კრიმინალური ისტორიები

როგორ გაიხსნა ერთ-ერთი უმსხვილესი დანაშაული

№21

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 02.06, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.

უპრეცედენტო დანაშაული

1972 წლის 18 იანვარს, რუსეთის ქალაქ ირკუტსკის წმიდა გიორგის ტაძარი გაიძარცვა. ციმბირის ამ ცნობილი ქალაქის ყველაზე დიდი ეკლესიიდან ბოროტმოქმედებმა წმიდა გიორგისა და ღვთისმშობლის ხატები მოიპარეს. აგრეთვე, გაძარცვეს ეკლესიის სეიფი და იქიდან გაიტაცეს ბრილიანტისა და ზურმუხტის თვლები, რომლებიც ახლად შექმნილი ხატების შესამკობად იყო განკუთვნილი. ბოროტმოქმედებისგან მიყენებულმა ზარალმა მილიონი მანეთი შეადგინა, რაც იმ პერიოდისთვის კოლოსალური თანხა იყო. თუმცა, ამ დანაშაულით მიღებული ყველაზე დიდი ზარალი ღვთისმშობლის ხატიდან ამოცლილი სამკარატიანი ცისფერი ბრილიანტის თვალი იყო, რომლის ღირებულება 200 ათას მანეთს შეადგენდა. ხატში ჩასმული ეს ცისფერი ბრილიანტი ეკლესიას მეთხუთმეტე საუკუნეში მიართვა დიდი ბრიტანეთის მონარქმა. მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი ისტორიული ღირებულების მქონე ცისფერი ბრილიანტის გაყიდვა ძალიან რთული იყო, მისი აღმოჩენა ვერც „კაგებემ“ შეძლო და ვერც მილიციამ და უძვირფასესი ქრისტიანული რელიკვია ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ დაადგინა. თუმცა მისი ძებნა წამითაც არ შეჩერებულა.

მეტსახელად „კოალა“

1972 წლის 3 თებერვალს, ანუ ირკუტსკში განხორციელებული ეკლესიის ძარცვიდან 17 დღის შემდეგ, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმში პოლიციამ 36 წლის კარლო ასტამუროვი დააკავა, რომელიც „შავ სამყაროში“ „კოალას“ მეტსახელით იყო ცნობილი და კანონიერი ქურდის სტატუსს ატარებდა. ასტამუროვი სამჯერ იყო ნასამართლევი ქურდობისთვის და ის სულ რაღაც ორი კვირის წინ გათავისუფლდა პატიმრობიდან. „კოალას“ ირკუტსკის ეკლესიიდან გაძარცვული ნივთები აღმოაჩნდა და მას შემდეგ, რაც ის იზოლირებულ საკანში განათავსეს, მასთან ვინმე ასტამურ ტარკილი მივიდა და თბილისში ტრანსპორტირების წინ დანაშაულის აღიარება შესთავაზა. 40 წლის ასთამურ ტარკილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლკოვნიკი იყო და მინისტრ ედუარდ შევარდნაძის დავალებით მოქმედებდა.

აღიარება

კარლო ასტამუროვი, ანუ იგივე „კოალა“ ასტამურ ტარკილის წინადადებას დათანხმდა და ირკუტსკის მართლმადიდებლურ ტაძარში განხორციელებული ძარცვა საკუთარ თავზე აიღო. კანონიერი ქურდი „კოალა“ ირკუტსკის „კაპეზეში“ (წინასწარი დაკავების საკანი) მოათავსეს და მასთან არავის უშვებდნენ, თუმცა ის დანაშაულის სრულად აღიარების სანაცვლოდ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჰყავდათ. მას მერე, კი რაც ასტამუროვმა დანაშაული აღიარა და სრულყოფილი ჩვენება დაწერა, ის ირკუტსკის ტერიტორიიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაუშვეს.

წერილი

1972 წლის 20 მარტს თბილისში, პლეხანოვის გამზირზე, არტოს ბაღში ასტამუროვის ცხედარი აღმოაჩინეს. ის ცაცხვის ხეზე იყო ჩამომხრჩვალი და მილიციამ ჯიბეში წერილი აღმოუჩინა, რომელშიც ეწერა: „მეტი აღარ შემიძლია, მომბეზრდა ბოროტმოქმედება. ბოდიში. მივდივარ. თქვენი „კოალა“.

კანონიერი ქურდის ეს წერილი მილიციამ მაშინვე „გააქრო“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი სამმართველოს ხელმძღვანელს მიუტანა, რომელმაც წერილი სეიფში შეინახა და ხელქვეითს უთხრა:

– იმედია, რომ ამ წერილის შესახებ ინფორმაცია ამ კაბინეტის მიღმა არ გავა და საიდუმლოდ დარჩება.

კომპრომატი

ირკუტსკის მართლმადიდებლური ტაძრიდან გატაცებული ძვირფასეულობის სრული სია საბჭოთა კავშირის ყველა მაძებარს ჰქონდა და ისინი ინტენსიურად ეძებდნენ. თუმცა, მათ ასავალ-დასავალს ვერავინ მიაგნო. 1972 წლის 21 აპრილს კი მილიციის ოპერებმა ნაძარცვი ნივთებიდან ამოღებული ბრილიანტის თვლები მაშინდელი საქართველოს „ცეკას“ პირველი მდივნის, ვასილ მჟავანაძის მეუღლის თითზე აღმოაჩინეს. საქმე ის იყო, რომ 1 მაისს, მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს გამართული წვეულებაზე თბილისის პიონერთა სასახლეში სტუმრად მისულ მჟავანაძის მეუღლეს ის ბეჭედი ეკეთა, რომელშიც ირკუტსკში მოპარული თვალი იყო ჩასმული.

როტაცია

1972 წლის 29 სექტემბერს საქართველოს „ცეკას“ პირველ მდივნად ედუარდ შევარდნაძე დაინიშნა. მისი წინამორბედი ვასილ მჟავანაძე კი მოსკოვში გაემგზავრა და მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძეს მის წინააღმდეგ სერიოზული ბრალდებები ჰქონდა, ციხეს გადაურჩა.

1972 წელს ზესტაფონში კანონიერი ქურდი ბერეზინი, იგივე „სკოკი“, დააკავეს. ბერეზინი ციხიდან იყო გაქცეული და „კოალასთან“ იმალებოდა. ამიტომ მილიციამ ის თავდაპირველად მის მკვლელობაში დაადანაშაულა. თუმცა, მოგვიანებით მას ბრალდება შეუცვალეს და 8 წლით ციხეში გაამწესეს. „სკოკი“ სულ რაღაც 3 თვის მერე რუსთავის ¹2 შრომა-გასწორების კოლონიაში ერთ-ერთ საამქროში იპოვეს ჩამომხრჩვალი და უმნიშვნელო გამოძიების შემდეგ მისი საქმე დახურეს.

P.S. არსებობს ვერსია, რომ მჟავანაძის ცოლისთვის ბრილიანტის თვლის მიყიდვა შევარდნაძის მიერ იყო ორგანიზებული იმ მიზნით, რომ ვასილ მჟავანაძე გაეძევებინა და მისი ადგილი დაეკაებინა და „თეთრმა მელამ“ ეს მისია დიდი წარმატებით შეასრულა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი