კრიმინალური ისტორიები

როგორ „აახია“ 150 ათასი დოლარი სპონსორებს ქართველთა კრიმინალურმა ოთხეულმა

№24

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 24.06, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი გმირების სახელები შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

კრიმინალური კვარტეტი

პეტრე მონიავა, კოტე გიორგაძე, ვანო გრძელიშვილი და ია ბერიძე ჯგუფელები იყვნენ. მათ თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი ჰქონდათ დამთავრებული. გარდა ამისა, ოთხივე თითქმის ყველა ძირითად ევროპულ ენას ფლობდა. ისინი 1979 წლის კურსდამთავრებულები იყვნენ და სულ რაღაც 22–22 წლისანი, როდესაც კრიმინალური საქმიანობა წამოიწყეს. მოსკოვის ოლიმპიადის ცხელ დღეებში მოდურად გამოწყობილი ოთხეული თავს უცხოელებად ასაღებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე მილიცია და უშიშროება პატრულირებდა, ისინი თავისუფლად დანავარდობდნენ მოსკოვის ქუჩებში. ეცნობოდნენ როგორც საბჭოელებს, ასევე უცხოელებს, მათ ნდობას მოიპოვებდნენ და როდესაც ისინი ყურადღებას მოადუნებდნენ, ძარცვავდნენ და შემთხვევის ადგილს ტოვებდნენ. ზოგ შემთხვევაში, ია ბერიძე „პუტანკას“ როლს თამაშობდა. „კლიენტი“ ერთი დღით ნაქირავებ ბინაში მიჰყავდა და სანამ ის აბაზანას იღებდა, უკანასკნელ ცენტამდე ძარცვავდა მას და მიდიოდა. ამ კრიმინალურმა კვარტეტმა მოსკოვში, სულ რაღაც, 10 დღე დაჰყო და ამ ხნის განმავლობაში 25 სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინა. ნადავლი 11 ათას მანეთს, 8 ათას დოლარს, ძვირფას ნივთებსა და ტანსაცმელს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალურ კვარტეტს მილიცია და „კაგებე“ ეძებდა, მათ მოსკოვიდან დროულად გააღწიეს და რაჭის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში „ფსკერზე დაწვნენ“. ერთი თვე მათ ფეხი არ მოუცვლიათ, არსად გამოჩენილან. სექტემბრის მიწურულს კი ოთხეული სოჭში გაემგზავრა „საგულაოდ“.

„გუდბაი, ჯინა“

სოჭში „საგულაოდ“ ჩასული ფულიანი კრიმინალური კვარტეტი, ყოველი შემთხვევისთვის, სხვადასხვა სასტუმროში დაბინავდა. დროს კი ერთად ატარებდნენ. 27 სექტემბერს, ოთხეული სასტუმრო „ჟემჩუჟინას“ რესტორანში ვახშმობდა, როდესაც მათ მილიცია დაადგა თავს და ია ბერიძე დააკავეს. მილიციელები კი ვინმე ლუის ბელმა მოიყვანა. ის ბრიტანეთის მოქალაქე იყო და საელჩოში მძღოლად მუშაობდა. სოჭში კი დასასვენებლად იმყოფებოდა და „ჟემჩუჟინაში“ ცხოვრობდა. ბელი ოლიმპიადის დროს მოსკოვში იყო. ია მას „პუტანკა“ ჯინად გაეცნო. გაძარცვა და მიიმალა. ბელმა გოგონა სოჭში იცნო და მილიცია დააყენა თავზე. როგორც წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები, ია ვითომ სოჭში გაიცნეს თბილისელმა ბიჭებმა და მასთან საერთო არაფერი ჰქონდათ. გოგონა დააკავეს. დანარჩენები კი მილიციიდან გაუშვეს. ისინი იას გამოხსნას შეეცადნენ, რომელიც არც დანაშაულს აღიარებდა და მის წინააღმდეგ არანაირი სამხილი არ ჰქონდათ, ბელის ჩვენების გარდა. თუმცა არ გამოუვიდათ, რადგან საქმეში დაზარალებულად ბრიტანეთის მოქალაქე ფიგურირებდა. საბოლოოდ ია ბერიძე 6 წლით ჩასვეს ციხეში.

გრანდიოზული პოდიუმი

ია ბერიძემ ბოლომდე მოიხადა პატიმრობის ვადა და 1986 წლის ოქტომბერში გათავისუფლდა. ამ ხნის განმავლობაში იას მეგობრები გოგონას ჩიტის რძესაც არ აკლებდნენ და როდესაც ია პატიმრობიდან გათავისუფლდა, მშვენივრად გამოიყურებოდა. ოთხეული კვლავ შეიკრიბა და იამ მეგობრებს შესთავაზა, რომ „პერესტროიკით“ გამოწვეული არეულობა სათავისოდ გამოეყენებინათ და დიდი ფული ეშოვათ. თავდაპირველად მეგობრებმა ყალბი საბუთები იშოვეს, დროდადრო საზღვარგარეთ გადიოდნენ და იქ საჭირო კავშირებს ამყარებდნენ. მთელი 1987 წელი მათ ამ საქმიანობას მოანდომეს. ამასობაში ქვეყანა კიდევ უფრო ლიბერალური გახდა. მთლიანად მოიშალა საბჭოური წესრიგი და რაც მთავარია, ადამიანებს ნება დართეს, რომ ვალუტა ჰქონოდათ. იას ინიციატივით ოთხეულმა გაყალბებული საბუთებით კოოპერატივი „პოდიუმი“ შექმნეს და თავიანთ ფრანგ და იტალიელ „კოლეგებთან“, სპონსორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, შესთავაზეს, პარიზსა და მილანში დიდი საბჭოთა პოდიუმი მოეწყოთ. მსგავს ღონისძიებას ორმაგი დატვირთვა ჰქონდა. ერთი მხრივ, სამოდელო საქმიანობისთვის შესაფერისი გოგონები უნდა შეერჩიათ. მეორე და მთავარი მხარე კი ის იყო, რომ ჩვენებას მდიდარი ადამიანები ესწრებოდნენ და თავისთვის ახალგაზრდა, ლამაზ საყვარლებს არჩევდნენ. სწორედ, ასეთი ხალხი აფინანსებდა ამ ღონისძიებას და ოთხეული მათთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს. 1988 წლის გაზაფხულზე შეთანხმდნენ კიდეც, რომ 19 ივლისს პარიზში, 22 ივლისს კი მილანში გრანდიოზული პოდიუმები გაიმართებოდა. შედგა ერთობლივი პროგრამა და რაც მთავარია, სპონსორებს გაუგზავნეს 50 ულამაზესი გოგონას ფოტოები. ივლისის დასაწყისში „პოდიუმის“ საერთაშორისო ანგარიშზე კი წინასწარ 150 ათასი დოლარი ჩაირიცხა. დანარჩენ 350 ათასს კი პოდიუმის დასრულების მერე გადაიხდიდნენ. თუმცა, 4 ივლისს „პოდიუმის“ ანგარიშიდან ეს თანხა მოიხსნა. პოდიუმები კი არ გაიმართა და მხოლოდ მაშინღა მიხვდნენ ფრანგები და იტალიელები, რომ ისინი მოატყუეს. კრიმინალურ ოთხეულს „ინტერპოლი“ ეძებდა. 2000 წელს ია ბერიძე და კოტე გიორგაძე ნიცაში დააკავეს. თუმცა მალევე გაათავისუფლეს სამხილების უქონლობის გამო. ია და კოტე 1997 წელს დაქორწინდნენ. ისინი დღეს ევროპაში ცხოვრობენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი