კრიმინალური ისტორიები

რა საშინელ პროვოკაციას გეგმავდა მოსკოვი თბილისში 1978 წლის 14 აპრილს

№15

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 22.04, 2021 წელი

1978 წლის 14 აპრილი.
დემონსტრანტები
უნივერსიტეტის წინ
დაკოპირებულია

ამ პუბლიკაციაში მოთხრობილია ისტორია, რომელიც 1978 წლის აპრილის ბობოქარ დღეებში „ფარდის მიღმა“ განვითარდა და 14 აპრილს ქართული ენის სტატუსის განმტკიცებით დაგვირგვინდა. რამდენიმე მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება კი შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ფარულ ავანგარდში

1978 წელს საბჭოთა საქართველოს უმაღლესმა საბჭომ 14 აპრილს საქართველოს სსრ კონსტიტუცია მიიღო. მასში შეიტანეს მუხლი ქართული ენის შესახებ, რომელიც ქართული სახელმწიფოს ენად გამოცხადდა.

ამ ფაქტს წინ უძღოდა ქართველი ერის უმძლავრესი მღელვარება და ისეთი გრანდიოზული მასშტაბის გამოსვლები, რომლის მსგავსიც საქართველოში არც მანამდე ყოფილა და არც შემდგომ, „პერესტროიკის“ დროს. ამხელა ამბავი კი იმან გამოიწვია, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტით, ქართული ენა, ფაქტობრივად, თავის ფუნქციას კარგავდა და მის ადგილს რუსული ენა იკავებდა.

იმ პერიოდში საქართველოს „ცეკას“ პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე იყო, ხოლო საქართველოს „სუკის“ („კაგებე“ – სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) თავმჯდომარე კი ალექსი ინაური. გარდა იმისა, რომ ინაური პირდაპირ მოსკოვს ემორჩილებოდა და შევარდნაძესთან ანგარიშვალდებული არ იყო. ამ ორ ადამიანს ერთმანეთთან საკმაოდ მწვავე დაპირისპირება ჰქონდა.

შევარდნაძემ მშვენივრად იცოდა, რომ ქართველი ერი არ შეეგუებოდა მშობლიური ენის დაკნინებას და მთელი ქვეყანა გარეთ გამოვიდოდა, ხოლო რა საშინელება მოჰყვებოდა ამას მოსკოვის მხრიდან, ძნელი მისახვედრი არ იყო. ამიტომ, სასწრაფო ზომები უნდა მიეღოთ და შევარდნაძემ პირდაპირ ლეონიდ ბრეჟნევზე გასვლა და მასთან პირისპირ საუბარი დააპირა. თუმცა ქართველების მოძულე მთავარმა საბჭოთა იდეოლოგმა, მიხეილ სუსლოვმა ეს შეხვედრა დაბლოკა.

ახლა უკვე ნათელი იყო, რომ ცენტრი (მოსკოვი) უფრო აქტიურად აამოქმედებდა ანტიქართულ მანქანას და ჩვეული პროვოკაციის მეშვეობით შეეცდებოდა, თავისი გაეტანა. ამიტომ თბილისში დაბრუნებულმა შევარდნაძემ პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სრული შემადგენლობის მობილიზაცია მოახდინა. თუმცა იცოდა, რომ „სუკის“ გარეშე გაუჭირდებოდა და უპრეცედენტო ნაბიჯზე წავიდა. შევარდნაძე ფარულად შეხვდა ინაურს და უთხრა, რომ მოსკოვი თავისი მიზნის მისაღწევად პროვოკაციაზე წავა და სთხოვა, რომ „სუკი“ ქვეყნის ინტერესებში ჩაეყენებინა და აემოქმედებინა, რაზეც ინაურმა თანხმობა განუცხადა.

შევარდნაძე, ასევე, ფარულად შეხვდა ქართული ინტელიგენციის ზოგიერთ წარმომადგენელს და პირდაპირ მოუწოდა, რომ 14 აპრილს ერი ქუჩაში გამოეყვანათ. საქმეში ჩაერთნენ, ეგრეთ წოდებული, ქართველი დისიდენტებიც, ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც მთავრობა ფიქრობდა, რომ იმ მომენტში ისინი ქვეყნისთვის საჭირონი იყვნენ. ამგვარად, შევარდნაძე ამ გამოსვლების ფარულ ავანგარდში მოექცა.

ჭახრაკაძის ჩვენება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და „სუკმა“ უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები მიიღეს, საიდუმლო ოპერაციის ფარგლებში ხორციელდებოდა ყველა საეჭვო პირის მომენტალური შემოწმებაც. საეჭვო პირებად კი მიიჩნეოდა საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში შემოსული მოქალაქეები, ანუ უცხო ადამიანები, ვისაც ადგილობრივი ჩაწერა არ გააჩნდათ. შეძლებისდაგვარად უთვალთვალებდნენ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის თანამშრომლებს, რადგან გამორიცხული არ იყო, რომ მოსკოვს, სწორედ, მათი მეშვეობით მოეწყო დამღუპველი პროვოკაცია.

ერთი სიტყვით, ყველა საჭვო პირი „მუშკაზე“ იყო აყვანილი. ამ ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. 1978 წლის 14 აპრილს, დილის 9 საათზე თბილისის ვაგზალთან მდებარე ფიროსმანის ქუჩაზე 32 წლის მურმან ჭახრაკაძე დააკავეს. მას მხარზე სპორტული ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული და მეტროსადგურ „ვაგზლის მოედნისკენ“ მიდიოდა. ჭახრაკაძე მილიციის პატრულმა გააჩერა და ჯერ საბუთები შეუმოწმეს, შემდგომ კი ჩანთის გახსნა მოსთხოვეს. ჭახრაკაძემ გაქცევა დააპირა და სწორედ ამ დროს დაიჭირეს. ის ადგილზევე გაჩხრიკეს და ჩანთაში ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოუჩინეს.

ინსტრუქციის მიხედვით, მილიციელებმა დაკავებული პირდაპირ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიიყვანეს. თავიდან ის ყველაფერს უარყოფდა და ამბობდა, რომ ჩანთა იპოვა და შიგთავსის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა, როდესაც მას წამება დაუწყეს, გამოტყდა, რომ რუსთაველის გამზირზე უნდა მისულიყო ჯგუფის კიდევ 3 წევრთან ერთად და შეკრებილ ხალხში რამდენიმე აფეთქება მოეწყოთ.

ეს ინფორმაცია მყისიერად გადასცეს ედუარდ შევარდნაძეს, რომელიც ინაურთან ერთად უმაღლესი საბჭოს სესიის პრეზიდიუმში იჯდა. პირველმა (შევარდნაძემ) ინაურს უთხრა ინფორმაცია და მან კი ჯგუფის დანარჩენი წევრების აყვანა უბრძანა.

ოპერაცია ძალიან სუფთად განხორციელდა – სულ მალე 30 წლის ელა ყორღანაშვილი, 28 წლის ოთარ ბალიაშვილი და 29 წლის ანზორ კვიტია შეიპყრეს. მოკვლევით დადგინდა, რომ ოთხივე ცენტრალური „კაგებეს“ არალეგალი თანამშრომლები იყვნენ და რომ მათ პოლკოვნიკმა ნაუმ კოზირევმა შესაბამისი ინსტრუქციები სოჭაში მისცა. ჩვენება კინოფირზე ჩაწერეს და ერთი ასლი დაუყოვნებლივ გაგზავნეს სუსლოვთან, მეორე ასლი – შინაგან საქმეთა მინისტრ შჩოლოკოვთან, მესამე კი – „კაგებეს“ თავმჯდომარე ანდროპოვთან.

იმავე დღეს ოთხივე დაკავებული მოსკოვიდან ჩამოსულმა ჯგუფმა წაიყვანა და მათი ბედი უცნობია. თუმცა, მთავარი მიღწეული იქნა და 14 აპრილს თავად შევარდნაძემ გამოაცხადა, რომ საქართველოში სახელმწიფო ენა ქართულია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი