კრიმინალური ისტორიები

ძველი თბილისის დამნაშავეები

№51

ავტორი: აბო იაშაღაშვილი 18:00 26.12, 2020 წელი

ძველი თბილისის
დამნაშავეები - tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

  ვანო გვარამაძე – ქაღალდის თაღლითად მოთამაშე, შულერი, ტფილისურად ნიშანბაზი. თამაში, საზოგადოდ, აკრძალული იყო და ამას პოლიციაც უშლიდა. თუმცა დუქნებსა და ბაღებში ამაზე უარს მაინც არ ამბობდნენ. ერთი ასეთი თავშეყრის ადგილი „ნიუ-იორკის“ ბაღიც იყო. 

ყველაზე ხშირად თამაში რესტორნებში ტრიალებს, დავუშვათ, რესტორან „ვერსალში“, ელისაბედისა და ნეკრასოვის ქუჩების კუთხეში ან რესტორან „იალტაში“, რომლის არენდატორმა ჯანანოვმა დამქაშებთან ერთად სოლოლაკში იაზოვ-დონის ბანკის მოხელე დააყაჩაღა და 50 ათასი მანეთი წაართვა.

სახალხოდ კი უფრო გავრცელებული იყო ფულის აგდება, „არიოლი“, კიდევ ფულის კედელზე მირტყმა, ჩაცუცქული კინტოები ქუჩის კუთხეებში რომ თამაშობდნენ. იყო კიდევ კოჭი, იყო კამათლის გორებაც. ის დრო კი უკვე გადავარდნილიყო, როცა ნესვს გაჭრიდნენ და ფულს იმის სიმწიფის გამოცნობაზე ჩამოვიდოდნენ. ამ პერიოდში ყველაზე ხშირად თამაშობენ „ბანკს“ და „ბაკარას“. მთაწმინდაზე აღაიანცის დუქანში ყოველ ღამე თამაშობდნენ „ხლუსტს“. გავრცელებული თამაში იყო, ასევე, „ცხრა“ და „შტოსი“, სადაც ორ დასტას ერთმანეთს აჯიბრებდნენ. გვარამაძეს ეხერხებოდა ბანქოს ქაღალდის კუთხეების ოდნავ მოღუნვა, დავუშვათ, ოთხი ვალეტისა და დასტის მოჭრისას ის ასე დანიშნულს სათავისოდ იოლად მოიგდებდა. ტუზებს გვერდიდან ცვილსაც უსვამდა და იმის პრიალს ცნობდა. გვარამაძე 1908 წელს მოკლეს ნიკოლოზის ქუჩაზე, სასტუმრო „იტალიის“ პირდაპირ, „პარაბელიუმიდან“ ნასროლი ხუთი ტყვიით. ჯიბეში მას გასანთლული ბანქოს დასტა და გატენილი „სმიტ ვესსონის“ რევოლვერი უპოვეს.

კუკიის ბაღების კარამბოლი
თეოდორ კნაბეს მთელი ფიქრი ელაგა საკვოიაჟში. მისი ფიქრი ამ ტყავის პორტმანტოს არ სცდებოდა. შიგ ელაგა ბლომად ფული, ოღონდაც იმის დახარჯვა არ იყო იოლი.
ამ ქვეყანაში ამ ფულითა და ბანკნოტით შორს ვერ გახვალ. ისე ვერ გამოაჩენ, რომ პოლიციის ხელში არ მოხვდე.
ის დაეძებდა უკვე რა ხანია ხსნასა და გამოსავალს, დაიარებოდა ქალაქში და ათი თვალი გამოესხა. დაიარებოდა კლუბებსა და რესტორნებში, თავშეყრის ადგილებში და დაეძებდა ამ ფულის მუშტარს.
მას სურდა ისეთი ვინმე, ფულის წარმომავლობას ნაკლებად რომ იკითხავდა და ამასთან მას საფრთხეშიც არ ჩააგდებდა.
ის იდგა სასახლის ქუჩაზე სასტუმრო „სევერნიე ნომერაში“ და ბილიარდის ბაღებში თამაშობდა. და საცა ბილიარდია, იქ ფულის თამაშობაც მიდის. თეოდორ კნაბეს წვრილი ულვაში ჰქონდა და იერი რამე პროფესიის მცოდნე კაცისა, დავუშვათ, ბუჰალტერიისა, ანაც ფინანსებისა. იქნებ ისიც გეფიქრა, რომ ის „სიმენსისა და ჰალსკეს“ კომისიონერია. იერი, მართლაც რომ, მეტად მოწესრიგებული ჰქონდა.
ეს გარეგნობა მას ხალხთან საუბარსა და კონტაქტში ეხმარებოდა. ბაღებშიც თავს მისთვის სასურველი ხალხი იყრიდა.
ხშირად დაიარებოდა მუშტაიდშიც. ეს ბაღი სპარსეთიდან დევნილ კაცს გაეჩინა, სახელიც მისი წოდებიდან დარქმეოდა.
სპარსელს კი გაეჩინა, ოღონდაც ახლა ევროპის იერი შესძენოდა და აქაურობა ნაირგვარი ღვინის, სიფონისა და ზელცერის წყლის მოსსმელ, გასართობ ალაგად ქცეულიყო.
ერთ დროს თეოდორ კნაბე ბერლინის ტირგარტენში დაიარებოდა, მსგავსად სხვა ბიურგერობისა, რათა ლუდის კათხითა და თამბაქოს ბოლებით ესაუბრა ბისმარკის პოლიტიკასა და ახალ იმპერატორზე, ბოლო ჯერზე მადამ ბეტმანს სცენაზე რანაირი ბაშმაკები ეცვა და ათას ასეთს საამო და კვირა დღისათვის სარგო საქმეზე.
ახლა მან ელისაბედ გუტბორტის ლუდი მოსვა და თვალი რუსულ ბილიარდს დაასო. მაგიდის გარშემო ზარმაცად სხვადასხვა უქმე ხალხი სტრიალებდა, ოღონდაც მისი ცალი და ტოლი არავინ სჩანდა.
კნაბემ ბილიარდის თამაში არ იცოდა ხეირიანად, მაგრამ მის გათვლაში ამის კარგად ცოდნა მთავარი სრულებით არ იყო. მისი არიფობა ეგებ სახეიროც იყო, რათა განგებ წაგებით ვინმეს რაიმე ეჭვი არ აეღო. თეოდორ კნაბე თამაშობდა, რათა წაეგო.
გიორგი გველესიანი – ქურდი, მძარცველი, შორაპნის მაზრიდან. გაჭირვებას გამოექცა და ჯერ იდგა ლაქიად, მერე დარაჯად ბორჯომის სასახლეში. იქიდან ტფილისში გამოსწია და მედუქნე მდივნის ხელისბიჭად იყო. იქაც არ გაჩერდა დიდხანს, მიაგდო საქმე და ქურდობა დაიწყო. მერე თავი ტატო წულუკიძის ბანდაში ამოყო.

ეს ხდება 1877 წელს, გაჩაღებულია რუსეთ-ოსმალეთის ომი და ქალაქში საგანგებო ვითარებაა. სალდათები ბევრ ქუჩაზე იდგნენ ოსმალო ჯაშუშების შესაძლო არეულობების ასაცილებლად. ამას გარდა, საგანგებო ომის კანონები მოქმედებდა დამნაშავეთა მიმართაც. დასჯა იყო მკაცრი. ძარცვა, ტელეგრაფის ხაზების დაზიანება, სამხედროებზე თავდასხმა ტრიბუნალის წესებით სამართლდებოდა. ტატო წულუკიძე ძებნაში იყო, გამოქცეული ციხიდან ის სოლოლაკში, ბაღის ქუჩაზე, თავის დამქაშებთან ერთად, თავს დურგალ ტერტომაზოვს დაესხა. გველესიანი მას პირველი მივარდა, დასცა მიწაზე და ქამარი და საათი ააწყვიტა. შემდეგ ისინი სროლით გაეცალდნენ იქაურობას. ტყვია გამოდევნებულ ჯარისკაც დიუკანოვს მოხვდა, მძიმედ დაიჭრა და ის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ საქმეზე მალევე ძმები კუზანოვები შეიპყრეს, წვრილი ქურდები და ჯიბგირები. ისინი სამხედრო კანონებით გაასამართლეს და უმალ ჩამოახრჩვეს. გველესიანი და დანარჩენები კი ტფილისს გაეცალნენ. ქამარი, ძარცვის მონაწილე კაზაროვმა დაიტოვა, საათი კი მცხეთასთან მედუქნეს მიჰყიდეს. მერე სურამში ერთი სხვა მედუქნისგან შეიტყვეს ვინმე აკოპოვის სიმდიდრის შესახებ, შეუვარდნენ მას და ამ ძარცვაში შემოაკვდათ. ამ ფულიდან გველესიანს ბევრი არაფერი ერგო, დიდი ნაწილი ტატომ დაიტოვა. ამის შემდეგ ეს ფული, თავის მხრივ, ებრაელმა ექიმმა დასტყუა, თუმცა ეს სხვა ამბავია.

გველესიანმა კი სცადა დასავლეთ საქართველოში მიმალვა, მაგრამ დაიჭირეს და გორის ციხეში ჩასვეს. იქ ყოფნა ძნელად გადაიტანა, საკანში ის ტატოსთან დამქაშობით ტრაბახობდა და ეს ყველაფერი ერთ ტუსაღს გაანდო, მან კი ყოველივე ბადრაგთან გათქვა. გველესიანმა ამის გამო მისი მოკვლა სცადა და ის ხელიდან ძლივს გამოჰგლიჯეს. შემდეგ კაზაროვთან წერილი დაწერა, რომ მედუქნეს, ვისაც ტერ-ტომაზოვის საათი მიჰყიდეს, ენა გაეჩერებინა, თორე ყველას თხებივით დაგვკიდებენო. მაგრამ წერილი ერთმა სხვა პატიმარმა მოჰპარა და ისიც ბადრაგს გადასცა. ეხერხებოდა ოთხი ხელით წერა, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ყაიდაზე. ამ წერილის დაწერას უარობდა. მისი კალიგრაფიის დასადგენად აზრს დაეკითხნენ სერგეი მესხს – მეგაზეთესა და რედაქტორს, ჰიუგოს მთარგმნელსა და პარიზში მოგზაურობათა ავტორსა და ჩამწერავს. გველესიანს უვადო კატორღა მიესაჯა.

(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი