როგორ დატოვეს ქართველმა „ჩეკისტებმა“ ამერიკელი კოლექციონერი ხახამშრალი
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 17.06, 2021 წელი
მთავარი გმირების ვინაობა შევცვალეთ და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
უშედეგო თვალთვალი
36 წლის ოლივერ ჰასი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომელი იყო მოსკოვში და კულტურის განყოფილებაში მუშაობდა. „კაგებეში“, რომელსაც ყველა უცხოელი დიპლომატის დოსიე ჰქონდა, დანამდვილებით იცოდნენ, რომ ჰასი ჯაშუშური საქმიანობით არ იყო დაკავებული. თუმცა ეჭვი ჰქონდათ, რომ ოლივერ ჰასი შტატებში ძვირფასი ქვების კონტრაბანდას ახორციელებდა სხვადასხვა ქვეყნიდან. საფუძვლიანი ვარაუდით, ამერიკელი დიპლომატი ცნობილი კოლექციონერის, სტივენ ბოილის ნდობით აღჭურვილი პირი იყო და სწორედ მასთან ჩაჰქონდა სხვადასხვა (ძირითადად, კრიმინალური) გზით მოპოვებული ძვირფასი ქვები. ბოილს ძვირფასი ქვების უმდიდრესი კოლექცია ჰქონდა და თავისი კოლექციის შესავსებად დიდ თანხებს იხდიდა. როგორც თითქმის ყველა კოლექციონერი, ბოილიც შეგროვების მანიით იყო შეპყრობილი და არაფერს ერიდებოდა. ხშირად მილიარდერი კოლექციონერი თავად არკვევდა ძვირფასი ქვის ადგილმდებარეობას და მის მოპარვას თავად უკვეთავდა კრიმინალურ ჯგუფებსა თუ კერძო პირებს. ამიტომ მისი კოლექცია არასოდეს გამოფენილა საჯაროდ. სამართალდამცავებს ეჭვი ჰქონდათ, რომ ბოილის კოლექციის 90 პროცენტი კრიმინალური წარმოშობის იყო, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდი იყო. 1971 წლის ივნისში ოლივერ ჰასს სამსახურის ვადა გასდიოდა და 10 ივნისს შტატებში უნდა დაბრუნებულიყო. 6 ივნისს ბოილის ნდობით აღჭურვილი პირი მოულოდნელად საქართველოს დედაქალაქს ესტუმრა და სასტუმრო „თბილისში“ დაბინავდა. „კაგებე“ მას 24 საათის განმალობაში უთვალთვალებდა. ისინი თითქმის დარწმუნებული იყვნენ, რომ თბილისში ჰასს ბოილისთვის გამზადებული ძვირფასი ქვა უნდა მიეღო. კონტრმზვერავები ვარაუდობდნენ, რომ ეს უნდა ყოფილიყო 6-კარატიანი ცისფერი ბრილიანტი, რომელიც თავის დროზე ეკეტერინე მეორეს ეკუთვნოდა და 1970 წლის ოქტომბერში მოიპარეს ლენინგრადის „ერმიტაჟიდან“. მიუხედავად ტოტალური თვალთვალისა, ჰასის გამოჭერა ვერ მოხერხდა და კონტრმზვერავების ყველა მცდელობა უშედეგო იყო.
ბოლო მცდელობა
ოლივერ ჰასის „გამოჭერის“ ოპერაციას ძველი „ჩეკისტი“ პოლკოვნიკი ბორის მონიავა ხელმძღვანელობდა. საქმე ისე განვითარდა, რომ ჰასი 10 ივნისს თბილისიდან მოსკოვში უნდა ჩაფრენილიყო. შემდგომ კი აეროპორტშივე გადამჯდარიყო ამერიკულ თვითმფრინავში და შტატებში გადაფრენილიყო. ანუ, ისე გამოდიოდა, რომ თუკი ამერიკელს თბილისში ვერ გამოიჭერდნენ, ის ხელიდან დაუსხლტებოდათ და, ფაქტობრივად, ქვას შტატებში ჩაიტანდა. 10 ივნისს, დილის 7 საათსა და 30 წუთზე ჰასი თბილისის აეროპორტისკენ გაემგზავრა, რომ მოსკოვისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩამჯდარიყო. კონტრმზვერავებმა ბოლო მცდელობას მიმართეს და სანამ ამერიკელი საკონტროლო ხაზს გაივლიდა, მას ცალკე ოთახში გაყოლა სთხოვეს. შემდგომ კი ის ძალიან სკურპულოზურად შეამოწმეს. თუმცა ამერიკელი „სუფთა“ აღმოჩნდა. ასეთი ქმედებები დიპლომატის მიმართ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იყო დასაშვები და ჰასი რომ ვერ გამოიჭირეს, კონტრმზვერავები ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდნენ. სავარაუდოდ, მოსკოვში ჩაფრენილ ჰასს დიდი სკანდალის ატეხვა შეეძლო. მაგრამ ის ძალიან მშვიდად გამოიყურებოდა. მას მერე, რაც საკონტროლო ხაზი გაიარა, ამერიკელი სავალუტო ბარში იჯდა, ვისკის წრუპავდა და თვითმფრინავში ჩაჯდომის გამოცხადებას ელოდებოდა. „კაგებეს“ თანამშრომლები კი უძლურნი იყვნენ, რადგან თითქმის ყველა საშუალება გამოიყენეს და ძვირფასი ქვა მაინც ვერ აღმოაჩინეს. როდესაც თვითმფრინავში ჩაჯდომამდე 20 წუთი რჩებოდა, პოლკოვნიკმა ბორის მონიავამ ერთ-ერთი ხელქვეითი იხმო და უთხრა, მიდი, ბოლო მცდელობაც გამოიყენე და თუკი არ გაამართლა, მაშინ დღესვე დავწერ პენსიაზე გასვლის პატაკსო.
საკოლექციო ქვები
ჰასი შესანიშნვ ხასიათზე იყო და კიდევ ერთი ჭიქა ვისკი მოითხოვა. მიუტანეს, მოწრუპა და სულ რაღაც ერთი წუთის შემდეგ გველივით დაიკლაკნა, ოფლმა დაასხა და ტკივილისგან ღმუილი დაიწყო. ამერიკელი აეროპორტის სამედიცინო პუნქტში მიიყვანეს, რა თქმა უნდა, კონტრმზვერავების მეთვალყურეობით ჰასი საწოლზე დააწვინეს და ექიმი მის გასასინჯად მოემზადა. თუმცა, ამერიკელს მუცელი სჭრიდა და ფაღარათი დაეწყო. ნახევრად გათიშული ჰასი სანიტრებმა გაწმინდეს და იქვე ჩააძინეს. მანამდე კი მისი კუჭიდან გამოყრილი 2 ლალის თვალი და 1 ცისფერი ბრილიანტი იპოვეს. გარეცხეს და კონტრდაზვერვას გადასცეს. ეს ყოველივე ფოტო და კინოფირზე იყო დაფიქსირებული და საჭიროების შემთხვევაში, სამხილებს წარმოადგენდა. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ამერიკელს ვისკიში კუჭის ასაშლელი საშუალება გაურიეს. იქვე აეროპორტის სამედიცინო პუნქტში კი ჰასს თეთრი ტაბლეტი დაალევინეს და კუჭი შეეკრა. თუმცა, მოსკოვში გაფრენამდე ჩვენების დაწერა მოუწია, რომელშიც დაწვრილებით აღწერა, თუ როგორ მოიპოვა 2 ლალის თვალი და 1 ცისფერი ბრილიანტი. როგორც გაირკვა, ეს ქვები ამერიკელს საკონტროლო ხაზის გადაკვეთის შემდეგ გადასცა ვინმე ოთარ კეკელიძემ. კეკელიძე აეროპორტის მომსახურე პერსონალი იყო და ის „კაგებემ“ დააპატიმრა. ამერიკელი ქვეყნიდან გააძევეს. კეკელიძეს 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ქვები კი კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდათ და მანიაკი ამერიკელი კოლექციონერი ხახამშრალი დარჩა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან