კრიმინალური ისტორიები

როგორ გაძარცვეს ქართველებმა სარატოვის სპორტის სასახლე

№24

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 23.06, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.

ორიგინალური ძარცვა

1991 წლის 9 მაისს რუსეთის ქალაქ სარატოვში ადგილობრივი სპორტის სასახლის სალაროდან ცეცხლგამძლე სეიფი გაიტაცეს. მასში 120 ათასი ამერიკული დოლარი და 500 ათასი მანეთი ინახებოდა. ეს იყო უპრეცედენტო დანაშაული ამ ქალაქის ისტორიაში, რომელიც 1990 წლამდე დახურული იყო და უცხოელების შესვლა იკრძალებოდა. იქ საბჭოთა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოები იყო განლაგებული. იმ დღეს კი, როდესაც ეს დანაშაული მოხდა, სარატოვში პროფესიონალი ამერიკელი კალათბურთელები იმყოფებოდნენ, რომ ერთმანეთში საჩვენებელი თამაში გაემართათ. მატჩზე დასასწრები 5 ათასი ბილეთი გაყიდული იყო. თამაში დღის 4 საათზე იყო დანიშნული და სანამ დაიწყებოდა, მთელი პროცედურა იყო ჩასატარებელი. თამაშამდე ერთი საათით ადრე კალათბურთელები ავტობუსით უნდა მოსულიყვნენ სპორტის სასახლესთან. შემდეგ კი, სამხედრო ორკესტრის თანხლებით, ფეხით გაევლოთ ასიოდე მეტრი ხალხის ცოცხალ დერეფანში. ეს წინასწარ დაწერილი სცენარი იყო მატჩის ორგანიზატორების მიერ, მათ ზეიმის მოწყობა ამერიკულ სტილში უნდოდათ. როდესაც ათასობით სარატოველი ამერიკელ კალათბურთის ასებს მხურვალე აპლოდისმენტებითა და ოვაციებით შეხვდნენ სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებული მარშის გამაყრუებელ ხმაში, სარატოვის სპორტის სასახლის პირველ სართულზე მდებარე სალაროს კედელი სამხედრო მანქანამ გამოანგრია. მანქანაზე დამონტაჟებულმა ამწემ ცეცხლგამძლე სეიფი მანქანაზე დადო და იმ დროს, როცა სპორტის სასახლის წინა მხარეს ჯერ კიდევ ზარ-ზეიმით მიმდინარეობდა სპორტსმენების მიღება, მილიციის კორიდორები კი ძლივს აკავებდა ხალხს, სეიფიანი მანქანა ადგილს მოსწყდა და გაუჩინარდა.

კვალი

შემდგომ, როდესაც საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა, დადგინდა, რომ ძარცვისთვის ბოროტმოქმედებს სულ რაღაც 90 წამი დასჭირდათ. ამ დროის განმავლობაში მათ კედელს კაუჭები მიახრახნეს, გამოანგრიეს, სეიფი მანქანაზე დადეს და გაუჩინარდნენ. და რადგან ყველაფერი ეს სამხედრო ორკესტრის გამაყრუებელი მარშის გრიალში განხორციელდა, ვერავინ ვერაფერი გაიგო. ძარცვის შესახებ კი მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც სპორტის სასახლის მთავარი ბუღალტერი ეგორ კვაშკინი 3 საათსა და 50 წუთზე დაბრუნდა სალაროში და გამონგრეული კედელი დაინახა.... მილიციამ და პროკურატურამ მაშინვე დაიწყეს გამოძიება. მილიციამ მაშინ ვერავინ დააკავა. თუმცა სარატოვის გარეუბანში იპოვეს სამხედრო მანქანა და მასზე ავტოგენით გაჭრილი ცეცხლგამძლე სეიფი. იქვე აღმოაჩინეს ფურგონიანი „მოსკვიჩის“ კვალი, რომლითაც სავარაუდოდ, მიიმალნენ ბოროტმოქმედები. ოპერატიული სამსახურები ახლა უკვე ფურგონიან „მოსკვიჩს“ ეძებდნენ, რომელიც 10 მაისს, დილით, სარატოვის დრამატული თეატრის ეზოში იპოვეს მიგდებული. როგორც სამხედრო მანქანა, ასევე „მოსკვიჩიც“ გატაცებული აღმოჩნდა და მილიციამ მხოლოდ მათი მეპატრონები დაჰკითხეს, შეამოწმეს და როდესაც მათ უდანაშუალობაში დარწმუნდნენ, კვალიც დაიკარგა.

შეტყობინება

ძარცვიდან ხუთი დღის შემდეგ – 14 მაისს გამომძიებელმა ანტონ პავლოვმა შეტყობინება მიიღო. მას მამაკაცის ანონიმურმა ხმამ ტელეფონით აცნობა: სპორტის სასახლის სალაროს ძარცვა სასახლის არასაუწყებო დაცვის თანამშრომელმა პავლე მარტინოვმა ჩაიდინა და დანაშაულის სხვა მონაწილეებზე ის გაგიყვანთო.

37 წლის პავლე მარტინოვი იმავე საღამოს დააკავეს და დაჰკითხეს. თუმცა არასაუწყებო დაცვის თანამშრომელი დაჟინებით იმეორებდა, არაფერი ვიცი და ტყუილად დამაკავეთო. მარტინოვი დაკითხვის უხეში ხერხების გამოყენებითაც დაამუშავეს, თუმცა შედეგი არ იყო, ის ერთსა და იმავეს იმეორებდა. თანაც მყარი ალიბიც ჰქონდა – ძარცვის დროს მთელი დღის განმავლობაში მეუღლესთან ერთად სიდედრთან იმყოფებოდა და ეს ათეულობით ადამიანმა დაადასტურა. ამიტომ მილიციამ მარტინოვი გაათავისუფლა. შეტყობინება კი ბოროტ ხუმრობად მიიჩნიეს.

მძღოლის ჩვენება

1991 წლის 28 დეკემბერს, გამომძიებელმა ანტონ პავლოვმა ისევ ანონიმური შეტყობინება მიიღო, სპორტის სასახლის ძარცვაში სატვირთოს მძღოლი ლარინი მონაწილეობდაო. ლარინი მილიციაში წაიყვანეს და ის ის იყო, უნდა ეცემათ, რომ მან მოულოდნელად განაცხადა – თუ ხელს არ მახლებთ, გეტყვით თუ ვინ გაძარცვა სპორტის სასახლეო. ლარინის ჩვენება მაგნიტოფონზე ჩაიწერეს. მძღოლის განცხადებით, სპორტის სასახლის ძარცვა ქართველებმა განახორციელეს. იდეა კი დიანა კალაძესა და მის მეუღლეს – პავლე მარტინოვს ეკუთვნოდათ. სწორედ იმ მარტინოვს, რომელიც მილიციას მაისის თვეში ანონიმური შეტყობინების საფუძველზე ჰყავდა დაკავებული.

აღმოჩნდა, რომ მარტინოვი და მისი მეუღლე ჯერ კიდევ სექტემბერში გაემგზავრნენ სარატოვიდან გაურკვეველი მიმართულებით. ასევე, ვერსად იპოვეს ოთხი ქართველი სტუდენტი, რომლებიც ძარცვაში მონაწილეოდნენ. ევგენი ლარინს კი ამ საქმეში მძღოლის ფუნქცია ეკისრებოდა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ანონიმური შეტყობინება თავად ცოლ-ქმრის იდეა იყო, რათა გამოძიებისთვის კვალი აერიათ...

ცოლ-ქმარი დღემდე ძებნაში არიან და მათ კვალს ვერავინ მიაგნო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი