კრიმინალური ისტორიები

როგორ ძარცვავდა საიუველირო მაღაზიებს სოხუმელი მარტოხელა ბოროტმოქმედი

№20

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 25.05, 2023 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

საოცარი მსგავსება

1966 წლის მაისში თბილისში საყოველთაოდ ცნობილი მსახიობი ვიაჩესლავ ტიხონოვი დააკავეს. ის საქართველოს დედაქალაქში გავლით იმყოფებოდა. ბიჭვინთაში მიემგზავრებოდა და თბილისში ორი დღით შეჩერდა. სახელგანთქმული მსახიობი უბრალოდ ჩაცმული, მუქი სათვალით გადაადგილდებოდა, რომ არავის ეცნო, რადგან თაყვანისმცემლები მას მოსვენებას არ აძლევდნენ, შემოეხვეოდნენ ხოლმე და ავტოგრაფებს სთხოვდნენ. შუადღე სრულდებოდა. მსახიობმა ლენინის მოედანი გაიარა და კუთხეში მდებარე საიუველირო მაღაზიაში შევიდა, რომ ცოლისთვის ძვირფასი სამკაული შეეძინა. მსახიობმა ლალისთვლიან ოქროს საყურეს დაადგა თვალი. გამყიდველს სთხოვა, მიეწოდებინა და კარგად რომ დაეთვალიერებინა, სათვალე მოიხსნა. კლიენტის სახის დანახვამ გამყიდველი ქალი გააშეშა. ტიხონოვმა იფიქრა, მიცნოო და ყურადღება არ მიუქცევია. ქალი კი უცებ გამოერკვა. მაღაზიის სიღრმეში მდგომ მილიციელთან მივიდა და რაღაც უჩურჩულა. მილიციელი ამოღებული პისტოლეტით მიეპარა მსახიობს, იარაღი ზურგზე მიადო, დააკავა და დირექტორის კაბინეტში შეიყვანა.

ათ წუთში მილიციის ოპერატიული ჯგუფიც მოვიდა და „მომავალი შტირლიცი“ მხოლოდ მას მერე გაათავისუფლეს, როცა მისი ვინაობა გაირკვა. საქმე კი ის იყო, რომ ორი თვით ადრე ამავე მაღაზიიდან მარტოხელა მძარცველმა 25 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცა. ბოროტმოქმედი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა სახელმოხვეჭილ მსახიობს.

მარტოხელა მძარცველი

მარტოხელა მძარცველი, რომელიც საიუველირო მაღაზიის გამყიდველს ვიაჩესლავ ტიხონოვში შეეშალა, სოხუმელი მურად კაკალია იყო. 39 წლის კაკალია ციხიდან გაიქცა და მასზე საკავშირო ძებნა იყო გამოცხადებული. უკვე ერთი წელი გადიოდა, მაგრამ მილიცია მის მოხელთებას ვერ ახერხებდა. მურად კაკალიას 9 წელი ჰქონდა მისჯილი შეიარაღებული ძარცვისთვის. ძარცვა კი ლენინგრადში მოხდა, რომლის დროსაც ორი „პაძელნიკი“ მილიციამ მოკლა, თავად კაკალია კი ფეხში დაიჭრა და დააპატიმრეს. მურადი ეტაპით გადაჰყავდათ ლენინგრადიდან ციმბირში და გაქცევა სწორედ მაშინ მოახერხა. რკინიგზის ბაქანზე, როდესაც პატიმრებს ეშელონში ჩასასხდომად ამზადებდნენ, მურადმა ავტომატური ცეცხლის ქვეშ მოახერხა მატარებლის ბორბლებს შორის სწრაფად გაძრომა და გაქცევა. ამის შემდეგ კაკალიამ ლენინგრადში მილიციელს ტაბელური პისტოლეტი წაართვა და პატარა საიუველირო მაღაზიიდან 2 ათასი მანეთი და 6 ათასი მანეთის ღირებულების ოქროულობა გაიტაცა. შემდეგ კი 6 თვე ქვრივ ქალთან ცხოვრობდა. ამის მერე საქართველოში ჩამოვიდა და ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში საიუველირო მაღაზიები გაძარცვა. ტიხონოვთან დაკავშირებული ინციდენტის მერე მილიციამ კაკალიაზე ძებნა კიდევ უფრო გაააქტიურა. თუმცა, მურადმა ერთი თვის მერე ისევ თბილისში გაძარცვა საიუველირო-საკომისიო მაღაზია, სადაც ანტიკვარული, უძვირფასესი სამკაულები იყიდებოდა. გატაცებული ნივთების ღირებულებამ 17 ათასი მანეთი შეადგინა. ამ შემთხვევიდან სამი თვის განმავლობაში კაკალია არსად გამოჩენილა და მილიცია ვარაუდობდა, რომ ის „ფსკერზე დაწვა“. და, მართლაც, მარტოხელა მძარცველი ავლაბარში, ერთ ქალთან ცხოვრობდა, რომლის ქმარიც ორი წლის წინ მკვლელობისთვის დახვრიტეს. თუმცა, კაკალიას მობეზრდა სახლში ჯდომა. ქალისგან დაუმშვიდობებლად წამოვიდა და სომხეთის დედაქალაქს მიაშურა. ერევნიდან მურადი ისე სწრაფად გავიდა, რომ ფეხზე დამდგარმა მილიციამ ვერ მოიხელთა.

უკანასკნელი ვოიაჟი

მურად კაკალია იმდენად თავდაჯერებული იყო, რომ მშობლიურ სოხუმში ჩავიდა და თავის ბავშვობის მეგობარს, კარლო ეზუხბაიას სახლში ესტუმრა. იმ პერიოდისთვის მურადი უკვე წელიწად-ნახევრის მოუხელთებელი ძებნილი იყო და მას ანგარიშზე სამი წარმატებული ძარცვა „ირიცხებოდა“. კაკალია ერთხანს კარლოსთან აფარებდა თავს. ის რიწის ტბაზეც კი ავიდა და რესტორანში ივახშმა. ერთ-ერთმა მოქალაქემ ძებნილი კაკალია იცნო და მილიციას აცნობა. თუმცა, ოპერატიულ ჯგუფს მურადი ხელიდან დაუსხლტა და კვლავ მოახერხა გაქცევა. აფხაზეთის მთელი მილიცია ფეხზე დადგა. მურადის დასაპატიმრებლად ორმაგი ალყა შეკრეს. ყველა გზაზე კი პატრული დააყენეს, თითოეულ ავტომობილს ჩხრეკდნენ და ამ საქმეში სამხედროებიც ჩართეს, მაგრამ მოუხელთებელმა კაკალიამ ზღვით უშველა თავს და ჯერ ადლერში, შემდგომ კი სოჭში ჩავიდა. მურადს ძვირფასეულობა მიჰქონდა და სოჭიდან მატარებლით აპირებდა რუსეთის რომელიმე შორეულ ქალაქში გამგზავრებას. თუმცა, მატარებელში ჩაჯდომის წინ (უკვე შებინდებული იყო) მურადისკენ სწრაფი ნაბიჯით საშუალო ასაკის მამაკაცი წამოვიდა. კაკალიას ეგონა, რომ მის დასაჭერად მიემართებოდა. ამიტომ ფეხებში დაჭრა და გაიქცა. თუმცა ამჯერად თავს ვეღარ უშველა და ის დააპატიმრეს. როგორც შემდგომ გაირკვა, მამაკაცს მურადი მსახიობი ვიაჩესლავ ტიხონოვი ეგონა და მისკენ ავტოგრაფის ჩამოსართმევად გაემართა. მურად კაკალიას 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს და სოლიკამსკის „ბელი ლებედში“ გაამწესეს, სადაც მან მთელი „სროკი“ მოიხადა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი