კრიმინალური ისტორიები

ძველი თბილისის დამნაშავეები

№2

ავტორი: აბო იაშაღაშვილი 18:00 23.01, 2021 წელი

ძველი თბილისის
დამნაშავეები - tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზაქარია „შუა“ – ჯიბის ქურდი. 

ის ოპერაში დაიარებოდა, ჯერ თამამშევის თეატრში და მისი დაწვის შემდეგ საინჟინრო ბაღში. მისი საქმე იყო ანტრაქტში გასვლა, ბუფეტში სელტერის წყლის მოსმა, მხრის გაკვრა, გასმა, გამოსმა, საცა ვიწროა, იქ გაძვრომა და ამაში პორტმანეს იპარავდა არაერთს. ბელინის ოპერა „სომნამბულა“ იდგმებოდა მაშინ საინჟინრო ბაღის თეატრში, პრიმადონა დი გრაცია იყო ტალია ლუე, ტენორი, ოღონდ არა ფორცა, ვიქტორია დელილიერსი და ბასი კი – საკარდი. წარმოდგენის წინ „ბოჟე ცარია ხრანის“ მღეროდა იტალიური ტრუპპა და მას მერე სომნამბულად იქცეოდა თვითონ „შუა“, როცა სხვები არჩევდნენ, როგორი ბასია გრაფ როდოლფო და როგორი მეცო-სოპრანო – მეწისქვილე ტერეზა, ის იმათ ჯიბეში უფათურებდა. მეტად სწრაფად, კოხტად აცლიდა, რაც რამ მოუხვდებოდა ხელში. და თუ იტალიურ სოფელში ყვებოდნენ მოჩვენების გამოჩენას, აქაც დაიწყეს მალე მოყოლა, რომ ტფილისის თეატრში უჩვეულოდ იქურდებოდნენ იქ მყოფნი. ბოლოს მან მღვდელი ლაზარევი გაქურდა და იმან კი იგრძნო და 1876 წელს დაიჭირეს.

რაჟდენ ცეცხლაძე, ილია თოხაძე, ირაკლი თოიძე, გრიგოლ მამულაიშვილი, ვანო თოთიბაძე, გიორგი დოლიძე, ტოტო გაბაევი, იგივე აღნიაშვილიტფილისელი მუქთახორები, მოქეიფენი, რესტორან „პურ-ღვინოს“ ყოველდღიური მუშტარი, იქ ქეიფსა და ბილიარდის თამაშში დროის გამტარებელნი. „პურ-ღვინო“ გოლოვინსკის პროსპექტზე იდგა, მუხრანბატონის სახლში, კლუბს ქვეშ და საშუალო გაქანების რესტორანი იყო. აქ დაგეგმეს და ჩაიფიქრეს მათ პირველი დანაშაული და 1902 წელს ტფილისის სიახლოვეს, ზედაზნის მონასტერს დაეცნენ. შიგ შევარდნენ რევოლვერის სროლით და იმის წინამძღვარ, მამა იონას კელიაში ფულს სძალავდნენ. შემდეგ ეკლესიის ყუთები გატეხეს და იქიდან ფული ამოიღეს. წინამძღვარი გამოიქცა, მათ კი მისი კელიაც გაჩხრიკეს, წამოიღეს ყველაფერი, რაც ძვირფასი ენიშნათ, თან გააყოლეს საეკლესიო და მღვდელმსახურების ნივთებიც. ამის შემდეგ დოლიძე გორის მაზრის სოფლებში მიდის, სხვისი სახელითა და გვარით გადაადგილდება, თავს ასაღებს სემინარიის სტუდენტად და აგროვებს ცნობებს იმ მხარეში მდიდარ ეკლესიებსა და მონასტრებზე. ამ მოგზაურობიდან ბლომად ცოდნა ჩამოაქვს და ახალი გეგმაც ჩნდება. შემდეგი მიზანი გამოდგა მარტყოფის მამათა მონასტერი. იქაც ტაძარში შევარდებიან რევოლვერების სროლით, იქიდან გამოსვლას ყველას უკრძალავენ, წინამძღვარს ფულს სძალავენ და ამას გარდა იქ მყოფ მრევლსაც ძარცვავენ. ამ ალაფით გამობრუნდებიან ტფილისში. შემდეგ „პურ-ღვინოში“ ქეიფს აგრძელებენ და რაკი მეპატრონენი მათ ჯიბეში გაჩენილ ბლომად ფულს შენიშნავენ, ეს ეჭვს აღუძრავთ და პოლიციას უხმობენ. მათ დააკავებენ, თუმცა რაიმე ავაზაკობასა და ქურდობაში გარევას უარობენ. ამავე დროს ტერ-ვართანიანცი, ვისაც ჰქონდა მიბარებული ნაქურდი, იმის გაყიდვისას ვარდება. ეს გამოააშკარავებს ამ საქმეში ტოტო აღნიაშვილის ყოფნასაც, ვინც აღმოჩნდება, რომ 1892 წლის მერე იძებნება, ყაჩაღობასა და მკვლელობის ბრალდებით. მათ დაკავებულებთან ერთად მეტეხის ციხეში ათავსებენ. დოლიძე ჭლექით კვდება, აღნიაშვილი გაქცევას ახერხებს, სხვა ყველას 12 წელი კატორღა მიესჯებათ, ტერ-ვართანოვს კი ნაქურდის შენახვისათვის სამ-ნახევარი წლით გაგზავნიან არესტანტულ როტებში.
არჩილა ციმაკურიძე – ქურდი, აზნაური, მოვიდა იმერეთიდან. მისი ჩამოსვლა დაემთხვა 1861 წელს იტალიური ტრუპპის მიერ პირველად დადგმულ სივარდ საქსონელს, მაშინ ტორაზელა იყო თეატრის საქმეების გამგე, კინტოები კი ქუჩებში არიებს ამღერებდნენ, მომახინჯებულად, კინტოურად. თითქოს და ვენეცია მოსულიყო ტფილისში, თითქოს და ვირის ხიდი რიალტოს ხიდი გამხდარიყო. ტფილისში ევროპული ქალაქების ხმა გაისმოდა და იქაური მოედნების სურათებიც უხვად გაეკრათ პანორამაში. ტფილისის გამვლელნი მოწყვეტილი არ ყოფილან დიდ ქალაქთა იერსახეს. გოლოვინსკზე სტერეორანიული ფოტოების გალერეა გაეხსნათ და შიგ მოსჩანდა ნეაპოლის ხედი, შატოლეტის მოედანი პარიზში, ლონდონის ტაუერის ხიდი, ნავსადგური ჰამბურგში, მავრიტანული წისქვილი გრანადაში. ტფილისი ცნობდა დიდ ქალაქებს. ტფილისი იმოსებოდა, როგორც დიდი ქალაქები. ჟიზელ დეზოლმის ფრანგულ მაღაზიაში პარიზიდან ახლად ჩამოტანილი კაბები და ხელთათმანები იყიდებოდა, ჩალის ქუდები, ქოლგები. რობერტის იტალიურ ყავახანაში, სოლოლაკის ქუჩაზე, ყავას მოსვამდი, თითქოს და კუნძულ კაპრის ცქერაში. და ამათ გვერდითვე სულ ორიოდე ნაბიჯით ქვევით არაბ-ოღლის სახლში ოპიუმს სწევდნენ, თავრიზიდან მოსულ ქარავანს გადაეყრებოდი განჯის კართან, ინდოელიც კი დაეწვათ წესის სრული დაცვით იქით, ორთაჭალასთან. ორი სამყარო ესე გვერდიგვერდ იყო. ის, რამაც „კავკაზში“ დააწერინათ, რომ ტფილისი იანუსსა ჰგავსო, ერთი სახით აზიას უყურებს, მეორეთი ევროპას. ციმაკურიძემ თან ჩამოიტანა ყალბი სარეკომენდაციო წერილი, დამოწმებული ქუთაისის გუბერნიაში და გაახერხა ადგილი გიიომთან, სასტუმრო „კავკაზში“. იქ იქურდა პირველად, თუმცა პატრონს ხმაური და პოლიცია არ უნდოდა, სჩანს, დასამალიც ჰქონდა სასტუმროს ოთახების საიდუმლო და ის უხმოდ გაუშვა. ციმაკურიძე შეერია იმერეთიდან უამრავ ჩამოსულს, ლაქიისა და მზარეულის ადგილს რომ ეძებდა, და სახლებსაც სტეხდა და ქურდავდა. 1868 წელს ერთხელაც ისარგებლა ყალბი საბუთით და იტალიელ ნაპოლეონ სიენისთან მოეწყო სასტუმრო „იტალიაში“, თუმცა აქ მან პატრონსვე მოპარა ოქროს საათი, ამაზე დაიჭირეს და ბევრი სხვა საქმეც ამოუქექეს.
ტატო წულუკიძე – საზარელი ავაზაკი, ქურდი, მძარცველი, 1875-80 წლებში შიშის ზარს სცემდა ტფილისის მოსახლეობას. ოსმალეთ-რუსეთის ომის დროს საგანგებო რეჟიმზე გადასულ ქალაქში ჩადიოდა არაერთ ძარცვასა და მკვლელობას ცივსისხლიანი მკვლელი. როცა მის დამქაშებს იჭერდნენ, ის ახალ ბანდას კრავდა. პირველი დამქაშები ჰყავდა ალერციანი და ნასყიდაშვილი. შემდეგ დადის გველესიანთან და პეტო ორბელოვთან ერთად. ტატომ სცადა, რამდენჯერმე გასცლოდა ტფილისს. გარბოდა დასავლეთ საქართველოში, გარბოდა ვლადიკავკაზში, საცა მის ბინაზე შევარდნილ პოლიციას ოდენ მისი ჩიბუხი დახვდა. ის აპირებდა ოსმალეთში გადასვლას იქაურ ავაზაკ მეგრალისთან, მაგრამ დიდმა თოვლმა ხელი შეუშალა და უკან გამობრუნდა. რამდენჯერმე გაიქცა საპოლიციო საკნიდან, გარბოდა ფეხსალაგის ორმოებიდან, შიგ ჩაყვინთავდა და გარეთ ამოდიოდა. გაიქცა მეტეხის ციხიდანაც, დაკითხვაზე ყოფნისას და დამქაშების დახმარებით. სუსტი აღნაგობის, ხუროს შვილი. ხშირად ეძახდნენ მეტსახელს – „ხურო“. დაუნდობელი, დილიხორის გამო დანის გამომსმელი. ყოველთვის ჰყავდა ბიჭი, აღმოსავლურ ყაიდაზე რომ ყვარობდა და დამქაშადაც იყენებდა, ხან ფანჯარაში შეაძვრენდა, კარის გამოსაღებად, ხან სადარაჯოდ აყენებდა, სხვადასხვა საქმეზეც აგზავნიდა. საბოლოოდ ისინი გასცემდნენ და დაასმენდნენ. რამდენიმე საზარელი მკვლელობის ჩამდენი, მუცლის გამოფატრებითა და თავის გაჩეხვებით. დაიჭირა ბოქაულმა ლოლაძემ ყარსთან ახლოს, როცა ის მიმალვას ცდილობდა და ბუხართან ფეხებს ითბობდა. მიესაჯა ჩამოხრჩობა და განაჩენი სისრულეში ხოჯივანქის სასაფლაოსთან 1879 წელს მოიყვანეს. ამის საცქერად ბლომად ხალხი შეიკრიბა. უტიფრად იდგა და მას მერე, რაც დაკიდეს, მისი უკანასკნელი სიტყვები იყო, „თოკი გაასწორე“.

(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი