კრიმინალური ისტორიები

რა ვირტუოზული, ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარა „კაგებემ“, „ცეერუმ“ და „ინტელიჯენ სერვისმა“

№43

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 04.11, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

გორბაჩოვისეულ „პერესტროიკას“ საბჭოთა კავშირის დაშლა მოჰყვა და მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს პროცესი იმ წლებში ღიად შუქდებოდა, მთელი სინამდვილე კულისებში თამაშდებოდა, რაც საბჭოთა კავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების შეთანხმებული მოქმედებებით ხორციელდებოდა.

ტერაქტი

1987 წლის 7 დეკემბერს მიხეილ გორბაჩოვი და ედუარდ შევარდნაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაფრინდნენ პრეზიდენტ რონალდ რეიგანთან შესახვედრად. ხელის მოწერით უნდა დადასტურებულიყო, ეგრეთ წოდებული, „რსმდ–ის“ხელშეკრულება, ანუ შეთანხმება მცირე და საშუალო სიხშირის რაკეტების ლიკვიდაციის თაობაზე. თვითმფრინავი ქალაქ ირკუტსკის აეროდრომიდან აფრინდა და ფრენის მე-16 წუთზე, როდესაც ავიალაინერი ტაიგის თავზე იმყოფებოდა, მისი მიმართულებით სითბური რაკეტა გაისროლეს. რაკეტა გამცილებელ „სუ 27-ს მოხვდა და აფეთქდა. პილოტი დაიღუპა. გორბაჩოვის ავიალაინერმა კი მშვიდობით განაგრძო ფრენა და დანიშნულების ადგილზე ჩავიდა. გორბაჩოვის მიერ ვაშინგტონში ხელმოწერილი ხელშეკრულება უმნიშვნელოვანესი დათმობა იყო საბჭოთა კავშირის მხრიდან და ამის შესახებ რომ 94 წლის ლაზარ კაგანოვიჩმა შეიტყო, წარმოთქვა ისტორიული ფრაზა: სტალინი ახლა საფლავში ბრუნავსო...

ანტიტერორისტული ოპერაცია

გორბაჩოვის ავიალაინერი ჯერ კიდევ საბჭოთა ტერიტორიაზე მიფრინავდა, როდესაც სპეციალური ბრძანებით, „ასწიეს“ „კაგებეს“ სათანადო ქვედანაყოფები და 50-კილომეტრიან რადიუსში მათ ხუთმაგი ალყა შემოარტყეს ტაიგას. ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებიდან სულ რაღაც 35 წუთის შემდეგ ტაიგაში იპოვეს უფროსი ლეიტენანტის, ეგორ ვარლამოვის, კაპიტნების – პავლე სოტოვისა და ვასილი კოსიხის ცხედრები. სამივე საფეთქელში თითო გასროლით იყო მკვდარი და იქვე ეყარა მათი სატაბელო, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტები. ოციოდე მეტრში კი „იგლას“ კომპლექსი იდო, საიდანაც განხორციელდა რაკეტის გაშვება თვითმფრინავის მიმართულებით. სამივე ოფიცერი „იგლას“ ემსახურებოდა. გამომძიებელთა მტკიცებით, მათ თვითმფრინავს ესროლეს. შემდგომ კი – თავები მოიკლეს. ამგვარად გამოდიოდა, რომ საბჭოთა არმიის ოფიცრები იდეური „კამიკაძეები“ იყვნენ, რაც მაინცდამაინც არ ჯდებოდა „სიუჟეტში“. თუმცა ყველაზე მთავარი წინ იყო. „კაგებეს“ გამომძიებლებმა ჩხრეკა ჩაატარეს ირკუტსკში მცხოვრებ კაპიტან ვასილი კოსიხის ბინაში და აღმოაჩინეს „თვითმკვლელი“ ოფიცრის ჩანაწერები. იქვე აღმოჩნდა საიდუმლო ორგანიზაცია „წითელი ვარსკვლავის“ სია, სადაც მითითებული იყო საბჭოთა არმიის სხვადასხვა რანგის 45 მოხელის გვარი. მათ შორის იყო 4 გენერალი, 27 პოლკოვნიკი. ჩანაწერების მიხედვით, „წითელ ვარსკვლავს“ გორბაჩოვისა და შევარდნაძის ლიკვიდაცია უნდა განეხორციელებინა და ძალაუფლება აეღოთ ხელში, რათა დიადი საბჭოთა კავშირი არ დაღუპულიყო. 7-8 დეკემბერს „კაგებემ“ „წითელი ვარსკვლავის“ ყველა მითითებული წევრი დააპატიმრა და მათ მიმართ გამოძიება დაიწყო. ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში მოსკოვში, ლენინგრადში, კიევში, კიშინიოვსა და თბილისში აღმოჩენილ იქნა „წითელი ვარსკვლავის“ შეიარაღება. შემდეგ კი ორგანიზაციის წევრთა შემადგენლობა გაფართოვდა და 1987 წლის ბოლომდე „კაგებემ“ კიდევ 101 ადამიანი აიყვანა. საბჭოთა უშიშროების საიდუმლო პატაკებში ეწერა, რომ გახსნილი იყო სახელმწიფო შეთქმულება.

მითი და რეალობა

„კაგებეს“ გამოძიების შედეგად დახვრიტეს 11 ადამიანი, ხოლო 138 კი ციხეებში ჩასვეს. 1993 წელს ყველა ცოცხლად დარჩენილი პატიმარი – 120 ადამიანი (18 ციხეში გარდაიცვალა) ციხეებიდან გაათავისუფლეს. დახვრეტილთა შორის იყო 3 გენერალი. ეს რეალობა მითზე იყო დამყარებული. მითი კი ის იყო, რომ თავდამსხმელები სამხედროები რომ ყოფილიყვნენ, ისინი უეჭველად გაანადგურებდნენ გორბაჩოვ-შევარდნაძის ტანდემს. სინამდვილეში ტერაქტი პრევენციის მიზნით იქნა ინსცენირებული „კაგებეს“ მიერ. „კაგებეს“ კი „ცეერუ“ და „ინტელიჯენ“ სერვისი უმაგრებდნენ ზურგს. ამგვარად, ორგანიზაცია „წითელი ვარსკვლავი“ მითი იყო და იმისთვის გახდა საჭირო, რომ სამხედროების პოზიციები დაესუსტებინათ და რომ საბჭოთა კავშირის დაშლისთვის ხელი არავის შეეშალა. ამგვარად, ეს ოპერაცია მართალია სისხლის ფასად, მაგრამ ვირტუოზული ოსტატობით შეასრულა მსოფლიოს სამმა უძლიერესმა სპეცსამსახურმა, რამაც საბჭოთა კავშირის დაშლა კიდევ უფრო დააჩქარა. ხოლო ამას რა მოჰყვა, უკვე სხვა ისტორიაა და ანტისაბჭოელებს ეს არ ადარდებდათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი