კრიმინალური ისტორიები

როგორ დააღწია ბორდელის ტყვეობას თავი თბილისიდან გატაცებულმა გოგონამ - 22 წლის ლელას ამბავი

№15

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 21.04, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ყველა მოქმედი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ლელიკო

1998 წლის ივნისში თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი უზარმაზარი ტანკერი ნიუ-იორკის პორტში შევიდა და რეიდზე დადგა. მრავალკაციან მომსახურე პერსონალს შორის ტანკერზე ემზარ კაციტაძეც მუშაობდა. ეს 25 წლის კაცი თბილისელი იყო. საზღვაო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული და ტანკერზე კონკურსის შედეგად მოეწყო. ემზარმა სავალდებულო საბაჟო შემოწმება გაიარა და ხმელეთზე გადავიდა. ჯიბეში მას ათასიოდე ამერიკული დოლარი ედო. ერთთვიანი განუწყვეტელი ცურვის შემდეგ ახალგაზრდა კაცს დროის გატარება მოუნდა და პორტის ბორდელის სტუმრობა გადაწყვიტა. კოლეგებისგან იცოდა, რომ ბორდელი არც თუ ისე ძვირი იყო. გოგონებსაც არა უშავდა და გეზი სწორედ იქით აიღო. როდესაც ქართველ მეზღვაურს მეძავების ფოტოები უჩვენეს, ემზარმა შავგვრემანი გოგონა აირჩია. კატალოგში ის 21-ე ნომრით იყო აღნიშნული. კაციტაძე ოთახში განმარტოვდა და მეძავს ელოდა. ათიოდე წუთის შემდეგ მას არჩეულმა გოგონამ მიაკითხა. ემზარმა მას ყურადღებით შეავლო თვალი და გაოცებულმა ქართულად მიმართა:

– ლელიკო, ვერ მიცანი?

მეძავი შეცბა. კლიენტს დააკვირდა და აღმოხდა:

– ემზარიკო, შენ“?!

– ჰო. მე ვარ. ლელიკო, აქ როგორ მოხვდი? – ჰკითხა აღელვებულმა მეზღვაურმა.

ლელიკო – იგივე ლელა კარტოზია, ემზარ კაციტაძის მეზობელი იყო. გოგონა 1993 წელს სამუშაოდ ესპანეთში წავიდა.

გაქცევა

ლელა კარტოზიამ ემზარს დაწვრილებით უამბო, როგორ მოხვდა იმ საშინელ დაწესებულებაში. აღმოჩნდა, რომ საყოველთაო არეულობის დროს –– 1993 წელს მან გადაწყვიტა, საზღვარგარეთ გამგზავრებულიყო და ცოტა ფული ეშოვა, რომ ოჯახს დახმარებოდა. და რადგან დედისერთა გოგონას მშობლები არსად გაუშვებდნენ, ლელამ ფარული მოქმედება დაიწყო. გოგონამ გაიცნო ვინმე ჯემალ კამკამიძე და ის შეჰპირდა დახმარებას. ლელა ენდო კამკამიძეს. სახლიდან გაიპარა და თხუთმეტამდე გოგონასთან ერთად ჯერ თურქეთში აღმოჩნდა, შემდგომ ზღვით ესპანეთში ჩაიყვანეს, ვითომდა, ციტრუსების პლანტაციებზე სამუშაოდ. სინამდვილეში კი ლელა კერძო ბორდელში აღმოჩნდა. ხოლო როდესაც გაირკვა, რომ ქართველი გოგონა ქალწული იყო, 22 წლის ლელასთან ვიღაც შუა ხნის მამაკაცი შეუშვეს. მოძალადემ კი ქალწულთან ურთიერთობისთვის მსხვილი თანხა გადაიხადა. ესპანეთიდან ლელა კარტოზია შეერთებულ შტატებში აღმოჩნდა და იძულებული გახდა, ბედს დამორჩილებოდა. გოგონას უთხრეს, რომ ურჩობის შემთხვევაში მას მექსიკაში გაამწესებდნენ და იქ კი ორიოდე თვესაც ვერ გაძლებდა. ეს ისტორია რომ მოისმინა, ემზარმა ლელას უთხრა:

– რომ გაგაქციო, გაწყობს? წამოხვალ საქართველოში?

ლელა ემზარს დათანხმდა და ორი დღის შემდეგ ქართველი გოგონა უკვე ტანკერზე იმალებოდა და ერთი თვის შემდეგ კი უკვე თბილისში იყო.

საერთაშორისო სინდიკატი

მიუხედავად იმისა, რომ 1998 წელს ქვეყანაში სტაბილური სიტუაცია იყო და ქუჩებში ტყვიებს აღარ ისროდნენ, პოლიციისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების იმედი არავის ჰქონდა. ამიტომ, ემზარის რჩევით, ლელამ ინგლისურ და ქართულ ენებზე თავისი ისტორია კასეტებზე ჩაწერა. ერთი ეგზემპლარი „ინტერპოლის“ შტაბ-ბინაში გაგზავნა, მეორე კი – საქართველოს უშიშროების სამსახურში. მართალია, ლელა დაკითხვაზე დაიბარეს და ჩვენებაც ჩამოართვეს ადგილობრივ უშიშროებაში, მაგრამ სულ ეს იყო. „ინტერპოლმა“ კი თავისი წარმომადგენელი გამოგზავნა თბილისში. მან ჩვენება ჩამოართვა ლელა კარტოზიას. ჯემალ კამკამიძე უნდა დაეკითხათ, მაგრამ ის სახლში არ აღმოჩნდა. ოთხი დღის მერე კი კამკამიძის ცხედარი რუსთავში გამორიყა მტკვარმა. ის მოკლული იყო და ყელზე ფოლადის მარყუჟი ჰქონდა შემოჭერილი. ეს კი იმაზე მიუთითებდა, რომ კამკამიძე მავთულით დაახრჩვეს და მდინარეში მერე გადააგდეს. ამით გამოძიების ჯაჭვი გაწყდა. თუმცა, „ინტერპოლმა“ ძიება განაგრძო და ტრეფიკინგის საერთაშორისო სინდიკატი აღმოაჩინეს, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ჰქონდა ფესვები გადგმული. 1999 წელს „ინტერპოლმა“ ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარა 11 ქვეყანაში და 64 ადამიანი დააპატიმრეს. მათ შორის 4 თბილისში. 1999 წელს ბელგიაში გაიმართა სასამართლო პროცესი და სინდიკატის წევრებს სხვადასხვა სასჯელი გამოუტანეს. სასამართლოზე დაზარალებულის სტატუსით ლელა კარტოზიაც მონაწილეობდა.

პ.ს. ლელა კარტოზია დღეს საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში ცხოვრობს ქმარ-შვილთან ერთად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი