კრიმინალური ისტორიები

როგორ გაიხსნა „ხალიჩების მაფიის“ საქმე

№13

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 08.04, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი გმირების გვარები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ძარცვა

ღამის 23 საათი და 45 წუთი იყო. მოსკოვში, სომოვის შესახვევში ტაქსი გაჩერდა და იქიდან გადმოსული კეისიანი მამაკაცი სადარბაზოში შევიდა. ის ის იყო კიბეებს აუყვა, რომ თავში მძიმე საგანი მოხვდა და უგონოდ დაეცა. თავდამსხმელმა კეისი აიღო, ქუჩაში გავარდა და ჩქარი ნაბიჯით გაუყვა გზას. დაცემის ხმაზე მობინადრეები სადარბაზოში გავიდნენ და უგონო მამაკაცი რომ ვერ მოასულიერეს, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. თავდამსხმელმა კი ორასიოდე მეტრი რომ გაიარა, ის მილიციის პატრულმა გააჩერა და საბუთები მოსთხოვა. თავდამსხმელმა მილიციელს ვანო კედიას სახელზე გაცემული პასპორტი მიაწოდა.

– კეისში რა გაქვთ? – იკითხა მილიციელმა.

კედიამ მილიციელს პასპორტი გამოსტაცა და გაიქცა. თუმცა ის იქვე დააკავეს, მილიციაში მიიყვანეს და კეისი რომ შეამოწმეს, შიგ 150 ათასი მანეთი აღმოჩნდა.

– საიდან ამდენი ფული? – ჰკითხეს კედიას. მან კი მიუგო, – ჩემი არაა. ქუჩაში ვიპოვე.

ვანო კედია საკანში გამოამწყვდიეს და მიუხედავად ინტენსიური დაკითხვისა, ფულის წარმომავლობა ვერ ათქმევინეს. გამომძიებლებმა ივარაუდეს, რომ კედიამ ეს ფული ვინმეს ძალით წაართვა. ამიტომ, როდესაც ბოლო 24 საათში ჩადენილ დანაშაულთა სიას გაეცნენ, აღმოჩნდა, რომ სომოვის შესახვევში თავს დაესხნენ თბილისელ პავლე გორდეზიანს, რომელიც უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამიტომ მილიციელები გორდეზიანის გონზე მოსვლას ელოდებოდნენ, რომ დაეკითხათ.

დაპირისპირება

პავლე გორდეზიანი რომ გონს მოვიდა, გამომძიებელმა ივანე მურავიოვმა დაჰკითხა. მან განაცხადა, რომ ვიღაც მოულოდნელად დაესხა თავს, თუმცა არაფერი დაუკარგავს. მურავიოვმა ხელახლა დაჰკითხა კედია და უთხრა, რომ ჩემოდანი მან თავის თანამემამულე პავლე გორდეზიანს წაართვა, რასაც კედია კატეგორიულად უარყოფდა. თუმცა, მურავიოვს ხელთ სომოვის შესახვევში მცხოვრები ანტონ კაშკინის ჩვენება ჰქონდა, რომელიც ამბობდა, რომ როდესაც ის გვიან ღამით სახლში დაბრუნდა, მას სადარბაზოდან ჩქარი ნაბიჯებით მიმავალი კაცი შეეფეთა. აღწერილობით ის ვანო კედია იყო. მურავიოვმა ამოცნობა ჩაატარა და კაშკინმა დაადასტურა, რომ სომოვის შესახვევში სწრაფად მიმავალი მამაკაცი, სწორედ, კედია იყო. უკვე ეჭვს აღარ იწვევდა, რომ კედიამ გორდეზიანი გაძარცვა. ისიც ნათელი იყო, რომ კედია „ნაკოლით“ მოქმედებდა. მურავიოვმა კედია და გორდეზიანი დააპირისპირა, მაგრამ გორდეზიანმა უარყო თავდამსხმელთან ნაცნობობა, ისევე როგორც კედიამ – დაზარალებულთან. მურავიოვის ამოცანა ფულის წარმომავლობის გარკვევა იყო და გამომძიებელმა კედიასა და გორდეზიანის პიროვნებების შესწავლას მიჰყო ხელი.

მთავარი ტექნოლოგი

მურავიოვმა დაადგინა, რომ პავლე გორდეზიანი ხალიჩების ფაბრიკის მთავარი ტექნოლოგი იყო, ამიტომ გამომძიებელმა ივარაუდა, რომ ფაბრიკაში სერიოზული მაქინაციები ხორციელდებოდა და ამის მეშვევობით დიდი ფული კეთდებოდა. ამიტომ გამომძიებელმა გორდეზიანს უთხრა:

– სავარაუდოდ, ეს ფული „ლევი“ საქონლის გაყიდვის შედეგად მიიღეთ. ჩემთვის ცნობილია, რომ თქვენი ფაბრიკის პროდუქციას მოსკოვში კარგი გასავალი აქვს. ამიტომ, თუკი სიმართლეს არ იტყვით, მაშინ ამ საქმეს უშიშროების კომიტეტს გადავცემთ და „კაგებე“ ნამდვილად აგალაპარაკებთ. ამიტომ ჯობია, ყველაფერი თქვათ და ამ საქმეს მილიცია გაჰყვეს.

– წყალი, – ამოილუღლუღა გორდეზიანმა და ბალიშზე თვალებმილულული დაეცა.

მურავიოვი ერთადგილიანი პალატიდან დერეფანში გავარდა, რომ ექიმისთვის დაეძახა და წყალი მოეტანა, მაგრამ უკან რომ დაბრუნდა, გორდეზიანი პალატაში არ დახვდა, ის პირველი სართულის ფანჯრიდან გადამხტარიყო და გაუჩინარებულიყო. გამომძიებელიც ფანჯრიდან გადახტა საავადმყოფოს ეზოში და გაქცეულის ძებნას შეუდგა. ეზოდან გასულს ერთ-ერთმა მოქალაქემ უთხრა, რომ მამაკაცმა, რომელსაც ის ეძებდა, საავადმყოფოს კართან მდგომი ტაქსი აიყვანა და წავიდაო... გაცურებული გამომძიებელი „მურში“ დაბრუნდა და გორდეზიანზე ძებნა გამოაცხადა. დაპატიმრებული კედია კი საკნიდან ამოიყვანეს და გამწარებულმა მურავიოვმა მას ძალისმიერი დაკითხვა მოუწყო.

მეხალიჩეები

კედიამ „მურის“ გამომძიებელთა ცემა-ტყეპას ვერ გაუძლო და თქვა, რომ გორდეზიანი ნამდვილად მან დააყაჩაღა. „ნაკოლი“ კი მას ტიტე კერესელიძის მეუღლემ, ესმამ მისცა. ესმა კედიას საყვარელი იყო. ტიტე კერესელიძე კი ხალიჩების ფაბრიკის მთავარი ინჟინერი. კედიას ჩვენებით, გორდეზიანი მოსკოვში ჩადიოდა „ლევი“ საქონლიდან მიღებული ფულის თბილისში ჩამოსატანად, რომელიც 5 ადამიანზე „ტყდებოდა“. კედიას თქმით, ის და ესმა ფულით გაქცევასა და რუსეთის მივარდნილ რაიონში აპირებდნენ ცხოვრებას.

– აი, უფროსო, ამიტომ გადავწყვიტეთ ამის გაკეთება მე და ესმამ, – უთხრა კედიამ მურავიოვს.

საქმის სერიოზულობიდან გამომდინარე, „მურმა“ ძიების მასალები „კაგებეს“ გადასცა და მას უკვე უშიშროება იძიებდა. თბილისში ცენტრალური აპარატის სპეცჯგუფი ჩამოვიდა და ჯერ ტიტე კერესელიძე და მისი მეუღლე ესმა აიყვანეს, შემდეგ კი, ეგრეთ წოდებული, „მეხალიჩეების“ მაფიის დანარჩენი 3 წევრიც. თუმცა, გორდეზიანი ისევ არ ჩანდა. გამოძიებამ ინტენსიური ხასიათი მიიღო და „მეხალიჩეებს“ დახვრეტა ემუქრებოდათ. თუმცა, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მათ მეხალიჩეებმა მილიონი მანეთი გადაუხადეს და ყველანი გაათავისუფლეს.

P.S. როდესაც მეხალიჩეების საქმე შეწყდა, გორდეზიანიც გამოჩნდა, რომელსაც ერთ-ერთ პარტიული მაღალჩინოსანი მალავდა თავის აგარაკზე. ტიტე კერესელიძემ ესმა სახლიდან გააგდო და ქალი რუსეთში გადაიხვეწა. კედიამ კი საკანში ჩამოიხრჩო თავი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი