კრიმინალური ისტორიები

ძველი თბილისის დამნაშავეები

№50

ავტორი: აბო იაშაღაშვილი 21:58 17.12, 2020 წელი

ძველი თბილისის
დამნაშავეები - tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

სეხნია იაკობაშვილი – ქურდი, მან შეყარა ერთად ჩერქეზოვი, გოცირიძე, საყვარელიძე და მათთან ერთად სახლებს ქურდავდა. მეცხრამეტე საუკუნის ოცდაათიანი წლების ბოლოს გოლოვინსკზე სულ ათიოდე სახლი თუ დაითვლებოდა. ქუჩის ბოლოს, მოსკოვის ზასტავასთან, იდგა კომენდანტის სახლი და ასე სრულდებოდა ქალაქი.

„კალიუჩი ბალკა“ ცარიელი იყო. იქვე იდგა რამდენიმე აგურის ქარხანა. მესანგრეთა და არტილერიის სლაბოდკებიც ქოხების ადგილი იყო. გასაქურდად ძვირიანი სახლის ამორჩევა იოლი არ იყო. ორმოციან წლებამდე ასეთი სურათია. მერე, ვორონცოვის ჩამოსვლასთან ერთად, ახალი სახლების მატება და აღმშენებლობა ერთი იყო. ასე ამბობდნენ, ამ შვიდ წელიწადში ისეთი სხვაობა იყო, როგორც შუა ბაზრის ხმაურსა და ფრანგების მოდურ მაღაზიას შორისო. იაკობაშვილი და იმის დამქაშები ხშირად სალდათის ბაზარში ქარსიძის დუქანში ჩანდნენ. იმის ბილიარდს დასტრიალებდნენ. ამ დუქნის ავან-ჩავანს აქ იყოფდნენ. 1859 წელს მათ სტატსკი სავეტნიკი სმიტენის სახლი გაქურდეს და იქიდან მტრედის კვერცხის ზომის საფირონი მოიპარეს.
მიხეილ-ხაამ იაკობიძე – 90-იანი წლების კონტრაბანდისტი. მაშინ კონტრაბანდისტები „ტახტა დუქანში“ ჩერდებოდნენ, სოღანლუღთან ახლოს. იქ იცლებოდა და იცვლებოდა ბაჟგადაუხდელი ნივთები ფულში. აქ იყო მათი თავშეყრის ადგილი. მერე ნაწილდებოდა ის ქარვასლებში. იაკობიძეს სხვადასხვა რამ მოჰქონდა. ეს იყო სპარსეთიდან მოზიდული ნივთეული. ბაჟგადაუხდელი ჩაის მომხმარებელი ბევრი იყო. მარაქოვისა და აივაზოვის ჩაი-შაქრის დუქნები სიონის ქუჩაზე პოლიციის მოხელე ბირშერტმა აღმოაჩინა და დააკავა პატრონები. ამ ჩაის კვალსაც გაჰყვა და ხეროდინოვის ქარვასლაში ებრაელ დავით მოშიაშვილსა და მის სადგომში ბლომად ასეთ ჩაის მიაგნო. ერთ ასეთ კონტრაბანდისტთა პროცესიას გადააწყდა აკალადჩიკი ჯამასპოვიც და გამოედევნა მათ, თუმცა იარაღიანებთან მარტომ შებმა ვეღარ გაბედა და დახმარებისთვის გამობრუნდა. ამასობაში კი მათ გაასწრეს და დაიკარგნენ.
ვასო იაშვილი, მიხეილ მჭედლიშვილი და მიხეილ კობახიძე – 1904 წლის ქალაქის საკრედიტო საზოგადოების შენობაში თავს დაესხნენ ვაჭარ თურინჯ ვლასოვს, როცა მას 15 750 მანეთი მოჰქონდა, თავში ჩაქუჩი ჩაარტყეს, ფული გამოსტაცეს და გაიქცნენ. ერთმა სალდათის ბაზრისკენ შეყვინთა, დანარჩენი ორი ვანო მჭედლიშვილის დუქანში შევარდნენ და იქიდან ეზოში მიიმალნენ, საიდანაც ორი გასასვლელი იყო, სომხის ბაზარსა და სოლომონის ქუჩაზე. ეს იყო მეტად ხშირი ფანდი გაქცევისა, დაფანტვისა, კვალის არევისა. გარადავოიც სამად ხომ არ გაიხლიჩებოდა, ორი იყო უკვე გაქცეული, ერთს კი ფეხების სიმარდე უშველიდა. შემდეგ ფული მათ ხოჯივანქის სასაფლაოზე გაიყვეს. თუმცა გაქცევისას მჭედლიშვილი იცნეს და ძებნის შემდეგ დააკავეს. მასთან ერთად დააპატიმრეს მისი დამქაშებიც და ყველას ათი წლით კატორღა მიესაჯა.
იმამკულ მაჰმედ ოღლი – ჯიბის ქურდი, გაჩნდა სეიდაბადში. იარმუკაში საიათო-ბელიამინ-ოღლის საჩაიეში მსახურობდა და ჩაის აქეთ-იქით დაარბენინებდა, მაგრამ ერთ დღეს ჟილეტიდან გადმოწეული საათის ძეწკვი დაინახა. მოქაჩა, ისიც იოლად დაჰყვა და უბეში დამალა. ასეთი სიხარული აქამდე არ ენახა. ცაში წყალმბადის ბურთით აფრენილი კაცი რომ ნახა, ასე იმაზეც არ გახარებულა. საათი იყო ოქროსი, მოზერის, ამ ფულისთვის რამდენი ჩაი უნდა ესხა და რამდენი რახათ ლუქუმი ეტეხა. ამის მერე სულ სხვა თვალით იცქირებოდა, კაცის ამოცნობა ისწავლა და ვისი გაქურდვა უფრო იოლია. კიდევ ისწავლა ფეხის დადგმა, დაბიჯება, ქვის გადაგდება, სარკის მიჭყიტინება, სამართებლით ჯიბის გაჭრა და ამაში შაითანი თუ ეხმარებოდა, ისე იოლად გამოუდიოდა. ის დაიარებოდა ბაირამობას ბოტანიკურ ბაღში და როცა ზარბაზნებს ისროდნენ და ყველას ხელი ყურზე ჰქონდა, ის ხელს სხვის ჯიბეში ყოფდა. მალევე დაატყო, რომ ფულს ურჯულოს მოპარავდა თუ რჯულიანს, ის ერთნაირი იყო. აბა, რას იტყოდა ამაზე მოლა, ამას არაფრად აგდებდა. მას აქლემის ყიდვა ამოეჭრა გულში. საკუთარი საჯირითო აქლემი უნდოდა. დიდუბეში დადიოდა აქლემების დოღზე. მამად-აბდულა-ოღლის აქლემი სჯობდა მაშინ ყველას. იმ ჩოჩქოლსა და ერთმანეთის გამხნევებაში, სხვისთვის სერთუკზე ხელის დარტყმა სულ იოლად იმალებოდა. ის ხალხმრავლობას ეძებდა. დადიოდა ბაზარში, ვაგზალზე, ჭიდაობაზე, თეატრშიც იყო, არწრუნის გალერეაში, თათრებისთვის გაემართათ ფეტ ალი ახუნდოვის წარმოდგენა. იქაც ჯიბეებს უცქერდა. ყველანაირ დღეობაზე დადიოდა და სომეხთა წყალკურთხევაზეც წავიდა. 1892 წელს ფაშა ვანქთან გაედოთ ფიცრების ხიდი, ზედ ბლომად ხალხი ირეოდა და ერთმანეთს ასწრებდნენ მადათოვის კუნძულზე გადასვლას, რაკი როცა ტერტერა წყალში ჯვარს ჩადებდა, მტკვარში ჩამხტარიყვნენ და წყალი პირსა და ტანზე მოესხათ. ისიც ჩაერია ამათში, მაგრამ ხიდამდე არ მისული უცებ ლეწვა გაისმა, ხიდი ჩაინგრა, ჩაილეწა ყოველივე და ატყდა ერთი ყვირილი. ზოგი ნავებს ეძებდა, ზოგი – რას და იმ დღეს ხუთასამდე ადამიანი დაიღუპა და წყალში ჩაიხრჩო. ასეთ დროს ჩაყო მან ხელი სხვის ჯიბეში. თუმცა იმან იგრძნო და ეცა მას. მერე სახეშიც თხლიშა და დასძახა: „ჯიბგირი, ჯიბგირი!“ ხალხი ისეთი გამწარებით მივარდა იმამკულს, თითქოს ხიდი მას ჩაეტეხა და ჩაქოლა უმოწყალოდ. ცოცხალ-მკვდარი ის მიხეილის საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ორ საათში მოკვდა.

ტერტერა მანდაკუნის ფიქრები

სუბგევორგის ტაძრის წინამძღვარი მანდაკუნი გაზეთ „ნორ-დარს“ კითხულობდა. იქ მოეთხროთ, რომ წარსულ საუკუნეს ინდოეთში ვინმე შამირას წიგნი დაებეჭდა. ეს შამირა ინდოეთში ცხოვრობდა, სამასი მილიონი შეიძლება, ჰქონდა და ამ ფულით ოსმალეთსა და სპარსეთისგან საქართველოსა და სომხეთის გამოთავისუფლება უნდოდა. წიგნში სწორედ ეს გამოყოფა და შემდეგ ყოფა და ქვეყნის მართვა ჰქონდა დაწვრილებით აღწერილი. ამ წიგნის ჩამოსატანად გაგზავნა ერეკლე მეფემ დანიბეგაშვილი ინდოეთში. ხოლო ერიცოვს, საქარველოსა და სომხეთის ისტორიის მცოდნეს, ეგ წიგნი იარმუკაზე ეყიდა.
ამბავი მანდაკუნის მეტად მოეწონა. ხელახლაც გადაიკითხა. მის გონებაში დიდი არმენიის გაჩენის ყველა გეგმა და გზა მთავარ ადგილს იკავებდა. ის დიდი მონდომებით ელოდა გასრულებას ამბისა არზრუმში, საცა სომხობას ხონთქრისაგან გამოყოფის ცდა ჰქონდა. მისი საუბარიც ახლო წრეში სულ მუდამ ამის გარშემო ტრიალებდა. ახლა ის ოთახში დაიარებოდა და ერიცოვის წიგნზე ფიქრობდა. ალბათ, საღამომდე ასე ივლიდა, რომ არა ერთი მეტად საფრთხილო რამ. თავის სამწყსოში ყომარის მომრავლებამ შეაწუხა. ბითურს, ხლუსტსა და კოჭებს აღარ დასჯერებულიყვნენ და ახლა სვირინგის გამო თამაშობდნენ. სვირინგზე იყო უხსენებელი და ედემის ბაღის დამაქცევარი. ეს სვირინგის პატრონი კი, როგორაც მის ყურამდე მოაღწია, იყო ვინმე ჰაჯი მირზა, სპარსეთიდან რომ წამოსულა და ჯიგრაშენის ეკლესიისათვის შეეფარებია თავი. აქ უთხოვია მას თავშესაფარი და სომეხთა რწმენით ცხოვრების სურვილი გამოუცხადებია. მის შესახებ იქაურ მნათეს დაეკითხა მანდაკუნი და მასაც უთქვამს, რაც იცოდა. მთლიანი სახელიც კი უთხრა, ჰაჯი მირზა ჰუსეინ მირზა შაფი ოღლი. სახელი კი იცოდა ჯიგრაშენის მნათემ, მაგრამ სვირინგისა – არაფერი. მანდაკუნიმ კი გაიგო, რომ ჰაჯი მირზას ის მთელ ტანზე ჰქონდა. „ჭრელი“ აბანოს მექისემ უთხრა, რომ მას გველი ეხატა, აუარება კლაკნითა და ხვეულით, ოღონდაც გველი იყო თავის გარეშე. თავი კი ეხატა, ოღონდაც დაემალა ისე, რომ იმისი არსებობა არავინ იცოდა. ის აძებნიებდა სხვებს ამ გველის თავს და ვინც ვერ ნახავდა, მათგან თავნს იბარებდა. მისი მოძებნა გადაწყვიტა მანდაკუნიმ.

(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი