კრიმინალური ისტორიები

როგორ „გადააგდეს“ ქართველმა და ებრაელმა თაღლითებმა შეიხი

№19

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 20.05, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ყველა გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს

„პოლიგლოტა“

1945 წელს დაბადებული კოტე ჯაფარიძე საბჭოთა კრიმინალურ სამყაროში „პოლიგლოტას“ (პოლიგლოტი – მრავალი ენის მცოდნე) მეტსახელით იყო ცნობილი. პატარა კოტე 9 მაისს მოევლინა ქვეყანას და თბილისში, ვერაზე გაიზარდა. მამამისი ინგლისური ენის სპეციალისტი იყო და „ენკავედეს“ შესაბამის ქვედანაყოფში მსახურობდა. დედამისი კი სკოლაში ასწავლიდა ფრანგულს. კოტემ სკოლა 1962 წელს დაამთავრა და მოსკოვში, უცხო ენათა ინსტიტუტში მოეწყო დასავლეთევროპული ენების ფაკულტეტზე. უკვე ამ დროისთვის ჭაბუკი ქართული და რუსული ენების გარდა, თავისუფლად საუბრობდა სომხურ, აზერბაიჯანულ, ქურთულ ენებზე, ასევე, საფუძვლიანად ფლობდა ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და ესპანურ ენებს, საერთო ჯამში, „პოლიგლოტას“ სულ 15 ენაზე შეეძლო ლაპარაკი. მოსკოვში სწავლის პირველი ორი წელიწადი მშვიდად მიმდინარეობდა და კოტე ფრიადოსანი იყო. თუმცა, შემდგომ მას მეხუთეკურსელი ნათან ბროვერმანი დაუძმაკაცდა და სავალუტო ოპერაციებში ჩართო. 1964 წელს ბროვერმანი „კაგებემ“ დააპატიმრა და 15 წლით ციხეში ჩასვეს. გაასამართლეს 19 წლის კოტეც და მას 3 წელი მიუსაჯეს. სასჯელი მან ბოლომდე მოიხადა და პატიმრობიდან 1967 წელს გათავისუფლდა. თუმცა, 22 წლის ბიჭს უკვე მიღებული ჰქონდა „ჟულიკური“ განათლება და კოტე ჯაფარიძე თაღლითობის გზას დაადგა. ენების ცოდნის გამო მას „პოლიგლოტა“ შეარქვეს.

აფერის მეფე

ციხიდან გათავისუფლებული „პოლიგლოტა“ თბილისში დაბრუნდა, მაგრამ მშობლები მას ცოცხლები აღარ დახვდნენ. ახალგაზრდა კაცმა ეს ამბავი ისე განიცადა, რომ ლოთობა დაიწყო და ერთი წლის განმავლობაში მაწანწალას დაემსგავსა. რომ არა ცნობილი თაღლითი ვანო ხასაია, მეტსახელად „ხავსი“, „პოლიგლოტას“, ალბათ, ლოთობაში ამოხდებოდა სული. ხასაიამ კი 24 წლის კოტეს ლოთობა მოაშლევინა, ფიზიკურ ვარჯიშში ჩართო და რომ იტყვიან, „მოხოდა“. შემდეგ კი თავის საქმე გააცნო და წყვილმა საკავშირო „ვოიაჟი“ დაიწყო. ისინი საბჭოთა კავშირის ქალაქებში დადიოდნენ, უცხოელებს ეცნობოდნენ და მათ სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობდნენ. ფულს ართმევდნენ და უჩინარდებოდნენ. ქართველი თაღლითები ვალუტაზე მუშაობდნენ და ორი წლის განმავლობაში მათ 45 ათასი დოლარი იშოვეს, რაც გასული საუკუნის 60-იან წლებში ძალიან დიდი თანხა იყო. 1969 წელს „ხავსი“ გულის შეტევით ქალაქ ოდესაში გარდაიცვალა. კოტემ თავისი მასწავლებელი საქართველოში ჩამოასვენა და მშობლიურ ოჩამჩირეში დაკრძალა. შემდგომ კი მოსკოვში გაემგზავრა და უკვე მარტო განაგრძო „მოღვაწეობა“. „პოლიგლოტა“ ისე იყო დახელოვნებული თაღლითობაში, რომ მას „აფერის მამაც“ კი უწოდეს. თუმცა, 1972 წელს 27 წლის „პოლიგლოტა“ „მურმა“ მოსკოვში დააპატიმრა და ინდოელი დიპლომატის „გადაგდებისთვის“ მას 7 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

„ოლიმპიური საქმე“

კოტე ჯაფარიძემ მეორე „სროკიც“ „ოტ ზვანკა დო ზვანკა“ მოიხადა და ციხიდან 1979 წელს გათავისუფლდა. „პოლიგლოტა“ ჯერ თბილისში დაბრუნდა და 6 თვე მშობლიურ ქალაქში დაჰყო, შემდეგ მორიგი „ვოიაჟი“ მოაწყო და რამდენიმე აფერა განახორციელა. მერე კი მოსკოვში გაემგზავრა და „ფსკერზე დაწვა“, რომ ძალოვან სტრუქტურებს თვალებში არ შეჩეხვოდა. მიმდინარეობდა მოსკოვის ოლიმპიადა და მოსკოვიდან ყველა კრიმინალური ელემენტი გაიყვანეს. „პოლიგლოტამ“ კი დედაქალაქში დარჩენა მოახერხა და გაირინდა. როგორც კი ოლიმპიადა დასრულდა, კოტე ჯაფარიძემ ვინმე ანტონ პავლოვის სახელზე დამზადებული პასპორტი იშოვა, საფარიდან გამოვიდა და ჩვეულ საქმიანობას შეუდგა. „პოლიგლოტამ“ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ეგრეთ წოდებულ, „ოლიმპიურ საქმეში“ 50 ათასი დოლარი ჩაიჯიბა და მიიმალა. ოლიმპიური საქმე კი ერთ-ერთი მსხვილი აფერა იყო, რომლის დროსაც საბჭოთა ქართველმა და ებრაელმა თაღლითებმა ერთ-ერთ შეიხს ოლიმპიურ სოფელში მდებარე სასურსათო მაღაზია მიჰყიდეს, ასი ათასი დოლარი „აახიეს“ და მიიმალნენ. ბუნებრივია, რომ ამ საქმეს „კაგებე“ იძიებდა და თითქმის ყველა თაღლითი მალევე დააპატიმრეს. „სვაბოდაზე“ მხოლოდ „პოლიგლოტა“ დარჩა. მას 7 წელი ეძებდნენ. 1986 წელს კი კიშინიოვში დააპატიმრეს და 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 1994 წელს ის ციხიდან გათავისუფლდა.

„ვიზების საქმე“

კოტე ჯაფარიძე საქართველოში 1997 წელს დაბრუნდა და ახალი საქმიანობა გააჩაღა. ის დაუახლოვდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ერთ-ერთ გავლენიან პიროვნებას, ვინმე უილიამ ვილსონს და მისი მეშვეობით საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების მსურველებს ვიზებს უკეთებდა, სანაცვლოდ კი 10-15 ათას დოლარს იღებდა. თანხის 25 პროცენტს ვილსონს აძლევდა, დანარჩენს კი თავად იჯიბავდა. „პოლიგლოტას“ ამერიკელი ფუნქციონერი იმით ჰყავდა გამოჭერილი, რომ მას „პუტანკებში“ „აგულავებდა“ და მარიხუანათი ამარაგებდა, რაც იმ წლებში კანონით იყო აკრძალული. ვილსონს განსაკუთრებით მოსწონდა 26 წლის მეძავი, მეტსახელად „ბრიჯიტა“, რომელიც ცნობილი „მამაშის“ „ბაბა კლავას“ ხელქვეითი იყო. „ბრიჯიტას“ მეუღლე ჰყავდა და ეს საქმე ასე გაიხსნა – მეძავის ქმარმა პოლიციაში განაცხადა ცოლის მეძაობის შესახებ. პოლიციელებმა კი ფულის გაკეთება დააპირეს და „ბრიჯიტას“ კუდზე დაასხდნენ. თუმცა, ხელში ამერიკელი ფუნქციონერი შერჩათ. ვილსონის „გაწეწვა“ ვერ გაბედეს და ინფორმაცია უშიშროებას გადასცეს. უშიშროებამ კი ყველაფერი „დააფქვევინა“, შემდეგ „ფებეერს“ აცნობა და ვილსონი თავის ოფისში დააპატიმრეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაიყვანეს და 15 წლით ციხეში ჩასვეს. „პოლიგლოტას“ 49 ათასი დოლარი აღმოუჩინეს და 10 წელი ციხე მისცეს. თუმცა ის 2006 წელს გათავისუფლდა და მოსკოვში გაემგზავრა. ცნობილი თაღლითი 2009 წელს, 64 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი