კრიმინალური ისტორიები

რატომ შერაცხეს გიჟად საბჭოთა გენერლებმა ქართველი მაიორი

№33

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 25.08, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.

პატაკი

1989 წლის 15 თებერვალს ავღანეთის მიწა ბოლო საბჭოთა სამხედრო ნაწილმა დატოვა. მათ შორის იყო 33 წლის ქართველი მაიორი, გურამ კაკაბაძე. ის სადესანტო-მოიერიშეთა სპეციალურ ქვედანაყოფში მსახურობდა და ორი საბრძოლო ორდენით იყო დაჯილდოებული. თუმცა, ქართველი მაიორი ხელბორკილებით ჩაიყვანეს მოსკოვში და ცენტრალური ჰაუპტვახტის ერთადგილიან საკანში გამოკეტეს.

საქმე კი ის იყო, რომ 1 თებერვალს გურამი და მისი მებრძოლები ავღანეთში ბოლო სპეცოპერაციას ასრულებდნენ და საქმეს რომ მორჩნენ, მათ გამოსაყვანად ვერტმფრენი უნდა მისულიყო, თუმცა ის არ გამოჩენილა. ამიტომ, მებრძოლებმა თავად სცადეს გამოსვლა. გზაში კი მოჯაჰედებთან რამდენიმე შეტაკება მოუწიათ. ცოცხალი მხოლოდ 11 კაცი დარჩა. ურთიერთსროლაში 9 კაცი დაკარგეს, თუმცა, მოახერხეს და ყველას ცხედარი წამოიღეს. ამის გამო კაკაბაძემ გენერალ სავინს ახსნა-განმარტება მოსთხოვა, რომელიც ვერტმფრენის გაგზავნაზე იყო პასუხისმგებელი. სავინმა გურამს უთხრა, რომ ვერტმფრენი დროზე არ დაბრუნდა ბაზაზე და ამიტომ არ გამოგიგზავნეთო. სინამდვილეში კი ვერტმფრენი ნარკოტიკების გადაზიდვით იყო დაკავებული. გურამმა თავდაცვის მინისტრის სახელზე პატაკი დაწერა, რომელშიც ყველაფერი დაწვრილებით იყო აღწერილი და ქართველ მაიორს არც ნარკოგადაზიდვები გამორჩენია. პატაკი სპეციალური ფოსტით უნდა გაეგზავნათ მოსკოვში, მაგრამ დალუქული კონვერტი გახსნეს, წაიკითხეს და გაანადგურეს. გურამ კაკაბაძე კი გენერლის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დააპატიმრეს, ხელბორკილები დაადეს და მოსკოვში ისე ჩაიყვანეს.

გაქცევა

მოსკოვის ცენტრალურ ჰაუპტვახტში ქართველ მაიორს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი, გენერალი ივანე ფროლოვი ესტუმრა და შესთავაზა: თუკი ის ხელს აიღებდა თავის პატაკზე და იქ აღწერილ ამბებს აღარ გაახმოვანებდა, მაშინ ერთ საათში გაათავისუფლებდნენ პატიმრობიდან, პოდპოლკოვნიკის რიგგარეშე ჩინს მიანიჭებდნენ და 30 ათას მანეთს გადაუხდიდნენ. კაკაბაძემ მშვიდად მოუსმინა ფროლოვს და მტკიცე უარი უთხრა. ქართველი მაიორი ჯერ სერბსკის ფსიქიატრიულ კლინიკაში წაიყვანეს გასინჯვაზე და როდესაც სამხედრო მაღალჩინოსნებმა ექიმებს კაკაბაძისთვის გიჟის დიაგნოზი დაასმევინეს, ის ყაზანის ფსიქიატრიულ საპყრობილეში გადამალეს და მკურნალობის სპეციალური კურსი დაუნიშნეს. სინამდვილეში კი ასეთი კურსით მკურნალობის მაგივრად სრულიად ჯანმრთელ ადამიანს ჭკუიდან შლიდნენ. გურამ კაკაბაძე ყაზანის ჯოჯოხეთში 1989 წლის 19 აპრილს გაამწესეს. 1991 წლის 22 აპრილს კი ქართველმა მაიორმა ამ ჯოჯოხეთს თავი დააღწია. ეგრეთ წოდებულ, „წყლის პროცედურებზე“ კაკაბაძე ორმა სანიტარმა გორგოლაჭიანი საკაცით წაიყვანა. პროცედურები, სინამდვილეში, წამების ერთ-ერთი სახეობა იყო და ექსპერიმენტისთვის სჭირდებოდათ. პაციენტს დროგამოშვებით ხან ყინულიან წყალში აწვენდნენ, ხან ძალიან ცხელში და მისი ორგანიზმის ფუნქციურ შესაძლებლობებს იკვლევდნენ. საამისოდ კი უკვე მოტეხილ პაციენტებს არჩევდნენ, ვისაც მოძრაობა არ შეეძლო. კაკაბაძე შესანიშნავ ფორმაში იყო და დავრდომილს მხოლოდ თამაშობდა; მან პროცედურაზე მიმავალ გზაზე ორივე კუნთმაგარი სანიტარი გაანეიტრალა და გათიშა. შემდგომ, ერთ-ერთ შეიარაღებულ მცველს გაუსწორდა, გათიშულს იარაღი აართვა და ფსიქიატრიული კლინიკა დატოვა.

ემიგრაციაში

ყაზანის ჯოჯოხეთიდან გაქცევა წარმოუდგენელი რამ იყო. ფეხზე დააყენეს თათარსტანის მთელი მილიცია. კაკაბაძის ძებნაში ჯარის ნაწილებიც ჩაერთნენ. ყველა გზა შეკრეს და გაქცეულის ტოტალური ძებნა გამოაცხადეს, მაგრამ ქართველი მაიორის კვალს ვერსად მიაგნეს. ამასობაში კაკაბაძე თბილისში ჩავიდა და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ერთ-ერთ სპეცდანაყოფში დაიწყო მუშაობა. მოსკოვმა კაკაბაძის ექსტრადიცია მოითხოვა, მაგრამ პრეზიდენტმა მათ ცივი უარი სტკიცა. სამხედროებმა კაკაბაძის გასატაცებლად, უკიდურეს შემთხვევაში კი – მოსაკლავად, თბილისში „გრუს“ ოთხკაციანი ჯგუფი მოავლინეს. თუმცა არც ეს განხორციელდა. თბილისში რომ გამსახურდიას მოწინააღმდეგეებმა ომი დაიწყეს, იმ დროს გურამ კაკაბაძე სპეციალური საიდუმლო მისიით ერთ-ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში იმყოფებოდა. თბილისში ის 3 იანვარს დაბრუნდა. ზვიადის განდევნის მერე კი თავადაც ემიგრაციაში წავიდა და ჯერ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდა, ბოლოს კი უკრაინაში დასახლდა. უკანასკნელად გურამ კაკაბაძე 2021 წელს უკრაინის ქალაქ ლვოვში ნახეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი