კრიმინალური ისტორიები

როგორ აღმოჩნდა უზარმაზარი ქონება თბილისის უნივერმაღის ჭაღებში

№17

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 06.05, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ხანძარი

1968 წლის 31 მარტს თბილისის სახანძრო სამსახურის მორიგეს შეატყობინეს, რომ მარჯანიშვილის ¹7-ში თბილისის ცენტრალური უნივერმაღის შენობა იწვოდა. მიუხედავად იმისა, რომ დილის 5 საათი იყო, სახანძრო ბრიგადებმა სწრაფი რეაგირება მოახდინეს და ცეცხლის ლოკალიზების შემდეგ ხანძარი მთლიანად ჩააქრეს. საინტერესო იყო ის, რომ შენობას ცეცხლი მხოლოდ მეორე სართულზე გაუჩნდა, დანარჩენ სართულებს კი არც შეხებია. ხანძრის ასეთი სურათი ეჭვს იწვევდა, რომ ცეცხლი ხელოვნურად გააჩინეს. მით უმეტეს, რომ ამ სართულზე იმპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სექციები იყო განლაგებული. მის გამგეს, ანტონ დობორჯგინიძეს კი „ობეხეესი“ (ეკონომიკური დანაშაულების განყოფილება) ამოწმებდა. ამიტომ სასწრაფოდ დალუქეს დამწვარი სართული, რომ სრულფასოვანი ექსპერტიზა ჩაეტარებინათ და სიმართლე დაედგინათ. დანარჩენი სართულები კი ჩვეულებრივად ფუნქციონირებდა. თუმცა, ორი დღის შემდეგ უკვე მთელი უნივერმაღი ჩაკეტეს და შენობაში უნიფორმიანი ადამიანები მუშაობდნენ, რომლებიც იქაურობას ჭიანჭველებივით იყვნენ შესეულები. ამის გამო, თბილისში ათასგვარი ჭორი დადიოდა. ოთხი დღის შემდეგ უნივერმაღი კვლავ გააღეს, მაგრამ იქაურობას აშკარად რაღაც მნიშვნელოვანი აკლდა.

შეცვლილი ჭაღები

ეგრეთ წოდებული „მარჯანიშვილის უნივერმაღის“ შენობა 1913 წელს გაიხსნა და კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკურ საზოგადოებას ეკუთვნოდა. 1919-1921 წლებში კი, საქართველოს გასაბჭოებამდე, ამ ოთხსართულიანი შენობის მინუს ორი სართული და ზედა პირველ-მეორე სართულები ასწლიანი იჯარით ჰქონდა აღებული იუველირ ნათან მარტინსონს. მას სარდაფებში ოქროსა და ძვირფასი ქვების სახელოსნოები ჰქონდა მოწყობილი. პირველ სართულზე იყო საიუველირო მაღაზია, ხოლო მეორეზე კი – საუველირო კანტორა (ოფისი).

მარტინსონის ფირმამ 1921 წლის მაისამდე, ანუ გასაბჭოებიდან კიდევ სამი თვე, იმუშავა და „ჩეკამ“ ის დახურა. თავად ნათანი კი დააპატიმრეს, მის საკუთრებაში არსებული ძვირფასეულობა და დაზგა-დანადგარები კი ჩამოართვეს. თუმცა, ახალი ხელისუფლება ფიქრობდა, რომ ებრაელი იუველირი ბევრად უფრო მეტ ქონებას ფლობდა, რომელიც გადამალული ჰქონდა. მარტინსონი ამ ბრალდებებს უარყოფდა, მაგრამ მისი არავის სჯეროდა და ციხიდან არ უშვებდნენ. მიუხედავად ამისა, 42 წლის იუველირმა 1921 წლის ოქტომბერში „ჩეკადან“ გაქცევა მოახერხა მას ბიძაშვილი, მიხეილ მარტინსონი დაეხმარა, რომელიც პეტრე ხელაძის ყალბი საბუთებით მსახურობდა „ჩეკაში“. ბიძაშვილებმა საფრანგეთში გაქცევა მოახერხეს და ნათანის ოჯახს შეუერთდნენ, რომელიც იუველირმა ჯერ კიდევ 1920 წლის ნოემბერში გახიზნა.

ახალმა ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, შენობას პროფილი შეუცვალა და იქ სხვადასხვა სამსახურები განთავსდა. 1934 წელს კი შენობა ცენტრალურ უნივერმაღად გადაკეთდა. პროფილის თუ ინტერიერის ცვლილებების მიუხედავად, ოთხსართულიან შენობას ძალიან ლამაზი ჭაღები ამშვენებდა, რომელთათვისაც არავის უხლია ხელი. მათი დემონტაჟი და ახლებით შეცვლა მხოლოდ ხანძრის შემდეგ განხორციელდა, მაშინ კი თბილისელებს აშკარად მოაკლდათ თვალში.

გასაიდუმლოებული საქმე

ანტონ დობორჯგინიძის „კუდზე დამჯდარმა“ „ობეხეესმა“ 40 წლის სექციის გამგეს 62 ათასი მანეთის მიტაცება და ხანძრის მოწყობა დაუმტკიცა. თავდაპირველად სასამართლომ მას სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. მაგრამ, მოგვიანებით 15-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს და ციხეში მოათავსეს. თუმცა უნივერმაღის დაწვის საქმეს სულ სხვა გაგრძელება ჰქონდა და ეს საქმე გასაიდუმლოებული იყო. „ძაღლის თავი“ სულ სხვაგან იყო დამარხული.

ექსპერტიზამ, რომელიც დობორჯგინიძის მიერ მოწყობილი ხანძრის ზარალს ადგენდა, მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ დამწვარ ნივთებსა თუ სხვა ადგილებზე დამდნარი ოქროს ნაწვეთები იყო. როგორც დადგინდა, ეს წვეთები ჭაღებიდან იყო გადმოსული. ამიტომ უნივერმაღი რამდენიმე დღით დახურეს. ყველა ჭაღი ჩამოხსნეს, გულმოდგინედ შეამოწმეს და განსაცვიფრებელი შედეგი მიიღეს. როგორც აღმოჩნდა, უნივერმაღის 12 ჭაღში ძალიან ოსტატურად იყო ჩალაგებული ოქროსგან ჩამოსხმული სხვადასხვა დეტალი. ეს კი იმაზე მიუთითებდა, რომ ნათან მარტინსონმა თავისი ქონების დიდი ნაწილის გატანა ან არ ისურვა, ან ვერ მოახერხა და ჭაღებში დამალა. „კაგებემ“ უნივერმაღის ჭაღებში 60 კილოგრამი ოქრო აღმოაჩინა. შემოწმდა მთელი უნივერმაღი. კედლები, სარდაფები, მაგრამ სხვაგან ვერაფერი იპოვეს. საგულისხმო დეტალია, რომ თბილისში აღმოჩენილი ეს ქონება მოსკოვში გადაიგზავნა და თბილისში არავის დაუბრუნებია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი