კრიმინალური ისტორიები

როგორ გაძარცვეს ქართველმა სტუდენტებმა ლენინგრადის მსხვილი საიუველირო მაღაზია

№10

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 18.03, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი გმირების გვარები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

„წითელი არმიის“ დღე

1978 წლის 23 თებერვალს ლენინგრადში „წითელი არმიის“ დაარსებისადმი მიძღვნილი აღლუმი იმართებოდა. ნევის გამზირზე საგანგებოდ გამოწყობილი ჯარისკაცები მიაბიჯებდნენ და დროდადრო ავტომატებიდან საზეიმო გასროლის ჯერს ახორციელებდნენ. გუგუნებდნენ „ავრორას“ ქვემეხებიც და ქალაქში საშინელი ბაგაბუგი იდგა, რასაც ქვემეხებიდან ამოტყორცნილი კვამლიც ემატებოდა. დილის 9 საათზე დაწყებული ჟრიამული 11 საათზე დასრულდა და უცებ სიმშვიდე ჩამოწვა. იქვე, გამზირის ცენტრში მდებარე საიუველირო მაღაზიაში სამი მორიგე მილიციელი მივიდა, რომ მაღაზია შეემოწმებინათ და სიგნალიზაცია ჩაერთოთ, რომელიც „პარადის“ მსვლელობის დროს გამორთეს. საქმე კი ის იყო, რომ ქვემეხების ზრიალისა და ავტომატებიდან სროლის გამო სამი წლის წინ დამონტაჟებული უახლესი სიგნალიზაცია ამოქმედებას იწყებდა და ისეთი ხმა ჰქონდა, თავისმოსაწონებლად ატეხილ საბჭოთა იარაღის ბათქაბუთქსაც კი აჭარბებდა და უკვე ორი წელი, ასეთ დროს თიშავდნენ და მხოლოდ ერთ მილიციის თანამშრომელს ტოვებდნენ მაღაზიის შესასვლელთან, თუმცა, ამის შესახებ მხოლოდ ადამიანების მცირე ჯგუფმა იცოდა. მაღაზია „სამოცვეტში“ ფეხშედგმული მილიციელები ადგილებზე გაქვავდნენ. იმიტომ, რომ იქაურობა პირწმინდად იყო „გასუფთავებული“. სანამ ნევის გამზირზე „პარადი“ მიმდინარეობდა, ვიღაცები მაღაზიაში შესულიყვნენ და იქაურობა გაეძარცვათ. ამიტომ ლენინგრადელ მილიციელებს ნამდვილად არ ეზეიმებოდათ და 12 საათზე „სამოცვეტები“ ძალოვნებით გაივსო.

დიდი „კუში“

საიველირო მაღაზია „სამოცვეტში“ მძარცველებს ერთი ძვირფასი ნივთიც კი არ დაუტოვებიათ, წაღებული იყო აბსოლუტურად ყველაფერი. ზარალმა კი მილიონ 670 ათასი მანეთი შეადგინა, რაც კოლოსალური თანხა იყო. ქურდებმა მაღაზიაში საკუჭნაოდან შეაღწიეს, რომლის ქვეშ 16 მეტრის სიგრძის გვირაბი იყო გათხრილი. გვირაბი საკანალიზაციო კოლექტორიდან ერთ-ერთი არხის ხიდის ქვეშ გადიოდა. დადგინდა, რომ გვირაბს დაახლოებით 2 თვე თხრიდნენ და მიწას არხში ყრიდნენ. კოლექტორს კი ფოლადის ბადით ნიღბავდნენ, რომელიც უზარმაზარ მილზე მაგრდებოდა. „სუფთა ნამუშევრის“ მიუხედავად, გამომძიებელმა დაადგინა, რომ ბოროტმოქმედებმა გადაადგილების საშუალებად კატერი გამოიყენეს და წყლით გავიდნენ სამშვიდობოს. სულ მალე გატაცებული კატერი შემთხვევის ადგილიდან 6 კილომეტრში, მდინარე ნევის ერთ-ერთ ნავსაყუდელზე აღმოაჩინეს. კატერის გამოკვლევისას გამომძიებლებმა სიგარეტ „უზბეკისტანის“ ორი ნამწვი იპოვეს და საქმეს დაურთეს. თუმცა, ეს საკმარისი არ იყო და ძიება სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობდა.

ეჭვმიტანილები

გამოძიების ძირითადი ვერსიით, ბოროტმოქმედებმა წინასწარ იცოდნენ, რომ აღლუმის დროს „სამოცვეტების“ სიგნალიზაცია ითიშებოდა და ყველაფერი ამ ფაქტზე ააგეს. ამიტომ, გამომძიებლებმა შეადგინეს იმ ადამიანთა სია, ვინც ამ ინფორმაციას ფლობდა. ასეთი სულ 22 ადამიანი აღმოჩნდა. 9 მათგანი უკვე წასული იყო სამსახურიდან და მაღაზიაში აღარ მუშაობდა, მხოლოდ 13 იყო მოქმედი თანამშრომელი. ყველა ცოცხალი იყო და მილიცია მათი ალიბების დადგენას ახორციელებდა. თვე-ნახევრიანი ურთულესი მუშაობის მიუხედავად, გამოძიებას კვლავ არ გააჩნდა ხელჩასაჭიდი. 22 ეჭვმიტანილიდან არავინ გამოირიცხა და ამიტომ თითოეული მათგანის პერმანენტული შემოწმება კვლავ მიმდინარეობდა. ყველა მათგანი ადგილობრივი, რუსი ეროვნების იყო – 18 მამაკაცი და მხოლოდ 4 ქალი. აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანი ეწეოდა სიგარეტს, თუმცა არცერთი – „უზბეკისტანს“, რომლის ნამწვებიც კატერზე აღმოაჩინეს.

ქრთამი ლექტორს

ერთ-ერთი, ვინც იცოდა საგამოძიებოს უფროსი ანტონ კოსტინი იყო. მისი მეუღლე, 36 წლის ანტონინა, პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტი, ლენინგრადის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ლექტორად მუშაობდა. ანტონინას ერთ-ერთი სტუდენტი 24 წლის თბილისელი ბიჭი გია მელაძე იყო. კოსტინის ბინის ჩხრეკისას ერთ-ერთი მილიციელის ყურადღება მალცევას საყურეებმა მიიქცია. ეს ოქროს პატარა სამკაული გაძარცვული მაღაზიის ნივთების ჩამონათვალში იყო აღრიცხული. როგორც გაირკვა, საყურე მალცევას, სწორედ, მელაძემ ქრთამის სახით მიართვა. დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო და გია მელაძე ერთი საათის შემდეგ დააპატიმრეს. ჩხრეკისას კი მას „სამოცვეტებიდან“ გატაცებული ძვირფასეულობა ამოუღეს. დააპატიმრეს ასევე, 3 ქართველი სტუდენტი, რომლებიც ამ ძარცვაში მონაწილეობდნენ. ინფორმაცია კი სიგნალიზაციის შესახებ გია მელაძეს 42 წლის იულია სიომინამ მიაწოდა.

ბოროტმოქმედთა ქართულ კვარტეტს 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და მათ ბოლომდე მოიხადეს სასჯელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი