კრიმინალური ისტორიები

ძველი თბილისის დამნაშავეები

№3

ავტორი: აბო იაშაღაშვილი 18:00 30.01, 2021 წელი

ძველი თბილისის
დამნაშავეები - tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

  ზაქარია ჯავახოვი – ფულის გამომძალველი. მოკვლის მუქარით წერილებს სწერდა და ფულს ითხოვდა. დრო იყო მეტად არეული. ხიფათი – არაერთი. თანხაც არა ყელგამოსაჭრელი. სამას მანეთს ჩასწერდა, ხან ორასს და ელოდა. ვინც არ მოიტანდა, იმის დასაშინებლად ფანჯარაში რევოლვერს ესროდნენ, როგორც  დავუშვათ აუბიტოლისს, ძმებ არზუმანოვებთან მომუშავეს, ეგზარხოსის მოედანზე მცხოვრებს. ჯავახოვმა და მისმა დამქაშმა დავიდ ლევანოვმა 1906 წელს ექიმ გერასიმე გულულიანცს მისწერეს, სამასი მანეთი რომ ჩაედო წყლის ონკანთან და ისიც დამორჩილდა, მაგრამ პოლიციასაც გააგებინა და ასე შეიპყრეს გამომძალველები.

იმ დროებაში ეს თანხის მოთხოვნა მეტად სახასიათო რამ ხდება. იყო, დავუშვათ, გორგიჯანოვი, ვინაც ასევე დაიჭირეს ამაზე და ვიატსკის გუბერნიაში გაასახლეს, იქიდან გამოქცეული ისევ ძველ საქმეს უბრუნდება და ისევ იჭერენ.

იყო ასევე ივან აროშტამი, პროფესიით დანტისტი, თაღლითი, გამომძალველი, ორი წლის განმავლობაში ტფილისში ის და მისი ბანდის წევრები – ვანო მოსულიშვილი, ტიგრან ეგოროვი, გაბრიელ მამედოვი, აზნაური ვანო ტატიევი, წერდნენ შეძლებულ ხალხს მუქარით სავსე წერილებს და ფულს „პარტიის“ სახელით ითხოვდნენ. შემდეგ ადგილზე ჩნდებოდა არონშტამი, ვინც გარკვეული, მცირე საფასურის სანაცვლოდ მზად იყო, მოეგვარებია საქმე „პარტიასთან“. ასე მაგალითად, იანკოვსკის ორი ათასი მანეთი მოსთხოვეს, არონშტამმა კი ამ საქმის ვითომ მოგვარებაში ასი მანეთი გამოართვა. თანხა იყო მცირე, თავსატეხს კი დაშანტაჟებულს დიდს უხსნიდა. წერილებსაც ბევრს სწერდნენ, მელანი და ფურცელიც არ ჭირდა და ფული გვარიანი გროვდებოდა. არონშტამი და მისი ბანდა 1908 წელს დააკავეს.

ღამის რევოლვერები


ნერსესოვმა და იმისმა დამქაშებმა სროლა გაიგონეს თუ არა, უმალ საფარიდან ამოვიდნენ და შეყენებული რევოლვერებით სადარბაზოსთან ახლოს დადგნენ. ამ დროს კი უფლისოვის შეყრილი პოლიციელებიც გამოჩნდნენ და ბაღდადიანცის სახლთან რევოლვერიანი ჯეილები რომ დაინახეს, არ აცალეს და ცეცხლი გაუხსნეს. ამ დროს სპარსელებიც გამოდიოდნენ სადარბაზოდან.
ატყდა ყოველმხრივი სროლა, კაი ხანს არ შეწყვეტილა და ვინ ვის უმიზნებდა, ვეღარ გაიგებდი. ამ სროლაში ვალი-ხუბას-ოღლი დავარდნილიყო შიგ შუბლში გარტყმული ტყვიით, შახსეი-ვახსეის იარებს შუა რომ მოხვედროდა. რამდენიმე პოლიციელიც იქვე გათავებულიყო, ნერსესოვის რამდენიმე დამქაშიც. კაზიმმა კი ბაღდადიანცი უკან სადარბაზოში შეათრია, სხვა კარიდან ეზოში გამოაგდო, იქიდან კი გვერდითა ქუჩაზე გავარდა. უფლისოვმა კი რომ ნახა, სროლა ატყდა, გაიქცა და ამ გაქცევაში კიღამ შუბლით კაზიმსა და მის თანმხლებს შეასკდა. ძლივს მოასწრო სახლს ამოფარება. მერე გამოიხედა და დაინახა კაზიმი, ერთ ხელში რევოლვერით, წინ ბაღდადიანცი რომ გაეგდო და ვერისკენ მიდიოდნენ. უფლისოვმა ერთი მიმოიხედა და მათ კუდში გაჰყვა.
მიხეილ ჯანაზოვი – პირველად 1857 წელს მოიპარა ცირკის ბილეთის რიგში საათი, როცა პეტერბურგიდან ვოლტიჟერი კარლ ვალტერი და ძმები ფიონდინი იყვნენ ჩამოსული და მას მერე ასე შერჩა ცირკს. არ ტოვებდა არც ერთ წარმოდგენას და იმ ხალხმრავლობაში სძვრებოდა სხვის ჯიბეებში. ის იპარავდა სულიეს ცირკში 1863 წელს და როცა ჯუჯა კლოუნი ალფრედ კიმბიბი აცინებდა იქ მოკრებილთ, ისიც იცინოდა ყალბი ღიმილით და მისი თითები სხვის ჯიბეში ძვრებოდა. როცა 1869 წელს სურის ცირკში, ფარდას უკან დამალულ ქალს აქრობდნენ, ის აქრობდა მის გვერდით მყოფის საფულეს. ის იპარავდა 1882 წელს ძმები გოდფრუას ცირკშიც, სადაც უცქერდნენ ახლად გაჩენილ კულა გლდანელს, როგორ ეჭიდავებოდა გოგაძეს. აღტაცებულ ხალხს ყველას თვალი იქით ჰქონდა, მას კი სერთუკის ჯიბეებისკენ გაურბოდა. ის იპარავდა ფიურერის ცირკში 1888 წელს, როცა გოლიათი ემილ ფოსი და მუცელმეტყველი ოტო ჩარნირი აოცებდა მაყურებელს. ის ამ დროს სხვისი ჟილეტიდან საათს ხსნიდა. ის იპარავდა ტომსონის ამერიკულ ცირკში 1890 წელს, როცა მის კონსტანცია და მისი თორმეტი კაკადუ უჩვეულობებს აჩვენებდნენ. არ აკლდებოდა ძმები ნიკიტინების ცირკსაც მთელი 90-იანი წლები, როცა კაზლოვი თავს სჭრიდა, ლანგარზე დებდა და ყველას შეეძლო ხელით აღება. როცა გაოცებული თვალი იქით მირბოდა, მისი მზერა ჯიბიდან ამოშვერლი პორტმანეს ხედავდა. და მას იჭერდნენ. ყოველ ამ ცირკში დაეჭირათ და მეტეხის ციხეში შეესვათ. ციხეში ის ყვებოდა ცირკის ამბებს. ამით გაჰქონდა თავი. ეს იყო მისი ლუკმა იქ და ყლუპი ღვინო. ის მჯდარიყო ციხეში, მიხაილ აიზელმესერთან, ტატო წულუკიძესთან, „არდაგანთან“, მიხეილ კულაკაშვილთან, მიშკა ოგუნზიხტთან, დალი აღასთან და ყველას ამათ უამბობდა, როგორი იყო კაუჩუკის კაცი და ნეგრი ბოსტონი, დები ელიზა და მარგარიტა ბრატც, მოჯირითე გერტნერი, ვინაც თვეში გამაოცებელ ფულს, ათას მანეთს იჯიბავდა. ეს ყოველივე გაისმოდა მეტეხის ციხის ოფლის სუნიან საკანში.
იოჰანეს ჰააკ – ასასი, თან ქურდი და ბოქლომების მტეხავი. საცა ასასად დგებოდა, იქ იპარავდა. ასასების ქურდებთან შეკვრა არ იყო ახალი. მათთვის, ძარცვის დანახვისას, თვალის დახუჭვაც ხშირი იყო. იქიდან წილი ერგებოდათ. იყვნენ ისეთებიც, თავადაც რომ გაერეოდნენ ამ ქურდობასა და დარაბების მტვრევაში. შეიძლება, გახსენება, თუნდაც მირზოევის ქარხნის ასას ორუჯ-ბაბა-ოღლის, 352 მანეთის სხვადასხვა საქარხნო იარაღები რომ გაიტანა 1886 წელს და ხელის დამცლელებს გეურქ სარქისოვსა და სანდრო მარტირუზოვს მიჰყიდა. ან ასას ვაგარშაკ ამბარცუმოვის, ვინაც კიროჩნის შესახვევში პრინცესა სიტარა ბეგუმ ყაჯარის სახლი გაქურდა და მიიმალა. ასასები სხვადასხვა იყო: ქარვასლებისა – სხვა, სახლებისა – სხვა. ამავდროულად იყო დიდი სწრაფვა მათი ფართოდ ჩართვისა პოლიციის საქმიანობაში, პოლიციას მხარში რომ ამოდგომოდნენ. ესენი ხშირად იყვნენ გადამდგარი ჯარისკაცები, ინვალიდები და ჯარში ნამსახური ხალხი, თუმცა არა ყოველთვის, და სროლისას იმალებოდნენ კიდევაც. გამორჩევით იმ დროს, როცა პოლიციის ჩინებთან ერთად ტყვიას ასასებისთვისაც არ იშურებდნენ და კლავდნენ, როგორც, დავუშვათ, ლუდვიგ საინოვი, ბრიგადირისა და ბასეინის ქუჩების კუთხეში, ანაც და მიხაილ ერივანცოვი, ისაც ნახალოვკაში. ჰააკმა 1890 წელს გასცა ალფერდი, ტფილისში თეოდორ კნაბეს სახელით რომ იმალებოდა და ბერლინის ბანკის სალაროდან ასი ათასი რაიხსტალერი მოეპარა. ჰააკმა ის ალექსანდერსდორფის შულცთან დაასმინა. იოჰანეს ჰააკი შემდეგ თავადაც დაიჭირეს, იზა ლიმბანის ბინიდან ზანდუკის მოპარვის გამო.
ისააკ ჯორიაშვილი – მე-10 ნაწილში, ლიანდაგთან, ვაგზლის სიახლოვეს ეჭირა დუქანი, საცა იკრიბებოდნენ ავაზაკები და ნაპარსაც მასთან მალავდნენ. ჯორიაშვილი თვითონაც ადრე ნაყაჩაღარი, ნაჯიბგირალი, იფარავდა ავაზაკებს. 1897 წელს მისი დუქნიდან ორასი ნაბიჯის სიშორეს იპოვეს მოკლული და გაძარცვული იოსებ გურულაშვილი. მკვლელობა მოხდა ძარცვის მიზნით. ორივე ჯიბე ამოჭრილი ჰქონდა. მისთვის ჩექმებიც გაეხადათ. ბოქაულმა თუმანოვმა ჩაატარა ძიება. ჯორიაშვილის დუქანში იპოვეს სისხლიანი ფურაჟკა და დადგინდა, რომ ის იყო ამ ბანდის მოთავე და სულის ჩამდგმელი, რის გამოც იქნა გასამართლებული.
აბო იაშაღაშვილი
(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი