე გოდაბრელიძე თბილისი-მოსკოვის მატარებელში დააკავეს და 65 ათასი მანეთი აღმოუჩინეს, რომელიც სალაროდან დაიკარგა. მან ცოლის მკვლელობა და სალაროს გაძარცვის ფაქტი აღიარა. თქვა, რომ ყველაფერი შურისძიების მოტივით ჩაიდინა. მას 15 წელი მიუსაჯეს და პატიმრობიდან 1992 წელს გათავისუფლდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი