კრიმინალური ისტორიები

რა სარფიანი კრიმინალური ბიზნესი ჰქონდა ცნობილ თბილისელ იუველირს

№9

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 09.03, 2023 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

„ოქროსხელება“

55 წლის არმენ გასპარიანი თბილისელი ოქრომჭედელი იყო და საიუველირო ხელოვნებას უმაღლეს დონეზე ფლობდა. მას არაერთ საიუველირო გამოფენაში ჰქონდა მიღებული მონაწილეობა და მისი ნამუშევრები საქვეყნოდ იყო აღიარებული. 1956 წელს, ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მისმა კოლიემ პირველი ადგილი დაიკავა და მთავარი პრიზი აიღო. ხოლო თბილისის ოქროს ქარხანაში გამოგზავნილ წერილში ბელგიელებმა მას „ოქროსხელება“ უწოდეს. არმენი ოქროს ქარხნის მთავარი იუველირი იყო. კოლეგებისგან დაფასებული, თუმცა 1958 წელს „ოქროსხელებას“ ცხოვრების ჩარხი უკუღმა დატრიალდა. ოქროს ქარხანაში ახალი დირექტორი დანიშნეს. მიუხედავად იმისა, რომ „ახალი“ „ოქროსხელებას“ თანამემამულე იყო და ყველაფრიდან გამომდინარე, ის უნდა დაეფასებინა, მან არმენი აითვალწუნა. მას „სომეხას“ უწოდებდა და ყოველმხრივ ავიწროებდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ 1959 წლის დასაწყისში გასპარიანი საწარმოდან წავიდა და მისი ადგილი ახალი დირექტორის ვაჟმა დაიკავა. არმენი მართალია, უმუშევარი არ დარჩენილა და კერძო სახელოსნო გახსნა, თუმცა წყენა გულში ჩაიდო და გადაწყვიტა, შური ეძია, მაგრამ არმენმა შურისძიების ერთობ უცნაური ფორმა აირჩია. თავდაპირველად „ოქროსხელება“ ზუსტად ისეთ პროდუქციას ამზადებდა თავის სახელოსნოში, რასაც ოქროს ნაკეთობათა ქარხანა აწარმოებდა. თუმცა, როგორც ოქრო, ასევე ძვირფასი თვლები ყალბი იყო. არმენი სხვადასხვა საიუველირო მაღაზიებში მიდიოდა, ნამდვილი ოქროსგან და ძვირფასი თვლებისგან დამზადებულ საქონელს ათვალიერებდა და ამ პროცესში მათ ოსტატურად ცვლიდა და კვლავ გამყიდველს უბრუნებდა. ნამდვილი კი მიჰქონდა.

სარფიანი ბიზნესი

მას მერე, რაც „ოქროსხელებამ“ ათი სამკაული წარმატებულად შეცვალა, მიხვდა, რომ ეს ბიზნესი ძალიან სარფიანი იყო და უფრო ფართო მასშტაბებს მოეჭიდა. არმენი უკვე სხვა რესპუბლიკებში დამზადებულ ოქრო-ბრილიანტის სამკაულებს აყალბებდა და მათ შესაცვლელადაც საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქში მიდიოდა. არავის აზრადაც კი არ მოსდიოდა, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში. გასპარიანი ისე შევიდა აზარტში, რომ გაჩერება აღარ უნდოდა. მან თავისი მოღვაწეობის არეალი საგრძნობლად გააფართოვა და თითქმის მთელი საბჭოთა კავშირი მოიცვა, თუმცა, ყველაფერს თავისი დასასრული აქვს. 1960 წლის აპრილში ფრანგმა ტურისტმა ქალმა ჟაკლინ დორელმა მოსკოვის საიუველირო მაღაზიაში ძვირფასი კოლიე შეიძინა, რომელიც ლალითა და ზურმუხტებით იყო მოოჭვილი და 8 ათასი მანეთი ღირდა. ხოლო, როდესაც ტურისტი ქალი სამშობლოში მიფრინავდა, აეროპორტის საბაჟოზე მისი კოლიე სპეციალისტმა შეამოწმა. ასეთი წესი იყო, რადგან თუკი ძვირფასი შენაძენი ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენდა, მაშინ მის მფლობელს ნივთს ართმევდნენ და თუ ნასყიდობის ჩეკი ჰქონდა, ფულს უკან უბრუნებდნენ. ფრანგი ქალბატონის შენაძენის სიყალბე უმალვე დამტკიცდა, თუმცა, მან ჩეკი წარმოადგინა და 8 ათასი მანეთი უკან დაუბრუნეს. სამაგიეროდ, გამწარებულმა ძალოვნებმა გამოძიება დაიწყეს და დაადგინეს, რომ ნივთი მაღაზიაში იყო შეცვლილი. თავდაპირველად მოსკოვის საიუველირო მაღაზიის დირექტორი და რამდენიმე გამყიდველი დააკავეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს. შემდგომ კი უპრეცედენტო ღონისძიება ჩაატარეს და თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყეს საიველირო მაღაზიების საქონლის გადამოწმება. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ქალაქში სულ რაღაც 12 ნივთი იყო შეცვლილი (დანარჩენი გაიყიდა), თანაც ახალი მიღებულები. ამის მერე უკვე ეჭვს აღარ იწვევდა, რომ მოქმედებდა პროფესიონალი იუველირი და ყველა მაღაზიას ფარული მითითება მიეცა, რომ ყურადღებით ყოფილიყვნენ და ნებისმიერი საეჭვო პიროვნების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებინათ მილიციისთვის. იმ პერიოდისთვის „ოქროსხელებას“ სარფიანი ბიზნესი ყვაოდა და მას 11 კილოგრამი ოქრო და 100 კარატამდე სხვადასხვა თვლები დაუგროვდა.

ძლევამოსილი მფარველი

არმენ გასპარიანი მხოლოდ 1962 წლის დეკემბერში ქალაქ ოდესაში იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც ბრილიანტებით მოჭედილი ოქროს სამაჯური შეცვალა და მიმალვას ცდილობდა. თავდაპირველად „ოქროსხელება“ ყველაფერს უარყოფდა. მაგრამ მილიციას ყველა საჭირო სამხილი შეგროვილი ჰქონდა. ამას ისიც დაერთო, რომ მის ოროთახიან ბინაში მეიდანზე შეცვლილი, უამრავი სამკაული აღმოაჩინეს. გასპარიანს სხვა გზა არ ჰქონდა და მან ყველა დანაშაული აღიარა. საგამოძიებო უწყებამ კი „ოქროსხელებას“ 1963 წლის მარტში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ქონების უკანონო დაუფლებისთვის დახვრეტის მუხლი წაუყენა. გასპარიანი ერთადგილიან საკანში მოათავსეს და აპელაციის პასუხს ელოდა. არმენს გაუმართლა და მიიღეს რა ბელგიაში აღებული პირველი ადგილი მხედველობაში, დახვრეტა 19-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. „ოქროსხელება“ გააციმბირეს. თუმცა, 1966 წელს, თითქმის ოთხწლიანი პატიმრობის შემდეგ, არმენ ოსიპის ძე გასპარიანი მოულოდნელად ციხიდან გაათავისუფლეს და ორწლიანი პირობითი სასჯელი გამოაყოლეს მხოლოდ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი