კრიმინალური ისტორიები

რა აფერა ჩაუტარეს ქართველმა თაღლითებმა ერთ-ერთ ცნობილ კომპანიას

№22

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 10.06, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი გმირების სახელები შევცვალეთ. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

შეთავაზება

2005 წლის 2 მაისს ბავშვთა საკვების ცნობილი ფირმის სათავო ოფისში სატელეფონო ზარი გაისმა. ოფისი ჟენევაში მდებარეობდა და უცხო მამაკაცმა მდივანს გერმანულად უთხრა:

– თქვენი უწყების საფოსტო ყუთში მნიშვნელოვანი გზავნილია. ის ფირმის პრეზიდენტს, ბატონ გიუნტერს გამოვუგზავნეთ და გაეცნოს. ნახევარ საათში ისევ დავრეკავ და ბატონმა გიუნტერმა მიპასუხოსო.

ნახევარი საათის შემდეგ სატელეფონო ხაზზე გიუნტერი იყო. მას ხმა უკანკალებდა და უცნობს უთხრა:

– მაინც, რა გნებავთ?

– გზავნილი ყურადღებით წაიკითხე? – იკითხა უცნობმა.

– დიახ, – მიუგო გიუნტერმა.

– ჰო და ან 500 000 ევროს მოიტან, ან თქვენი ფირმა სამუდამოდ გაკოტრდება, – თქვა უცნობმა და დააყოლა, – ფიქრისთვის 24 საათი გეძლევა. შემდგომ კი ვიმოქმედებთ და ვერაფერი გიშველით. პოლიციის არ გვეშინია. ვერ დაგვიჭერთ. 24 საათში ისევ გირეკავ.

გზავნილში ეწერა, რომ სხვა ქვეყნებში ექსპორტირებულ გარკვეულ პროდუქციაში მავნე, შხამიანი ნივთიერებები იყო შერეული. ისინი 24 საათის შემდეგ იწყებენ მოქმედებას და სიკვდილს იწვევენ. უცნობი 500 000 ევროს ითხოვდა, სამაგიეროდ, პროდუქციის ტიპსა და ქვეყანას დაასახელებდა, სადაც ეს შხამიანი პროდუქცია გაიტანეს. იქვე ეწერა, რომ თუკი ფირმა მთელ პროდუქციას ამოიღებდა გაყიდვიდან, მაშინ მილიარდ ევროს იზარალებდა. ამიტომ უცნობი გიუნტერს თანხის გადახდას ურჩევდა.

გამოსასყიდი

უცნობმა ფირმის დირექტორ გიუნტერს 24 საათის გასვლის შემდეგ დაურეკა. გუინტერი მას ფულის გადახდაზე დათანხმდა. უცნობმა კი გიუნტერს დამცინავად უთხრა:

– ვეჭვობ, რომ სულელი გგონივართ, ბატონო გიუნტერ და ფიქრობთ, იოლად დამიჭერთ. მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს ასე არაა. ფულს ქალაქ სანკტ-პეტერბურგში ჩამოიტანთ და სასტუმრო „ასტორიაში“ დასახლდებით. შემდეგ კი მე თვითონ დაგიკავშირდებით და გეტყვით, სად და როდის მოიტანთ. ფული ზეგ უკვე ადგილზე უნდა იყოს. შეხვედრამდე!

ორი დღის შემდეგ „ასტორიაში“ მცხოვრებ გიუნტერს დაურეკეს და უთხრეს:

– პორტიესთან ამანათია თქვენთვის. შიგნით კი – ფიჭური ტელეფონია. ამ ტელეფონზე დაგიკავშირდებით.

ერთი საათის შემდეგ გიუნტერს მობილურ ტელეფონზე იმავე უცნობმა დაურეკა და უთხრა:

– ერთ საათში დაბნელდება. ფული ტყავის შავ ჩანთაში ჩადე და ზარს დაელოდე. იცოდე, კუდზე არავინ დაისვა, ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ვერ მოგვიხელთებთ ტელეფონი კი დატენილი გქონდეს, რომ არ გაგეთიშოს.

გიუნტერს სანკტ-პეტერბურგში შვეიცარიული პოლიციის სპეც-ჯგუფი ჩუმად ჰყავდა ჩაყვანილი და იმედი ჰქონდა, რომ გამომძალველს დაიჭერდა. თუმცა, გიუნტერის იმედები არ გამართლდა. ერთი საათის შემდეგ უცნობმა ის სასტუმროდან გამოიყვანა და „წიგნის სახლის“ მიმართულებით, ნევის გამზირზე სვლა უბრძანა:. გიუნტერი ზედმიწევნით ასრულებდა ბრძანებას. მისი სპეც-ჯგუფის წევრები კი თანამედროვე აპარატურის მეშვეობით უთვალთვალებდნენ. თუმცა, „წიგნის სახლამდე“ 50 მეტრი იყო დარჩენილი, რომ პატარა შესახვევიდან მოტოციკლით შლემიანი ადამიანი გამოსრიალდა. გიუნტერს ფულიანი ჩემოდანი გამოსტაცა და ვიწრო ქუჩებით ისე გაუჩინარდა, რომ კვალიც კი არ დატოვა.

თაღლითის თაღლითი

სინამდვილეში, ბავშვთა კვებაში არანაირი შხამიანი ნივთიერება არ იყო შერეული, ეს გიუნტერის გამოსაჭერად იყო მოგონილი. თაღლითები კი სამი თბილისელი ახალგაზრდა იყო – ანზორ კაციაშვილი, გივი ნონიკაშვილი და მერაბ ლაღიძე. ერთმანეთი მათ შვეიცარიაში გაიცნეს. ეს აფერა მერაბ ლაღიძემ მოიფიქრა. მერაბი იყო ის მოტოციკლისტიც, ვინც გიუნტერს ფულიანი ჩემოდანი გამოსტაცა და გაუჩინარდა. შემდგომი მოვლენები კი ასე განვითარდა: ლაღიძემ ორივე „პაძელნიკი“ „გადააგდო“ და თანხით მიიმალა. კაციაშვილი და ნონიკაშვილი 2 თვის შემდეგ „ინტერპოლმა“ შეიპყრო მადრიდში, სადაც ისინი წვრილმან თაღლითობაზე აიყვანეს. თუმცა 500 000 ევროს გამოძალვისთვის უკვე კუდზე ასხდნენ. 2007 წელს, ანუ 2 წლის მერე კი, პარიზში მერაბ ლაღიძეც დააპატიმრეს. თუმცა მას ვერც გამოძალული თანხა უპოვეს და არც დანაშაული უღიარებია. დღეს ის კარიბის ზღვის ერთ-ერთ სახელმწიფოში ცხოვრობს, სადაც 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ დასახლდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი