კრიმინალური ისტორიები

როგორ დაიძვრინა თავი უეჭველი სიკვდილისგან ცნობილმა ქართველმა რეციდივისტმა

№12

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 01.04, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი გმირების გვარები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

გაქცევა

1972 წლის 2 მარტს, ციმბირის ¹17 მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიიდან 39 წლის მძარცველი, რეციდივისტი კონსტანტინე ბარამიძე, მეტსახელად „მონეტა“ გაიქცა. ის ოთხჯერ იყო ნასამართლევი ძარცვა-ყაჩაღობისა და გამოძალვისთვის. „მონეტა“ შიშის ზარს სცემდა, ეგრეთ წოდებულ, „ცეხავიკებს“ და მათ საკმაოდ მსუყე თანხებს „აწერდა“. მეოთხე „სროკზე“ ბარამიძე, სწორედ, გამოძალვის საქმეზე გაუშვეს: „მონეტა“ „ცეხავიკ“ ტატო ქურდიანს დაადგა და 5 ათას მანეთს სთხოვდა. ცეხავიკმა მას წინააღმდეგობა გაუწია. მოხდა შეხლა-შემოხლა და ქურდიანი მუცლის არეში ცივი იარაღით დაიჭრა, თუმცა სიკვდილს გადაურჩა. „მონეტა“ შეიპყრეს და სასამართლომ მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 8 თვის შემდეგ კი ბარამიძემ გაქცევა მოახერხა. თუმცა მთავარი ის იყო, რომ მან 50 კილომეტრი დათოვლილ, მგლებით სავსე ტაიგაში გაიარა და სამშვიდობოზე გავიდა. თავდაპირველად ბარამიძე მკვდარი ეგონათ, რადგან იქ გადარჩენა წარმოუდგენელი იყო. თუმცა, შემდგომ ის ერთ-ერთ ქალაქში შენიშნეს, მაგრამ ვერ მოიხელთეს და მისი კვალი დაიკარგა...

შურისძიება

ზონიდან გაქცეულ „მონეტას“ შურისძიების წყურვილი კლავდა და ისევ „ცეხავიკ“ ქურდიანს დაადგა, რომელსაც სვანეთის უბანში კერძო სახლი ჰქონდა. ბარამიძემ მასპინძელი მარტო მოიხელთა და იარაღის მუქარით უკვე 50 ათასი მანეთი მოსთხოვა, მაგრამ დამხვდურმა ისევ წინააღმდეგობა გაუწია, რასაც სროლა მოჰყვა. „მონეტამ“ ქურდიანი ფეხში დაჭრა და გაიქცა. თუმცა, ამ ამბავს მასპინძლის ძმა ოთარი შეესწრო, რომელიც სისხლის სამართლის სამძებროს ოპერმუშაკი იყო. ოთარ ქურდიანი სროლით დაედევნა „მონეტას“, მაგრამ საპასუხო სროლისას ისიც დაიჭრა და იძულებული გახდა, გაჩერებულიყო, მაგრამ მოახერხა და სამსახურში დარეკა. ქალაქ თბილისის მილიციის სამმართველომ ოპერატიული რეაგირება მოახდინა და სულ რაღაც 20 წუთში სვანეთის უბანი და მისი მოსაზღვრე რაიონების პერიმეტრი გადაკეტეს. მობილიზებული იქნა დამატებითი ძალები და ძებნის ოპერაცია კარგა ხანს მიმდინარეობდა. თუმცა „მონეტას“ კვალი ისევ დაიკარგა. მიუხედავად იმისა, რომ მილიციის მთელი აგენტურული ქსელი ფეხზე დააყენეს, ბარამიძის კვალს მაინც ვერ მიაგნეს. თუმცა, მილიცია მაინც ინტენსიურად განაგრძობდა ბოროტმოქმედის ძებნას.

აფეთქება ვერაზე

წარუმატებელი შურისძიებიდან ორი თვის თავზე ზემო ვერაზე, ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე მდებარე სახლის სარდაფში აფეთქება მოხდა. ღამის 2 საათი იყო და მოსახლეობას ეძინა. თუმცა გამოღვიძებულმა მოქალაქეებმა აფეთქების ადგილს მიაკითხეს და იქ უგონოდ დაგდებული 40 წლის მამაკაცი აღმოაჩინეს, რომელსაც მარცხენა ხელის მტევანი ჰქონდა მოგლეჯილი. სარდაფში კი დაჟანგული რკინის სეიფი იყო კედელში ჩამაგრებული და როგორც ექსპერტ-კრიმინალისტებმა მოგვიანებით დაადგინეს, აფეთქება, სწორედ, იმ სეიფის კარის გახსნისას მოხდა. აშკარა იყო, რომ სეიფი მარტივი წესით დაენაღმათ, ანუ კარს შიგნიდან „ლიმონკა“ ჰქონდა მიმაგრებული. სეიფში ორი ცალი პისტოლეტის გარდა არაფერი აღმოჩნდა, მტევანმოგლეჯილი, უგონოდ მყოფი მამაკაცი კი ვაკეში მდებარე მეცხრე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტს არანაირი საბუთი არ აღმოაჩნდა და გამომძიებლები მისი ნარკოზიდან გამოსვლას და ექიმების ნებართვას ელოდნენ, რომ დაეკითხათ. ექსპერტ-კრიმინალისტები კი გაოცებას ვერ მალავდნენ – წესით, ხელყუმბარას პაციენტის სხეულისთვის სასიკვდილო ჭრილობები უნდა მიეყენებინა, მან კი მხოლოდ ხელის მტევანი დაკარგა.

„მონეტას“ მონათხრობი

როდესაც ნაოპერაციევი პაციენტი გამოფხიზლდა და ექიმის ნებართვით მასთან გამომძიებელი მივიდა, გაირკვა, რომ მტევანმოგლეჯილი მამაკაცი 39 წლის ვადიმ გურგენაშვილი იყო. ის სვანეთის უბანში ცხოვრობდა მარტო და სასაფლაოს სიახლოვეს პატარა კარმიდამო ჰქონდა. გამომძიებლის კითხვაზე, თუ რა უნდოდა მას ზემო ვერაზე, თანაც ღამის 2 საათზე, გურგენაშვილმა უპასუხა: მთვრალი ვიყავი და მოსაშარდად შევედიო. ერთი სიტყვით, აშკარა იყო, რომ გურგენაშვილი ცრუობდა და რაღაცას მალავდა. თანაც ისიც გაირკვა, რომ მტევანმოგლეჯილი პაციენტი ადრე ნარკოტიკის გაყიდვისთვის 4 წელი იჯდა ციხეში. ამიტომ, მილიციის ოპერატიული ჯგუფი მის სახლში ჩხრეკაზე მივიდა. იქ კი საოცარი სურათი დახვდათ: გურგენაშვილის სახლის სარდაფში რკინის ძელზე მიბმული, პირში ჩოგბურთის ბურთგაჩრილი კონსტანტინე ბარამიძე, იგივე „მონეტა“ აღმოაჩინეს... მიუხედავად იმისა, რომ „მონეტა“ ძებნილი იყო, მილიციის დანახვამ ის უზომოდ გაახარა. „ქურდიანისგან რომ გამოვიქეცი, ამ სახლის პატრონთან შევაფარე თავი, რომელსაც ციხიდან ვიცნობდი. მან კი დრო იხელთა და ჯერ დამაძინა შემდგომ კი „პადვალში“ დამაბა და მეუბნებოდა – „ცეხავიკებს“ შენი სახელით ფულის მოთხოვნის წერილები დაუწერე და „მაყუთს“ რომ ავიღებ, გაგიშვებო. რა ძნელი მისახვედრი იყო, რომ ის კი არ გამიშვებდა, მომკლავდა. ამიტომ მოვატყუე და ვუთხარი – ვერაზე, ერთ სარდაფში ბევრი ოქრო მაქვს შენახული. სეიფი გახსენი და რომ აიღებ, მერე გამათავისუფლე-მეთქი. სეიფი კი დანაღმული მქონდა, რათა ჩემი მტერი „კოკინა“ (ცნობილი „ნასედკა“) ტექნიკურად მომეკლა, რადგან ვიცოდი, რომ როცა „სროკიდან“ გამოვიდოდა, ჩემთან იარაღების „დასათრევად“ მოვიდოდა. ახლა კი მარტივად გავთვალე – „ლიმონკით“ რომ ეს დამპალი „დაიბრიდებოდა“, მილიცია აქ მოვიდოდა და მიპოვიდა. თუმცა ეს ნაბიჭვარი გადარჩა...“

„მონეტა“ ზონაში დააბრუნეს და 3 წელიც დაუმატეს. ის ბოლომდე იჯდა და პატიმრობიდან 1990 წელს გათავისუფლდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი