კრიმინალური ისტორიები

ძველი თბილისის დამნაშავეები

№12

ავტორი: აბო იაშაღაშვილი 18:00 03.04, 2021 წელი

ძველი თბილისის
დამნაშავეები - tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მოგონება

მრავალ წელს ციმბირში დაკარგულს, ჯერ ხუნდიან კატორღელად, მერე ესე წოდებულ თავისუფალ სამუდამო მოსახლეთ უფლებები აღმიდგა თებერვლის მანიფესტით და მეც, როგორც მრავალმა გამოვწიე გრძელი გზით ჩემ სამშობლო თფილისისკენ, რომელიც ამ დროს დამიხვდა სულის მღაფავ კავკასიის ფრონტისპირა ქალაქად, რომელსაც არაფერი იმ ძველი თფილისისა აღარ ეტყობოდა.

ყველგან დადიოდა ჯარისკაცების ბრბოები, მთვრალი, ჩამოგლეჯილი და ფაფახზე გადაკრული წითელი ლენტით, იყო ყველგან წაგლეჯვა, ძარცვა, მკვლელობა, სიღატაკე და ყოველი უსინდისობა და გულქვაობა, რაც ციმბირიდან წამოსულ ძველ პატიმარს ცოტა გამიკვირდა.

ალბათ, მატარებლის ფანჯრიდან არა შჩანდა, თუმცა, მერე აალდა ციმბირიც, ისე რომ იმასთან საქართველო და თფილისი მონაგონი იყო. მაგრამ იმ ჩამოსვლაზე, პირველი სურათი რაც ვნახე, ეს იყო, რომ ვაგზლიდან მომავალი ფართე ქუჩით რომ დიდუბეში გადამეხვია, მოდიოდა ფაეტონი და იმის მორწევაზე პირველი გულში გამკრა იმ ძველ დროებამ და ფაიტვნებით ლხინებმა, ასე რომ იცოდნენ თფილისის კინტო-ყარაჩოხელებმა, რომლებიც დაეხუნძლებოდნენ ფაეტონს ხელში დაჭერილი ბოთლებით და შამფურზე წამოგებულ სუფრის ხორაგეულითა და თავის სიმღერით აფხიზლებდნენ ღამეს ბანიან ტფილისისა.

ეს გამკრა გულში და ფაეტონზე დავინახე სანაცვლოდ სხვა სურათი, რამდენიმელენტიანი ბოგანო, ზედ ასხმული ვინტოვკებითა და ტყვია-წამლის ქამრებით, სრულიად გალეშილი და რაც იყო ყველაზე ხიფათიანი, ფაეტვნის ქოლგა იყო გადახსნილი და იქიდან კი ცხვირი გამოეყო მაქსიმეს დაუნდობელ ტყვიის მფრქვეველს.

ეს ფაეტონი ამ ვითომდა მოქეიფეთა სიმღერით არავის დაატკბობდა და გააღვიძებდა.

გასაღვიძებელიც არ იყო, რახან იქნებოდა მხოლოდ ნაშუადღევის სადილობამდე. როდესაც ფაეტონი გაუსწორდა დუქნების რიგს მარჯვნივ მხარეს, სადაც უკვე უნდა გადაუხვიო მიხეილზე, მე კიდევ გეზი დიდუბეზე მეჭირა, ამ დროს ამ მოქეიფეთ ააკაკანეს ტყვიისმფრქვეველი და დაუშვეს ცეცხლის წვიმა პირდაპირ დუქნის გამოღებულ დარაბებზე, საცა ხალხი მრავლად იყო და ისეც ვაგზლის ქუჩა ყოველთვის არის ხალხით სავსე.

ეს აკაკანება იყო და ატყდა წივილ-კივილი და გულსაკლავი სურათი დავინახე. ამ ვირიშვილს ტყვიისმფრქვეველი ცაში კი აეშვა, მაგრამ ხელი, ალბათ, დაბლით გამოიქცეოდა და მთელ იმ კიდეზე ხალხი დაეწვინა.

თუ გულის ძარღვი არ მოგწევს, ხელი არ გამოგექცევა. ვისაც ხელით საქმე უკეთებია, იმან იცის დიდებულად.

ფაეტონზე მყოფებმა თითქოს უსაყვედურეს ტყვიისმფრქვეველის მსროლელს, თავში წამოარტყეს და ცხენებსაც შეუძახეს, რომ ჩქარად გაერეკა ამ ადგილიდან. იმ წივილ-კივილისა და წაქცეული რამდენიმე ადამიანის შინჯვაში, რომელთაგან ორი ქალიც იყო და ჯერ გამოურკვეველი, ვინმე უკვე მოკლა ამ ტყვიის წვიმამ, თუ დაჭრილია და როგორ არის დაჭრილი, უცბად მეტყვიამფრქვევემ დაუძახა რუსულად, დააყეო და ჩამოხტა ფაეტონიდან თოფმომარჯვებული.

საქმე ეს იყო, რომ როცა იმას თავის ამხანაგებმა თავში წამოარტყეს, ფაფახი გადასძვრა და გადმოვარდა ძირს და ალბათ დეენანა.

იქ სისხლი დააქცია ტყუილად და ამაში ფაფახის დატოვებაც არ უნდოდა. ჩამოხტა და ვითომ არაფერიო, იმ უბედურებაში და დაშინებულ ხალხში, რომლისგანაც ზოგიერთი ცდილობდა სადმე მოფარებულში შეეთრია ტყვიამოხვედრილი, რომლებიც იყვნენ, სხვანი კი შესაშურად დაფანტულიყო, წამოვიდა თავის ქუდის ასაღებად, ესენი კი ეტლიდან დაცინვით შეუძახებდნენ.

მე ახლა მეორე მხარზე ვიყავი ქუჩის, დიდუბეზედ უნდა გადამეხვია, მაგრამ რახან დავინახე, რომ ამან ოციოდ ნაბიჯი უნდა გამოიაროს, რომ ის თავისი ტილიანი ფაფახი აიღოს, დავდე ჩემი ბოხჩა, ჩქარად გადმოვედი, და ისე, რომ მან ანგარიში ვერ მისცა, რას ვაპირებდი, ვაძგერე დანა პირდაპირ მუცელში კაი ღრმად, რომელსაც უწინ იტყოდენ თფილისში, ფაშვი გამოვუღე. იმის თვალებში მე არ ჩამიხედია, ჩემი საქმე არ არის. ის ფეხზე იდგა და თოფი კი ხელში ეჭირა. ახა ვიფიქრე, რო ღმერთი არ გამწირავს, ჯიბეში ვუტუცე ხელი და იქ მართლა რაღაცა ვუპოვე და ჩემად დავიტოვე. ამასობაში იმან წაქცევა დაიწყო. ხელი შემოვხვიე და დანა კი ამოვაძრე, ზედავე მივაწმინდე იმ ქულაჯაზე და ჩექმაში მოვეც. ნელა გავუსვი მეორე ხელი და დავტოვე იქავე ერთხანს ისევ ფეხზე მდგარი. გადმოვირბინე და აღარც მომიხედნია, აბა უკვე თუ მიხვდენ იმის ამფსონი და თუ მომაყოლებენ ტყვიასთქო, მთვრალი რას დაგარტყამს სწორე კენჭსა.

ავიღე ჩემი ბოხჩა და შევვარდი ერთ დუქანში, რომლის პატრონიც გამოდგა სომეხი რაჩია და იმან კი უკნიდან გამატარა და თავში ხელებისცემით, ეს რა მიყავი, თვითონაც გამომყვა, წარმოიდგინა, რო რას მოსწევდნენ იმის საბრალო დუქანს, საცა მე საქონელი ვერაფერი დავინახე, ის განრისხებული სალდათები.

მე მქონდა ერთი ხუნხუზური ბებუთი. სწორედ ესაა, რომელიც ამ სალდათს დავაძგერე მუცელში და იმედია, ნაწლავები იქავ ვაგზლის ქუჩაზე დავაყრევინე.

ამნაირი სურათი ხალხზე სროლისა მე ხუთ წელშიც არ მენახა თფილისში და მომიკლა გული. სიშორემ და მოლოდინმა იმ დროისა ძალიან დამაშორა, ალბათ, ნამდვილ წარმოდგენებს ჩემი ქალაქისა გამო, რომლის გულშიაც ვიყავი გაზრდილი და რომელთან შეხვედრა აღარ მეწერა, თუ არა რუსთ ხელმწიფოის ტახტის აყირავება და რესპუბლიკის დამყარება.

ეს არ იყოს და არა მხოლოდ რო შევწუხდი იმ გულსაკლავი უსამართლო სურათის ხილვით, იმ ქუჩაზე, სადაც არაერთი დრო გამეტარებინა და უდანაშაულო ხალხის სიცოცხლის ასე არასწორეთ გამეტებით, არამედ რაც მატარებელი შემოვიდა საქართველოში და უახლოვდებოდა თფილისს, მე სულ გამომეღვიძა ჩემი ძველი სურათები, თუ ვინ ვიყავი და რაგვარი ბიჭობისა, სანამ ის მეოთხე უბნის ბოქაული შვეცოვი მე მძინარეს დამიჭერდა და მთელი ქალაქის ცოდო ბრალს დამაკერებდა. სადაური ტფილისფელი ქურდი ბიჭი ვიყავი, რო ასე მთვრალი სალდათისთვის ხალხზე გასართობათ, თუნდა ხელგაქცეული სროლა დამენახა და შემერჩინა.

სხვანაირებიც მინახავს, ამ ცხოვრების გზაზე რომ აიწევენ ვარატნიკსა და გაივლიან, მაგრამ იმათ ამ ქალაქის სამართლისა არაფერი გაეგებოდათ, მე კი ასე მასწავლეს ჩემს პატარა მეზობლობის გულში. თანაც ეს იყო მოშივებულობა თფილისით და მგონი, იმ სალდათს გადავუხადე მთელი ყოველი მონატრება და ჯავრი. უმიზეზოთ არა.

იმ დუქნის უკანა ბანდებიდან იოლას გავედი დიდუბეზე, საცა მე იმათი ტყვიის მფრქვევი ვერ მომწვდებოდა და კანიუშნებს დაბლა, წყალთან მივედი ჩემი დისას, სადაც უკვე დიდი ომის ატეხვიდან იდგა დაუძლურებული დედიჩემი, ხოლო ჩვენი ძველი ოთახები ჩუღურეთში გამოკეტილი იყო, რაიც მე ხელს მაძლევდა, რომ მშობელ სახლის ჭერქვეშ ერთხანს დავმდგარიყავი და მიმომეხედა, თუ რა ვქნა.

ცოტა ფული მე ჯიბეზედ მქონდა. ციმბირში, ბოლო ოთხ წელიწადს მე არცა ქურდობას, არცა დამცემობას არ მივდევდი, თუმცა, არც მიმუშავნია რამე ყოველდღიურ საქმეზე. ახლა ეს ძნელი მოსაყოლია, თუ რას ვსაქმიანობდით ჩინეთის რკინის გზაზედ, თფილისში კი მთელი ყოლველივე ძველი ამხანაგები მომენახა, ამ არეულობაში.

ეს არ ვიცი, დღეს როგორა ჰხედამს წითლების მთავრობა, თუ რაგვარ უნდა მოუჭიროს კისერში თფილისის ამ გაგებას, მაგრამ მე იმ ჩაემოსვლიდანვე დავატყე, რომ ძველი ქურდობა თფილისში სრულად გამქრალია და არცა მისი მოქმედობის რამე ძალა არის. შაიკები სდგება სრულიად როგორც საყაჩაღონი და იქნებ სამხედრო წესისა. აფიცერი რომ ყაჩაღად გავა და ან კი ბინაზედ მივა მევახშის წასაღებად, ის რაღა სურათია.

დიდუბეში მიველი და დავკოცნე ჩემი ტკბილი დედა, ჩავუდევი ფულები, გავრეცხე კარგად ხუნხუზური ბებუთი და კარგათ გავიპარსე პირი და იქედან მალევე წამოველი, თან ჩემი სიძის შლაპა დავიხურე, რო ქუჩაზედ არ ვეცნე ვინმეს რახან მიხეილი უნდა გამომევლო. წავედი ერთ ბუნაგში, რომელიც აღარ მენახა 1906 წლიდან მოკიდებული, და ნეტავ კიდე თუ იყო იქა.

ეხა მე რომ გითხრა, ასეთი რამეები აღარ არი, რომე რო ამ სალდათს ფაშვი გამოვუღე და ჯიბიდან რაღაცა ამოვაცალე, ეს ის წესია, რო ტყუილად კაცზე დანით მისვლა არ იქნება. იმან რო ტყვია მიაყარა უბრალო ხალხს, იმას წესით ვარატნიკი უნდა უჩვენო. ოღონდაც, რომელი ნამდვილი ძველი თფილისის ქურდი ბიჭი უჩვენებს ვარატნიკს რო ქალაქში ამდენ ხანს არ მყოფი, ჰხედავდეს იმის ქუჩაზე ვიღაცის გაბატონებას. მიტომ ღმერთმა იმ სალდათის ღატაკ ჯიბეში ჩემთვის რაღაცა ჩატოვა. ის რაღაცა დამჭირდებოდა, თუ რომ ამბავი გახმიანებულიყო და ვინმეს ჩემ სახელზე მოსვლა გაებედნა, რათ გაერიე, თუ წასაღები არაფერი იყოო, ამას საბუთად დავუდებდი. რამე კი არ იყო, პლატკუში გამოსკვნილი ცოტა შაქარი გამოვიდა. მერეღა ვნახე, ერთ ორ დღეს ჯიბეზე მქონდა და რახან ის სალდათი შემრჩა შვეიცერის მაროჟნსავით, მე საპიორის ქუჩაზე ბავშვებს მივეცი ნასკვადვე.

რამდენი ერთი მე ჩამოვთვალო ძველი ამბები და სახელები თფილისის ავაზაკებისა. ისინი იმდენია და სულ ყველა მოკვდა. ყველა მოკვდა და მე კი ჯერ დავრჩი ბევრია. შაქრო-ზაქრო-მალაკნის რძე.

აკა მორჩილაძე

(აბო იაშაღაშვილის წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი