კრიმინალური ისტორიები

ძველი თბილისის დამნაშავეები

№11

ავტორი: აბო იაშაღაშვილი 18:00 27.03, 2021 წელი

ძველი თბილისის
დამნაშავეები - tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ნიკოლაი ჟურავლიოვი – ტფილისის მკვიდრი, არაერთი ქურდობის გამო გასახლებული ტფილისიდან, შემდეგ აქ დაბრუნებული. ის იყო იპოდრომზე, როცა 1910 წელს ავიატორები ვასილიევი და ქებურია ხალხს მონოპლანის ფრენით აოცებდნენ. ხალხს თავი ცაში რომ ჰქონდათ, ის მათ ჯიბეებში უძვრებოდა. იპოდრომი დიდუბეში, ელისაბედის ქუჩის ბოლოში გაემართათ და ცხენების დოღის გარდა, აქლემების დოღიც იმართებოდა, მერე აქ ფეხბურთსაც თამაშობდა „კომეტა“, გუნდის კაპიტან ელზინგერის გაწვრთნილი და ავიატორებიც იყენებდნენ ასაფრენ ბილიკად. აეროპლანი იქიდან მოუპარიათ კიდევაც. ავიატორ არტემ კაცაიანცის კუთვნილი, სამ ყუთში ჩალაგებული „გრადეს“ სისტემის აეროპლანი, უცნობებს გაექროთ.

ხოჯივანქის სასაფლაოსთან

ოჰანეზა ოთახში შეიყვანეს. იქ კი ათიოდე ჯეელი დაუხვდა. ხოლო კარი ვინაც გააღო, ის ღუმელს მიუბრუნდა, საცა ფართო ტაფაზე ჩიჟი-პიჟი ითუთქებოდა. ამას ის გრძელი კოვზით ამოურევდა და მერე დიდ სინზე დაყრიდა, საცა იქ მიმსხდართა ჯიბის დანები და ხელები დაიტაცებდნენ და კბილებით გახრავდნენ.

– ეს რა კაი ბიჭი მოგიყვანია, ისააკ, ცოლად უნდა მოიყვანო? დაიძახა შაქრო ბუღიშვილმა და კაი დიდი ნაჭერი ჩიჟი-პიჟისა მოიხელთა.

სხვებმაც გაიცინეს და მისული აათვალიერეს.

– ეხა დაჯექი და მოყევი.

– რა მოვყვე?

– ამირანდარეჯანიანი – ამ ვითომ ბრმამ ოჰანეზას მუშტიდან ფული გამოუღო და თითებით მოსრისა, – აგე რა ფულია. ასეთს ჯანიბეკოვი თუ გააკეთებდა. ოღონდაც ჯანიბეკოვი ასხაბადის ციხეშია და შენ თუ გამოაქციე და მალავ, ჩვენც გვითხარი – გაიღიმა ისააკამ.

– ეგ ფული ხურდად მომცეს დუქანში, – თქვა ოჰანეზამ.

– ყველა ერთად? პიასტრიც და მეჯიდიეც, ყრანიც? ამისთანა რა დუქანია? – გაიცინა ისააკამ და იქ მყოფთ გადახედა.

– გურგენბეგოვის დუქანში? – გადაედო სიცილი სხვებსაც. ხალისი ქურდებში მატულობდა.

– არა, ღმერთმანი, ასეა, – ამოხდა ისევ ოჰანეზას.

– რას ერჩით, ღმერთსა ჰფიცულობს, – იცინოდა იაკობ აზაზიანცი.

– არა მჯერა, აი, არა მჯერა, – თქვა ახლა ისააკამა. ამ დროს მას მხარზე ყვავი დააფრინდა.

– აღა მაჰმადსაც არ სჯერა, – აღა მაჰმადი იყო ყვავი.

– მე აგერიეთ ვიღაცაში.

– ეგ შალთაი-ბალთაი პრისტავს მოუყევი და ხმა ამაიღე, თორე ხო იცი, ჰოპოპები თუ ავუშვი, თელეთიც ვერ გიშველის! – თქვა ჯიბგირმა ვარდომ, კატის თვალებიანმა.

– თან როგორ იფიცება, იქნება, ხატის მლოცველია? – გაიცინა რუზაშვილმაც, ვინაც ერთხელაც ვერ მოასწრო ჩიჟი-პიჟის დანით მოხელთება. დანაც თავისნაირი უშნო ჰქონდა.

– ხატის მლოცველი? ვაჰ, როგორ ფინთად გამოვიდა, – ამბობდა ისააკა შეწუხებული და თავში ხელიც შემოიკრა, – ხატის მლოცველი და ყალბი ფული? ქრისტეს ზაკონებში ასე სწერია? – და უცებ თავისი ჯოხი ღონივრად ოჰანეზას ყელის ყანყრატოზე მიაჭირა.

ისააკას სახე სრულიად გამოიცვალა, იმის პირიდან ცივსისხლიანი სიტყვები გამოვარდა და ყველა იქ მყოფმა ხმა გაიკმინდა.

– ამ ქალაქში ყალბ ფულს სჭრიან ამირა საჰაკის დროიდან და შენ ამ ამქარში არ სწერიხარ. სანამ საახალწლო ღორივით ყელგამოჭრილი ვირის ხიდთან უპოვიხართ, ხმა გამე და პრანჭვა მიატოვე. ფული საიდან გაქ და ვინ არის ახალი ჯანიბეკოვი ტფილისში.

არღუთინსკის ზაპონკები

ნიკოლოზ არღუთინსკი რიყეს ქუჩაზე ყვითელი შიბლეტებით მიაბიჯებდა, სერთუკს ქვეშ რომბებიანი ჟილეტით, ეგვიპტური პაპიროსით პირში და ფეხს ქუჩაზე გადებულ ფიცრებზე ადგამდა, რაკი აქეთ ხშირი იყო წყლის მატება და თუ ის ბლომად მოგროვდებოდა, მაშინ აქ გასვლა მხოლოდ ნავით შეიძლებოდა, აქაურობა შეიქნებოდა სან-მარკოს მეიდანი.

ნიკოლოზ არღუთინსკი იყო ქურდი. ის იყო სასტუმროსა და ქარვასლის ქურდი. იმის დარაბისა და კარის არად ჩამგდები. ტფილისი სპარსეთთან ვაჭრობის გზაჯვარედინი იყო და მასზე გაივლიდა ყოველგვარი ნივთი და დგამი. ეს ორთავე სამყაროს განძი და ფასი სწორედ აქ, ტფილისში იყრიდა თავს. ქარვასლა მარტო აქეთ თოთხმეტი დაითვლებოდა და არღუთინსკიმ მათი ყველასი გასასვლელი, შესასვლელი იცოდა.

მისი სამოსი აზიაც იყო და ევროპაც. მისი გარდერობი – თამამშევის ქარვასლა, ხალათოვისა და პარუნბეგოვის ქარვასლა. თითქოს არაბული გამოქვაბული ყოფილიყოს, ასე აარჩევდა შიგ სხვადასხვას და სერთუკს ინგლისურს ჩაიცვამდა, იმის ჯიბიდან დამასკურ აბრეშუმის პლატოკს ამოსწევდა, ლაცკანზე ვენეციურ შუშის ქინძისთავს გაიკეთებდა, ზაპონკები პეტერბურგიდან ბაბაჯან ბაღდანოვის გამოწერილი მოეპარა. არ იკლებდა „როიალ-რალეს“ დუხსა და არომატულ წყალსაც ავსტრი-ვენგრიის პარფიუმერების დამზადილს და ბროკარის ლავსანიას და იმას წვრილად მოისხამდა სახესა და გულზე.

ნიკოლოზ არღუთინსკი იყო დენდი.

ასე იარა მან მტკვრისაკენ და მდინარეში ჩადგმულ ერთ წისქვილს მიადგა. ეს წისქვილები, რიცხვით დუჟინზე მეტი, მკვარზე მიედგათ, თითქოს ყოფილიყოს პარიზელ ბუკინისტთა წიგნების ყუთები სენის ნაპირას გამოკიდული.

არღუთინსკიმ ფიცარი გადაიარა, წისქვილის კარს მიადგა და დააკაკუნა ერთგვარი ნიშნით. კარი გაიღო და იქ კაცი დაუხვდა მხარზე ყვავით.

– რაღა შენ და რაღა ნოე კავჩეგში, – შედგა შიბლეტი ოთახში არღუთინსკიმ.

ისააკამ პასუხი არ გასცა. არღუთინსკი კი ტომრებზე მოთავსდა, სერთუკის ჯიბიდან გიშრისტარიანი ქლიბი ამოიღო და ფრჩხილების გაპრიალება დაიწყო.

– ბიჭი გეექცაო.

ისააკა ხმას არ იღებდა. ისააკა დიდი ხნისა და ცოდნის ქურდი იყო. ის დამქაშობდა არშაკ ყვავილოვთან, არონ ბაღდადაშვილთან, „მარტიშკასთან“, არტემა ყიფიანთან და ყული ნაზარ ოღლისთან და პეტრე-პავლეს სასაფლაოელ ქურდებთანაც იყოფდა ალაფსა და ნადავლს.

– ისეთები მოაწყვეს, მასტიცკიმ სოკოლოვსკის დააბარა, ეგ საქმე უთუოდ გახსენითაო. ტყვია კიღამ ანგლიის არტისტს მოხვედრია და მთელი შენი ბობიკამანდა მეტეხის ციხეში ჩაუყრიათ, ერთი ორი თუ გასძვრა.

– შენ კიდე ბაღებში ზაჰრუმალა გაგიმართავს, – ხმა ამოიღო ისააკამ.

არღუთინსკიმ ჩაიცინა, ჯიბიდან ოქროს ფული ამოიღო და ისააკას დაულაგა.

– მეტეხის უბნელი ჯიბგირია, იცი შენ იოსება. იმან ამოაცალა ერთ ყურყურას. ბედია თუ რა, ეს ფული მე ჩამივარდა.

ისააკამ ოქრო სათითაოდ აიღო, სხვადასხვა ხმელეთის ფული იყო. მათ თითები უსვა და სინჯა, კარგად სინჯა, მერე ორად გაყო და რამდენიმე ხელის გულზე აათამაშა.

– აბრაამის ღმერთო!

– რა არი?

– ფული ახალი ჯანიბეკოვისთვის ამოუცლია!

წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი