კრიმინალური ისტორიები

როგორ გააცურა ქართველმა ინჟინერმა თანამემამულე კრიმინალური ავტორიტეტი ჩელიაბინსკში

№3

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 27.01, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.

შპს „ეკოსანიტარია“

1989 წლის აგვისტოში 30 წლის რომან ხოჭოლავამ ქალაქ ჩელიაბინსკში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კოოპერატივი „ეკოსანიტარია“ დაარეგისტრირა. ქალაქის მმართველობასთან დადებულ ხელშეკრულებაში ეწერა, რომ „ეკოსანიტარიას“ ჩელიაბინსკიდან უნდა გაეტანა ის უზარმაზარი ნარჩენები, რომლებიც ამ ქალაქში ბოლო 50 წლის განმავლობაში დაგროვდა. ციმბირის ეს საიდუმლო ქალაქი 1989 წლამდე დახურული იყო და იქ მხოლოდ სპეციალისტები და მათი ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ და ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ამ ქალაქში საბჭოთა სარაკეტო წარმოებისთვის საჭირო მოწყობილობების ქარხნები იყო განთავსებული. აგრეთვე, საბჭოთა კავშირში ყველაზე მძლავრი რადიოქარხანა. განიარაღების ხელშეკრულების გაფორმების მერე კი ჩელიაბინსკს საიდუმლო გრიფი მოეხსნა. ამ ქალაქში მრავალი ძველი საწყობი იყო, რომელთა უმრავლესობა, ფაქტობრივად, ნაგავსაყრელად გადაიქცა და სწორედ, ამ „ხლამისგან“ უნდა გაეწმინდა ქალაქი რომან ხოჭოლავას. თავად რომანი პროფესიით ინჟინერ-ფიზიკოსი იყო და ჩელიაბინსკის რადიოქარხანაში 5 წელი იმუშავა. შემდგომ კი კოოპერატივი გახსნა და მასში 20 ადამიანი დაასაქმა. მათ შორის 17 ქართველი და მხოლოდ 3 ადგილობრივი. რომანს საბაზო კანტორად რადიოქარხნის უზარმაზარი საწყობი ჰქონდა აღებული და სამუშაოც, სწორედ, იქიდან დაიწყო. საწყობის შუაგულში მან საპრესი საამქრო მოაწყო, ჯართს პრესავდნენ, რათა შემდგომ უფრო მოხერხებულად ჩაეტვირთათ სატვირთო მანქანებში, რომლებიც ამ ნარჩენებს მაგნიტოგორსკის მეტალურგიულ ქარხანაში მიიტანდნენ. საბუთების მიხედვით, „ეკოსანიტარიის“ ერთადერთი შემოსავალი, სწორედ, გაყიდული ჯართი იყო. თუმცა, ეს მხოლოდ იმ მოგების ერთ პროცენტს შეადგენდა, რასაც ხოჭოლავა სინამდვილეში იღებდა.

ოქროს საბადო

რომან ხოჭოლავა ჭკვიანი, განათლებული და ძალიან მოხერხებული ადამიანი იყო. ამ ცოდნის წყალობით, მან დაადგინა, რომ ჩელიაბინსკის რადიოქარხნის საწყობში 50 წლის განმავლობაში (განსაკუთრებით ადრეულ წლებში) ისეთი ჯართი დაგროვდა, რომლებიც ოქროს, პლატინასა და ვერცხლს შეიცავდნენ. სწორედ, ამ ძვირფასი ლითონების მოპოვება იყო კოოპერატივის შექმნის ნამდვილი მიზეზი. საწყობის შუაგულში არსებულ საპრეს ცეხში ძვირფასი ლითონების გამომდნობი მოწყობილობა დაამონტაჟეს და დღეში საშუალოდ 200-300 გრამ ოქროს, პლატინასა და ვერცხლს იღებდნენ. ამის შესახებ კი, თავად რომან ხოჭოლავას გარდა, მისმა მეგობრებმა უშანგი ფიფიამ, კოტე ვახანიამ, გურამ ძაძამიამ და მალხაზ ძარიამ იცოდნენ. მთავარ შემოსავალს, სწორედ, ეს ხუთეული ინაწილებდა. რომანის გაანგარიშებით, მარტო რადიოსაწყობში თითო ტონა ოქრო და ვერცხლი და 200 კილოგრამი პლატინა უნდა ყოფილიყო. ეს კი ფულზე გადაანგარიშებით ათეულ მილიონ დოლარს შეადგენდა. მეგობრები ძვირფასი ლითონების საზღვარგარეთ გატანასა და იქ ახალი ბიზნესის დაწყებას გეგმავდნენ. ეს კი ზღაპრულად გამდიდრებას ნიშნავდა. ძვირფასი ლითონების მარაგი კი ჩელიაბინსკში, ფაქტობრივად, ამოუწურავი იყო.

საპასუხო სვლა

1990 წლის აგვისტოსთვის, ანუ კოოპერატივის ფუნქციონირების ერთი წლის განმავლობაში, ხუთეულმა თითქმის მთლიანად აითვისა რადიოქარხნის საწყობი და უახლოეს დროში ახალ ობიექტზე უნდა გადასულიყვნენ. მიღებული ძვირფასი ლითონები კი 2-კილოგრამიან ზოდებად ჰქონდათ ჩამოსხმული და გადამალული. სექტემბერი ახალი დამდგარი იყო, როდესაც კანტორაში მყოფ რომან ხოჭოლავას კრიმინალური ავტორიტეტი, ეროვნებით ქართველი კუკური ხვადაგიანი, მეტსახელად „ხვადი“ მიადგა და ოქროს წარმოების წილი – 50 პროცენტი მოსთხოვა. ხვადაგიანი თოთხმეტწლიანი „სროკიდან“ (ინკასატორზე თავდასხმა მკვლელობით) სამი კვირის გათავისუფლებული იყო. ხოჭოლავამ „ხვადს“ უთხრა, რომ არანაირი ოქრო არ ჰქონდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ კოოპერატივის მუშა გივი გვარჯალაძე ხვადაგიანის მამიდაშვილი იყო. მას შემთხვევით გაუგია კოოპერატივიის ნამდვილი საქმიანობის ამბავი და თავის ბიძაშვილს შეატყობინა. ხვადაგიანი მოკვლით დაემუქრა ხოჭოლავას, თუკი წილში არ ჩასვამდა. დაუბარა, რომ ერთ კვირაში გამოივლიდა. მანამდე კი გივი გვარჯალაძეს საქმეში გარკვევა დაავალა და წავიდა. იმავე საღამოს ხუთეულმა გვარჯალაძე გაკოჭეს და ერთ-ერთ ოთახში გამოამწყვდიეს. მეორე დღეს კი გადამალული ძვირფასი ლითონები ჩელიაბინსკიდან გაიტანეს. ორი დღის შემდეგ კი ჩელიაბინსკის პროკურატურაში ანონიმური წერილი მივიდა იმის შესახებ, თუ როგორ აპირებდნენ კრიმინალები ძვირფასი ლითონების დატაცებას ჯართიდან. წერილში კონკრეტულად კუკური ხვადაგიანის სახელი იყო მითითებული. სანამ პროკურატურა საქმის ნამდვილ არსში გაერკვა, ხუთეულმა მოპოვებული ლითონები, ბალტიისპირეთის გავლით, ევროპაში გაიტანა. შემდგომ ჩრდილოეთ ამერიკასა და კანადაში მსხვილი ბიზნესი წამოიწყეს. ხვადაგიანი და მისი მამიდაშვილი კი ციხეში გაამწესეს. მალე ძვირფასი ლითონების ბიზნესს ადგილობრივი ძალოვნები დაეპატრონნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი