კრიმინალური ისტორიები

რა სპეცოპერაცია ჩაატარეს ქართველმა ქურდებმა მოსკოვში

№20

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 27.05, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

პუბლიკაციაში მოქმედ პირთა ვინაობები შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

სერიული დაპატიმრებები

1982 წლის აპრილ-მაისში მოსკოვსა და მის მიმდებარე მცირე დასახლებებში 11 კანონიერი ქურდი დააპატიმრეს. ყველა მათგანი წარმოშობით ქართველი იყო და საბჭოთა კავშირის დედაქალაქში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან იყვნენ ჩასულები. დაპატიმრებულ ქურდებს მოსკოვისა და მისი შემოგარენის ტერიტორიები დანაწილებული ჰქონდათ. დიდ ფულს შოულობდნენ და შავ სამყაროში მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდათ. არცერთი მათგანი ფაქტზე არ გამოუჭერიათ, უმნიშვნელო დანაშაულსაც კი ვერ დაუმტკიცებდნენ და ამიტომ, სამხილები ჩაუდეს – ძირითადად, იარაღი და ნარკოტიკები. ამგვარად, ეს დაპატიმრებები სერიულ ხასიათს ატარებდა და აშკარა იყო, რომ ეს აქცია ვიღაცის შეკვეთით ხორციელდებოდა. ნიშანდობლივი კი ის იყო, რომ ეგრეთ წოდებული, ეგზეკუცია მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ქურდებს შეეხო და სავარაუდოდ, კიდევ გაგრძელდებოდა. ამიტომ, ჯერ კიდევ თავისუფლებაზე მყოფებმა მიმალვით უშველეს თავს, თან იმის გარკვევა დაიწყეს, სინამდვილეში რა ხდებოდა.

„სხოდკა“

თერთმეტი დაპატიმრებული ქართველი ქურდის გარდა „სვაბოდაზე“ კიდევ 4 ქართველი ქურდი რჩებოდა, რომლებიც „პაბეგში“ წავიდნენ. სწორედ, მათ მოაწყვეს 4 ივნისს უაღრესად კონსპირირებული ქურდული „სხოდკა“, რომელიც ისტორიული გამოდგა და მათ შავ სამყაროში გავლენა გაუათმაგა. „სხოდკა“ გივი მალანიას, მეტსახელად „ალის“ (მუჰამედ ალის მსგავსად, მასაც დამანგრეველი მუშტი ჰქონდა) მიჰყავდა, რომელიც ასაკითა და ავტორიტეტით სხვებზე მეტი იყო. მალანიას 4 „სროკი“ ჰქონდა მოხდილი, ციხეში 19 წელი გაატარა, დიდი გამოცდილება და ფართო კავშირებიც ჰქონდა. „ალიმ“ წინასწარ ყველაფერი გაარკვია და კოლეგებს უთხრა, რომ ეს აქცია, ეგრეთ წოდებული, სლავი და ჩეჩენი კოლეგების მიერ იყო ორგანიზებული. მათ გენერალი ვასილი მაიდანოვი ჰყავდათ მოსყიდული, რომელსაც დიდი ფული გადაუხადეს, რომ „საჩალიჩო“ არეალი ქართველებისგან გაეწმინდა, რათა თავად დაპატრონებოდნენ. „ალიმ“ კოლეგებს სრული ინფორმაცია მიაწოდა მაიდანოვზე და გაირკვა, რომ გენერალს ლამაზი მეუღლე ჰყავდა, 21 წლის მშვენიერი ქალიშვილი და ცნობილი მსახიობი ქალი საყვარელი. მალანიას თქმით, მაიდანოვი ამ ქალების მეშვეობით უნდა გაეჩერებინათ. თუ შესაძლებელი იქნებოდა, გადაებირებინათ კიდეც და რაც შეიძლება, მალე უნდა ემოქმედათ.

ქურდული სპეცოპერაცია

ქურდების ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ გენერლის ცოლ-შვილი გაეტაცებინათ და შანტაჟის გზით აეძულებინათ, ქართველი ქურდების დევნა შეეწყვიტა. „ალიმ“ ეს წინადადება კატეგორიულად უარყო და თქვა:

– არა, ძმებო, ასე არ გამოვა. ჯერ ერთი, რომ გატაცება და მოკვლით მუქარა არაქურდულია. გარდა ამისა, არაეფექტური. დავუშვათ, დაგვეთანხმა, მაგრამ, როდესაც მის ცოლ-შვილს გავათავისუფლებთ, უარეს რეპრესიებს ჩაგვიტარებს. ამიტომ, სხვა გზა უნდა მოვძებნოთ.

– იდეა გაქვს? – იკითხა ლეო მაისურაძემ, მეტსახელად „რაჭამ“.

– კი, მაქვს, – მიუგო „ალიმ“ და დააყოლა, – მაგის ლამაზ ცოლ-შვილს მდიდარი და ლამაზი კაცები უნდა მივუგზავნოთ. ისინი „აგულავებენ“, დაატკბობენ მათ და დარწმუნებული ვარ, ისეთ საიდუმლოს წამოაცდენინებენ, რაზეც გენერალს ჩავავლებთ და რქებით დავიჭერთ.

მალანიას წინადადება ყველამ მოიწონა. დაქირავებული ახალგაზრდები გამოცდილი მექალთანეები იყვნენ და ქურდების მიერ დაფინანსებული ფულებით ძალიან მალე „დაითრიეს“ ლიდა (გენერლის ცოლი) და იულია (ქალიშვილი) მაიდანოვები. ოპერაციაში დედა-შვილი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მონაწილეობდნენ და რა თქმა უნდა, ერთმანეთსაც უმალავდნენ და გენერალსაც.

„დათრეული ქორბუდა“

„ქურდულმა სპეცოპერაციამ“ იმაზე ბევრად მეტად გაამართლა, ვიდრე ამას ქართველი კანონიერი ქურდები გეგმავდნენ. ვასილი მაიდანოვის 39 წლის ცოლს, ლიდა ოგარიოვა-მაიდანოვას წამოსცდა, რომ მის მეუღლეს ავტოფარეხში საიდუმლო სეიფი ჰქონდა, სადაც ის ქრთამით მოხვეჭილ ქონებასთან ერთად ვიდეოკასეტებსა და საიდუმლო საბუთებს ინახავდა. ქურდული ოპერაციის მიზანიც ის იყო, რომ გენერლის რაიმე საიდუმლო მაკომპრომეტირებელ საბუთს დაუფლებოდნენ, რითაც მას ყურებით დაიჭერდნენ. კ

ვალიფიციურმა „მედვეჟადნიკმა“ კარლო ხასაიამ, მეტსახელად „მარგალმა“ ავტოფარეხის საიდუმლო სეიფი იოლად გახსნა. იქიდან შიგთავსი წაიღო და როდესაც კოლეგებს მიუტანა, ძვირფასეულობასა და ფულთან ერთად, იქ ვიდეოკასეტებზე ჩაწერილი საიდუმლო კადრები აღმოჩნდა. სეიფში, აგრეთვე, აღმოჩნდა კომპრომატები მილიციის მაღალჩინოსნებზე და, ეგრეთ წოდებული, „შავი რვეული“. მასში მილიციის აგენტი 14 ცნობილი კრიმინალის ვინაობა და საქმეები იყო აღნუსხული. დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმე იყო. „ალი“ პირადად შეხვდა მაიდანოვს და სულ რაღაც 15 წუთში მოახერხა მისი დარწმუნება, რომ ქართველი ქურდებისთვის ხელი აღარ ეხლოთ... „რქებით“ დაჭერილი „ქორბუდა“ გენერალი ვასილი მაიდანოვი 1991 წლამდე ემსახურებოდა, ეგრეთ წოდებულ, ქართულ დაჯგუფებას და მათგან მიღებულ ყველა მითითებას ასრულებდა. 1991 წელს კი გენერალი მისსავე სადარბაზოში ჩეჩენმა კრიმინალმა ჩაცხრილა, რომელიც შემდგომ ყელგამოჭრილი იპოვეს. ხოლო მაიდანოვის ცოლ-შვილმა კი გენერლის მიერ მოხვეჭილი ქონებით კოსმეტიკური ბიზნესი ააწყვეს და დღესაც ამ საქმიანობას აგრძელებენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი