კრიმინალური ისტორიები

რა ოპერატიულ კომბინაციას ახორციელებდა თბილისში სომხეთის დაზვერვა

№5

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 09.02, 2023 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

პოლიგლოტი

1960 წელს დაბადებული ვაზგენ პეტროსიანი თბილისის მკვიდრი იყო და საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთ ძველ და კოლორიტულ უბანში ცხოვრობდა. მამა ქუდების მკერავი ჰყავდა, დედა კი – რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ვაზგენი საკუთარ თავს „კარენოი“ თბილისელად მიიჩნევდა და დედაქალაქის ყოველ კუთხე-კუნჭულს საკუთარი ხელისგულივით იცნობდა. მას ყველა უბანში ჰყავდა მეგობარი და თანაც, თითქმის ყველა ეროვნების. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ვაზგენი ყველა ენას ფლობდა, რაც თბილისში გამოიყენებოდა. მშობლიური სომხურის გარდა შესანიშნავად ლაპარაკობდა ქართულად, აზერბაიჯანულად, რუსულად, ქურთულად, ბოშურად და პლუს მეგრულად და სვანურადაც კი ახერხებდა საუბარს. ბიჭს ადრეული ბავშვობიდანვე ჰქონდა მიდრეკილება ენებისადმი და ნამდვილი პოლიგლოტი იყო, თუმცა, სკოლაში კარგად არ სწავლობდა, რადგან მეცადინეობა ეზარებოდა, სამაგიეროდ ძალიან იზიდავდა ქუჩა, სადაც ყველაფერს უცბად ითვისებდა.

ძმაკაცები

მიუხედავად იმისა, რომ სომხებსა და აზერბაიჯანელებს ერთმანეთთან ისტორიული კონფლიქტი აქვთ, საქართველოში ეს ორი ერი მშვიდობიანად თანაცხოვრობს. ამიტომ არავის უკვირდა, რომ ვაზგენ პეტროსიანის საუკეთესო ძმაკაცი აზერბაიჯანელი სულთან ბაირამოვი იყო. ყმაწვილები ერთ უბანში ცხოვრობდნენ და ერთად იზრდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სკოლაში სწავლობდნენ, ბიჭები თითქმის სულ ერთად იყვნენ. ერთად „ჩალიჩობდნენ“ და რასაც შოულობდნენ ძმურად იყოფდნენ და ერთად ხარჯავდნენ. ვაზგენი და სულთანი ხან წვრილმანად ქურდობდნენ, ხან კი ჩანთას გამოსტაცებდნენ შეთვალიერებულ მოქალაქეს და გარბოდნენ. ამ საქმეში ისე იყვნენ დაოსტატებული, რომ ერთხელაც არ ჩავარდნილან და არც მილიციამ იცოდა მათ შესახებ. ყმაწვილები თანატოლები იყვნენ და 1977 წელს ერთდროულად დაამთავრეს სკოლა. ისე მოხდა, რომ სკოლადამთავრებული ვაზგენი ერევანში გაემგზავრა სწავლის გასაგრძელებლად, ხოლო სულთანი კი – ბაქოში. ძმაკაცები გულმხურვალედ დაემშვიდობნენ ერთმანეთს იმ იმედით, რომ მალე შეხვდებოდნენ.

16 წლის შემდეგ

1993 წლის მარტში თბილისში ერთი ცნობილი ნავთობპროდუქტების ფირმა გამოჩნდა, რომელიც ძირითადად, ბენზინისა და „სალიარკის“ (დიზელის საწვავის) ტრანსპორტირებითა და გაყიდვით იყო დაკავებული. საქართველოში, ისევე როგორც მთელ რეგიონში, უმძიმესი მდგომარეობა იყო. მძვინვარებდა ყარაბაღის ომი, სისხლის ღვრა იყო ჩეჩნეთში, საქართველოში კი სამოქალაქო ომი იყო გაჩაღებული. არეულობისა და განუკითხაობის მიუხედავად, ნავთობპროდუქტების ფირმას ხელს ვერავინ აკარებდა და მათ ვერც „მხედრიონი“ „წეწავდა“ და ვერც „გვარდია“. ფირმის აღმასრულებელი დირექტორი აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქე მირზა ფაშაევი იყო. ის აზერბაიჯანიდან დიდი რაოდენობით ბენზინსა და „სალიარკას“ ეზიდებოდა, თან, შედარებით დაბალ ფასებში და როგორც ამბობდნენ, დიდ ფულს შოულობდა. ფაშაევი აღნაგობითა და მოძრაობებით ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. თუმცა უზარმაზარ წვერ-ულვაშსა და თმას ატარებდა და ფართო და გრძელ ტანსაცმელს იცვამდა, რასაც მისი რელიგიურობით ხსნიდნენ, რადგან ფაშაევი თბილისის მეჩეთის ხშირი სტუმარი იყო.

ოპერატიული კომბინაცია

მირზა ფაშაევი სინამდვილეში ვაზგენ პეტროსიანი იყო და დამოუკიდებელი სომხეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი. რელიგიური და გარეგნული ატრიბუტიკა კი მას შესანიღბად სჭირდებოდა, რაც მშვენივრად გამოსდიოდა. ვაზგენი სპეციალურ დავალებას ასრულებდა. ის აზერბაიჯანიდან საწვავს სომხეთში საქართველოს გავლით ეზიდებოდა. ამ საწვავს კი სომხები ყარაბაღის ომში იყენებდნენ. ეს იყო ოპერატიული კომბინაცია, რომელიც ერევანში მოიფიქრეს და მანამდე ხორციელდებოდა, თანაც დიდი წარმატებით, სანამ მშობლიურ ქალაქში სპეციალური დავალებით სულთან ბაირამოვი არ დაბრუნდა. სულთანიც უშიშროების ოფიცერი იყო და აზერბაიჯანს ემსახურებოდა. მას დავალებული ჰქონდა საქართველოში იმ პირთა შესახებ ინფორმაციების შეგროვება და ანალიზი, ვინც სხვადასხვა საშუალებით აზერბაიჯანთან იყო დაკავშირებული და ამ სიაში ვაზგენიც მოხვდა. ის თავისმა ბავშვობის ძმაკაცმა გაშიფრა. ამ საბედისწერო დამთხვევის შედეგად აღიკვეთა აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის ტრანსპორტირება. ვაზგენს გაქცევა მოუწია. ფაშაევი კი ბაქოში დაბრუნდა და ის ორდენით დააჯილდოვეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი