კრიმინალური ისტორიები

როგორ დააყრევინა იარაღი მინისტრმა შევარდნაძემ ორგანიზებულ ბანდას

№13

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 07.04, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.

მოუხელთებელი ბანდა

1964 წლიდან საქართველოში გამოჩნდა კარგად ორგანიზებული ბანდა, რომელიც მსხვილი ძარცვებითა და რეკეტით იყო დაკავებული. იმ პერიოდში გამოცხადებული იყო, რომ საბჭოთა კავშირში მძიმე დანაშაული აღმოიფხვრა და მომხდარი ფაქტების აფიშირება არ ხდებოდა. თუმცა, ხალხში ხმები დადიოდა. ტყუილ-მართალი ერთმანეთში იყო გადახლართული და ამაზე ყველა სხვადასხვანაირად ლაპარაკობდა. ეს კი სახელმწიფო იდეოლოგიისთვის მიუღებელი იყო. თუმცა მილიციას დავალებული ჰქონდა, ბანდის საქმიანობა აღეკვეთა. მაგრამ ძალოვანები უძლურები იყვნენ. გამომდინარე იქიდან, რომ ბანდიტები უსისხლოდ მოქმედებდნენ, ძარცვავდნენ და არეკეტებდნენ მხოლოდ სახელმწიფოსა და გაქსუებულ მდიდრებს, აგრეთვე, ეხმარებოდნენ ღარიბებს, ამიტომ მათ ხალხში დასაყრდენი ჰქონდათ და ეს მნიშვნელოვნად ართულებდა მილიციის მუშაობას. თანაც, ბანდიტები საიმედოდ იყვნენ შენიღბულები. ამასთან, არც მათი ვინაობა იყო ცნობილი, არც რაოდენობა და ძირითადი ბაზირების ადგილი. ერთი სიტყვით, ეს ბანდა მოუხელთებელი იყო და ძალოვანი სტრუქტურების ყველა ძალისხმევა არაეფექტური გამოდგა.

პრინციპული მინისტრი

1965 წელს საქართველოს სსრ მილიციის მეთაურად ედუარდ შევარდნაძე დაინიშნა. შემდგომში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამინისტრო ეწოდებოდა და 37 წლის, ენერგიულმა მინისტრმა იმით დაიწყო მოღვაწეობა, რომ ყველა მსხვილი, გაუხსნელი საქმის ნუსხა მოითხოვა. სხვადასხვა დანაშაულთან ერთად შევარდნაძემ მოუხელთებელი ბანდის საქმიანობას მიაქცია ყურადღება და ორი კვირის შემდეგ სამსახურიდან ყველა ის თანამდებობის პირი გაუშვა, ვინც პასუხისმგებელი იყო, მსგავსი დანაშაულები აღეკვეთა. ახალდანიშნულებს კი პრინციპულად გამოუცხადა – თუკი, მაქსიმუმ, ერთ თვეში ამ საქმეებში სასიკეთო წინსვლა არ იქნება, თქვენც წინამორბედების ბედს გაიზიარებთო. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე შევარდნაძეს საგამოძიებო გამოცდილება არ ჰქონია, ის პირადად აქტიურად ჩაერთო ოპერატიული გეგმების მოფიქრებაში. ახალგაზრდა, პრინციპული მინისტრი ყოველდღიურად მართავდა ოპერატიულ თათბირს და ამ საქმეების მკვდარი წერტილიდან დაძვრა შეძლო.

მინისტრი-გადამბირებელი

მოუხელთებელი ბანდის პირადად გაცნობის შემდეგ შევარდნაძემ ერთ გარემოებას მიაქცია ყურადღება: ერთ-ერთ გაუხსნელ საქმეში აღნიშნული იყო, რომ კოოპერატორ ივანიძეს, უცნობებმა, 2 ათასი მანეთი „შეაწერეს“ და მანაც გადაიხადა. ეს ინფორმაცია ივანიძის მეუღლემ გააჟღერა, შემდგომ კი უარყო და მილიციამ ეს საქმე გაყინა. ახალმა მინისტრმა კი თავის მოადგილეს უთხრა – ამ ჩანაწერებიდანაც ნათელია, რომ შუამავალი ბანდასთანაა დაკავშირებული. ამიტომ, ივანიძისგან შუამაველზე უნდა გავიდეთ და მისი მეშვეობით – ბანდაზეო... და მართლაც, ივანიძე შევარდნაძესთან მიიყვანეს და ახლად დანიშნულმა მინისტრმა მას იმ კაცის ვინაობის გამხელა მოსთხოვა, ვისაც 2 ათასი მანეთი გაატანა. ივანიძე ამ ფაქტს უარყოფდა. მაშინ შევარდნაძემ მას დაუფარავად უთხრა, რომ სახელმწიფო ორგანოების შეცდომაში შეყვანისთვის ციხეში ჩასვამდა. ამან გაჭრა და ივანიძემ პეტრე გოგუაძე დაასახელა, ვისაც ფული გაატანა. გოგუაძე ტაქსისტი იყო და მილიციის ოპერებმა ის, თავისი ტაქსიანად, სამინისტროში მიიყვანეს და მინისტრთან შეიყვანეს. შევარდნაძემ კი მას პირდაპირ უთხრა: 26 წლის ახალგაზრდა კაცი ხარ და თუკი არ დაგვეხმარები, გარწმუნებ, რომ 15 წლით ციხეში ჩაჯდებიო.

წარმატებული აქცია

პეტრე გოგუაძე მიხვდა, ვისთან ჰქონდა საქმე და შევარდნაძეს უთხრა:

– ბანდა, ძირითადად, საქართველოს მთიანეთში ბაზირებს. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ 30-35 კაცი უნდა იყოს. ვიცნობ მხოლოდ მეთაურს – კირილე ზვიადაძეს. ის ჩემი შორეული ნათესავია, 33 წლის. ზუსტად სად ცხოვრობს, არ ვიცი, მაგრამ მას ჰყავს საყვარელი ეთერ კვირიკაძე. მისგან კი – 11 თვის შვილი და კირილე ხშირად მიდის მასთანო...

პეტრე გოგუაძე უკვე აღარ იყო საშიში და შევარდნაძემ ის გაუშვა, მაგრამ დაარიგა, რომ ფრთხილად ყოფილიყო. თავის ოპერებს კი დაავალა ეთერ კვირიკაძის ბინაზე 24-საათიანი თვალთვალი დაეწესებინა და ყველა მისი სტუმრისთვის, მათ პიროვნების დადგენის მიზნით, სურათი გადაეღოთ. ორი კვირის მერე მილიციელებმა კირილე ზვიადაძე გაშიფრეს, თუმცა ხელი არ ახლეს. თან ეთერისგან შეიტყვეს, რომ კირილე სამი დღის მერე ისევ უნდა მოსულიყო და მართლაც, სამი დღის შემდეგ საყვარელთან მისულ ბანდის მეთაურს ბინაში ედუარდ შევარდნაძე დახვდა. მინისტრმა ბანდიტს უთხრა, რომ სისხლის ღვრის თავიდან აცილების მიზნით, თავისი ბანდის წევრები დაერწმუნებინა, რომ ჩაბარებოდნენ. თანაც შეჰპირდა, რომ ბანდის წევრებს მინიმალური ვადით პატიმრობას გამოუტანდნენ...

– ახლა კი წადი და ერთი კვირა გაქვს, რომ ჩაგვბარდეთო...

ზვიადაძე არც ლაჩარი იყო და არც უტვინო. მაგრამ, სავარაუდოდ, მართლა დაიჯერა, რომ მილიციას ისინი მიზანში ჰყავდათ ამოღებული, რაც ტყუილი იყო. მთავარი კი, ის იყო, რომ ზვიადაძის საყვარლისა და შვილის ადგილსამყოფელი მილიციამ უკვე იცოდა და ბანდის მეთაური მათ ცუდ დღეში ჩაგდებას მოერიდა. ათი დღის შემდეგ კი 40-კაციანი ბანდის ყველა წევრი საკუთარი ფეხითა და იარაღით მივიდა სამინისტროს ეზოში და ჩაბარდა. როგორც შევარდნაძე შეჰპირდა, ბანდიტებს პატიმრობის მინიმალური ვადები შეუფარდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი