კრიმინალური ისტორიები

რატომ დააკავეს იუგოსლავიაში ჩემპიონი ქართველი მოკრივე

№18

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 13.05, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

ანომალიური შემთხვევები

1972 წლის მაისში ნორვეგიის დედაქალაქის პოლიცია დაბნეული და გაოცებული იყო. 11 მაისს ოსლოში ზედიზედ ორი დანაშაული მოხდა. დაახლოებით, 21 საათსა და 45 წუთზე ქალაქის ერთ პატარა ქუჩაზე, სულ რაღაც 200 მეტრის დაშორებით, ორი ადგილობრივი მოქალაქე გაძარცვეს. მათ უცნობი პიროვნება დაესხა თავს. ყბაში დარტყმით გათიშა, საფულე და ძვირფასი ნივთები ამოაცალა და მიიმალა. დანაშაული, სავარაუდოდ, ერთმა ადამიანმა ჩაიდინა, თანაც, სულ რაღაც, 20 წუთის ინტერვალით. შემთხვევის ადგილებზე მისულმა პოლიციამ ვერანაირ სამხილს ვერ მიაგნო. ძაღლმა კი აიღო კვალი, მაგრამ ის მალევე დაკარგა ფართო გამზირზე. ოსლოს პოლიცია კი იმან დააბნია და განაცვიფრა, რომ ამ ქვეყანაში არამც თუ ასეთი ძარცვა, არამედ უბრალო დანაშაულიც არ ხდებოდა. სამართალდამცველებმა ინტენსიური გამოძიება დაიწყეს, მაგრამ შედეგი ნულის ტოლი იყო.

პოლონური ანალოგია

იმავე წლის ივლისში ოსლოში მომხდარი დანაშაულის მსგავსი პოლონეთის ქალაქ კრაკოვშიც განმეორდა და იქაც ორი მოქალაქე იყო გაძარცვული. ყველაფერი ერთმანეთს ემთხვეოდა, თუმცა სამართალდამცავმა სტრუქტურამ აქაც ვერ მიაგნო კვალს. მართალია, პოლონეთი არ გამოირჩეოდა ნორვეგიისნაირი იდეალური წესრიგით და კრიმინალური სამყარო იქ საკმაოდ აქტიური იყო, მაგრამ მსგავსი ტიპის ძარცვები არც კრაკოვში ხდებოდა და ანომალია თუ არა, იშვიათობა მაინც იყო. მართალია, პოლონეთი სოციალისტურ ბანაკს ეკუთვნოდა, მაგრამ იქ ცდილობდნენ დამოუკიდებელი პოლიტიკა ნაწილობრივ მაინც გაეტარებინათ. ამის ერთ-ერთი გამოვლინება ის იყო, რომ „ინტერპოლს“ პოლონეთში საკმაო წვდომა ჰქონდა და ადგილობრივ ძალოვნებთან ინფორმაციის გაცვლა ხორციელდებოდა. „ინტერპოლში“, სწორედ, ამის წყალობით შეიტყვეს ამ ორი ანალოგიური დანაშაულის შესახებ, რომლებიც სულ რაღაც 2 თვის ინტერვალში მოხდა და სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებებში ადგილობრივ ძალოვნებთან ერთად უკვე „ინტერპოლის“ გამოცდილი თანამშრომლები ჩაერთნენ. საქმემ წინ წაიწია.

კვალი

„ინტერპლის“ თანამშრომლებმა რომ კვლევა-ძიებასა და ანალიზს მიჰყვეს ხელი, დაადგინეს, რომ დიდი ალბათობით, დამნაშავე–მძარცველი სპორტსმენი, კერძოდ კი პროფესიონალი მოკრივე იყო. ამაზე მიუთითებდა ის, რომ ოთხივე მსხვერპლი ყბის ქვეშ ძლიერი დარტყმით იყო გათიშული. მართალია, ისინი ვერ იხსენებდნენ, თუ რა მოხდა, მაგრამ, ვარაუდით, ეს აპერკოტი იყო. ამ ვერსიას ისიც ამაგრებდა, რომ დანაშაულების ჩადენის პერიოდში ოსლოსა და კრაკოვში კრივის საერთაშორისო ტურნირები იმართებოდა. „ინტერპოლმა“ მოიპოვა ორივე ტურნირის შემადგენლობის სია, გაირკვა, რომ 500-დან ორივე ტურნირში 61 სპორტსმენი მონაწილეობდა მსოფლიოს 16 ქვეყნიდან. ამგვარად, ინტერპოლს 61 ადამიანში უნდა ეძებნა დამნაშავე, რაც ძალიან რთული იყო. მით უმეტეს, რომ 61-დან 23 მხოლოდ საბჭოთა სპორტსმენი იყო. ეს კი უკიდურესად ართულებდა გამოძიებას, რადგან საბჭოელები თავიანთ საბუთებში არავის ახედებდნენ, მით უმეტეს, როდესაც საქმე დანაშაულს ეხებოდა და „ინტერპოლს“ რაღაც უნდა მოეფიქრებინა.

ეშმაკური ფანდი

„ინტერპოლმა“ ეშმაკური გეგმა შეიმუშავა და ასეთი ფანდი მოიფიქრა – 61 ეჭვიმტანილი მოკრივე ჯგუფებად დაყვეს და ერთდროულად ევროპის 4 სახელმწიფოში ოთხი სხვადასხვა ტურნირი დაგეგმეს. შემდეგ კი 15-15 ეჭვმიტანილი სხვადასხვა ტურნირზე გადაანაწილეს. პერსონალური მიწვევები გაუგზავნეს და ოთხივე სახელმწიფოს ქალაქში, ადგილობრივ პოლიციასთან შეთანხმებით, სათვალთვალოდ მობილური ოპერატიული ჯგუფები შექმნეს. ამგვარად, 1972 წლის სექტემბერში შვედეთის სტოკჰოლმში, იტალიის მილანში, ავსტრიის ინსბრუგსა და იუგოსლავიის სარაევოში თითქმის ერთდროულად დაიწყო კრივის საერთაშორისო ტურნირები. 22 სექტემბერს კი სარაევოს ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე „ინტერპოლისა“ და იუგოსლავიის პოლიციის ოპერჯგუფმა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი კრივში, 27 წლის სოსო კიკალიშვილი დააკავა, რომელიც 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და მრავალი ტურნირის გამარჯვებული იყო. საბჭოთა ნაკრების ეს ქართველი წევრი იმ დროს აიყვანეს, როდესაც მან აპერკოტით ძირს დასცა მოქალაქე და უნდა გაეძარცვა. წესისამებრ, ამ შემთხვევის შესახებ საბჭოთა კონსულს შეატყობინეს. მათ დამნაშავე დაიხსნეს და საბჭოეთში დააბრუნეს. შემდეგ ამ ნიჭიერი სპორტსმენის კვალი დაიკარგა, სავარაუდოდ, ის გააციმბირეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი