კრიმინალური ისტორიები

ძველი თბილისის დამნაშავეები

№10

ავტორი: აბო იაშაღაშვილი 18:00 20.03, 2021 წელი

ძველი თბილისის
დამნაშავეები - tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ალექსი ზუბიშვილი – 80-იანი წლების მძარცველი. მისი სიარულის ადგილი იყო ვერა და იმის მიდამოები, ახალი ჰოლანდია, მოსკოვის ბალკა, კალიუჩი ბალკა, არტილერიის ბალკა. იქ ბლომად ლუდხანა, დუქანი და მივარდნილობა, დასამალი ადგილი იყო. ღამეც ჩაუსაფრდებოდა. თანაც ვერის ქუჩებზე ლამპების ოდენობა იყო მცირე, მოიჯარადრე დოჩარის სიძუნწისა გამო და ის მალევე ქრებოდა და ღამის ორი საათის შემდეგ ოდენ მთვარე ანათებდა იქაურობას. მთვარე კი მთელი თვე არ იყო. ღამის შემთვრალსაც იოლი გასეირნება არ ელოდა. მძარცველები ცოტა არ იყვნენ. დამქაშად ჰყავდა ვინმე ხეჩო, გვარად უცნობი. დაიჭირეს 1891 წელს, როცა ახალი ჰოლანდიის მკვიდრ დარჩო მუკაშვილს დახვდნენ ასეთ გემოზე და ვერცხლის საათი ააწყვიტეს.

მაშადი ხალილ ზულგუფაროვი – ყომარბაზი, ხშირად სჩანდა ვერაზე, ვარდისუბანში, სადაც გაემართათ ფართეთ ყომარი და ჯგუფებად იდგნენ და მატინოვის ქუჩაზე იკრიბებოდნენ. ასევე სჩანდა შაითან ბაზარში და ყომარს იქ გამართულ ყავახანებშიც თამაშობდა. ასევე ბოტანიკურ ქუჩაზე, ასლან-ალი-ყული-ოღლის ტრაქტირში, საცა გაჩაღებული იყო ქაღალდის თამაში და რაკი თამაში აკრძალული იყო, ამაზე მეპატრონე დაიჭირეს კიდევაც. მას ჩამოართვეს 8 დასტა ბანქო და ყომარის სათამაშო უამრავი კოჭი. ზულფუგაროვმა კი 1900 წელს თამაშის დროს, აბანოს ქუჩაზე, მუცელში დაჭრა სატარ ჰუსეინ ბეკ ოღლი და ამაზე დაიჭირეს.

ისფაჰანის ქოშები

სეიდ-ასან-ფატა-ოღლი მაშადი-ისმაილ-მაშადი-ასან-ოღლის საჩაიეში იჯდა და უცქერდა, ბაქოს მატარებელი ბაქანზე როგორ ჩამოდგა. ეს მისი ჩვეული საქმიანობა იყო. ახლაც ჩაი მოსვა და ფანჯრიდან ახლად ჩამოსული მგზავრები ათვალიერა. სხვადასხვა ხალხი გადმოდიოდა, ზოგი ევროპულად ჩაცმული, ზოგი – აზიურად, ზოგი – ჩემოდნითა და ზოგიც მაფრაშით ან აბგითა და ბოხჩით. თათრებიც, რუსებიც, ებრაელებიც, რომელთაც მას მერე, რაც როტშილდს ფეხი ბაქოში გაედგა, მის სიახლოვეს ყოფნას ამჯობინებდნენ ქართველები, ნაირგვარი ევროპელები, სომხები და სპარსელები. ჩრდილოეთ სპარსეთის მკვიდრნი სულ უფრო ეტანებოდნენ ტფილისს და სამსახურის ძიებაში აქეთ გამოსწევდნენ. არც რთული იყო დასაქმება და მათი რაოდენობა მატულობდა. ახლაც ჩამოჰყვნენ მატარებელს სპარსელები და სწორედ, ამათ შორის გამოარჩია სეიდმა სამი ერთად მომავალი და იმათ წინ გადაუდგა.

– სამუშაო, კაი ჯამაგირი!

ოღონდაც მიჩვეული იოლ ყაბულს სეიდი გაჰკვირდა, რაკი არად ჩააგდეს, ოდენ აათვალიერეს და ეს საკმარისი იყო, რომ ჯიქურ მიმართვა რბილ საუბარში გადაეყვანა.

– მშვიდობა მოგცეთ ალაჰმა, აგურხანაში სამუშაო, თანხა – ყოველი დღის ბოლოს!

ამათმა კი ისევ განაგრძეს სვლა და მას ყური არ ათხოვეს.

– თან დაღლილები ხართ, ამხელა მგზავრობა განა თამაშია, მოსვენება ხომ გჭირდებათ? – არ ეშვებოდა სეიდი.

ცოტაც და იმათში ერთი გაჩერდა, სეიდი ერთხელაც აათვალიერა და თქვა.

– ღამის გასათევი გვინდა.

სეიდი მათ წინ გაუძღვა, გზად აკვირდებოდა უკან მომავალთ, კონკამდე იარეს, მერე ავიდნენ და ვაგონმა ვორონცოვის ძეგლისაკენ გასწია.

– რომელი სადაფის მარგალიტები ხართ? თუ ხელოსნები და ასნაფისა ხართ – კალატოზებად, დურგლებად, – ამბოსეიდის ლაპარაკი ახლა სულ თამაში იყო. ვორონცოვის ძეგლიდან მათ იარმუკისაკენ გასწიეს ისევ კონკით და იქ ჩამოხდნენ, ცოტაც ფეხით გაიარეს და ღამის გასათევ „სამტრედეს“ მიადგნენ.

– აგურხანაზე ყაბულსა ხართ? – სეიდ–ასან-ფატა-ოღლი ისევ თავისაზე იყო.

– აჰა, ეს შენ, – ერთმა ვერცხლის ფული გადაუგდო და სეიდმაც დაიჭირა.

ისინი კი მიბრუნდნენ, არც ჯამაგირი უკითხავთ, არც სხვა რამ. ან მოსაფიქრებელი რა იყო. საშოვარზე ჩამოსულ კაცს ყოველი დღე დათვლაზე აქვს. თუმცა ამათ რომ მშრომელისა არაფერი ჰქონდათ, სეიდმა უკვე ვაგზალზე დაატყო. ესენი ავარა ხალხი იყვნენ. აბა, საიდან იცოდა? თვითონ იყო ასეთი.

ღამის ქვაფენილები

უკვე ღამე იყო, უფლისოვი ვერის აღმართებს რომ მოუყვებოდა. ის რამდენიმე დღე გაეჩერებიათ ვირის აბანოში და მერე, რა ნახა, რომ ხეირი არაფერი ერგებოდა, მკვლელთა ვინაობა გათქვა. თუმცა მათი მოძებნა არ იყო იოლი და ყველაზე უკეთ ეს პოლიციამ იცოდა. ვერის ბაღებში ისე დაიმალებოდი, კაციშვილი ვერ გიპოვიდა, თან იმდენი იყო ეს ბაღი, რომ ბევრს ვერაფერს გასწვდებოდა. განა იოლი იყო ამათი დავლა. მკვლელ ტატო წულუკიძეზე რომ გაიგეს, თავს ვერის ბაღებში აფარებსო, ორასი ყაზახით ალყა დაარტყეს და ყველა მისასვლელი, მოსასვლელი გადაკეტეს, შიგ კი ქალაქის მთელი პოლიცია შევარდა და პოლიციის თავიც მათთან ერთად.

ისევ შეგზავნილი ვინმე თუ მოახერხებდა მკვლელების მოძებნას და უფლისოვიც ამად გამოუშვეს, ბაღებსა და სამიკიტნო დუქნებში ძრომიალით მათ კვალს რომ დასდგომოდა და პოლიციისათვის ამბად მიეტანა.

უფლისოვი ამოდიოდა ვერაზე და ფიქრობდა, რა იაფად დასთმო ამბავი და ხეირი კი არაფერი შეხვდა. არ გაეთქვა და მეტეხის ციხე არ ასცდებოდა. ამ ფიქრებით დამძიმებული მიუყვებოდა ის „ხლებნაია გორკას“ აღმართს, როცა უეცრად, სწორედ, აბოევი და ნონიკაშვილი შენიშნა, თავის მხრივ, თავდაღმართში რომ მოდიოდნენ.

– ვაშ, კოჭი შაქზეა, – ჩაილაპარაკა უფლისოვმა და სახლს ამოეფარა. ჯერ ისინი გაატარა, მერე კი უკან მიჰყვა.

აბელა ნონიკაშვილი და სარქისა აბოევი ბაღდადიანცის სახლისაკენ მიდიოდნენ. აზრად მათ ბაღდადიანცის გაძარცვა ჰქონდათ. ვინემ მასთან სხვები შევარდებოდნენ და ჩანდა, რომ უკვე რიგიც კი დამდგარიყო, ჯობდა, მათ ეყოჩაღათ. მათ ხან აღმართებით იარეს, ხან დაღმართებით, გასცდნენ მოსკოვის ბალკას, კალიუჩი ბალკას და გრიბოედოვის ქუჩაზე შეყვინთეს. უკვე ბაღდადიანცის სახლიდან ხელის ერთ გაწვდენაზე იდგნენ და თათბირობდნენ, თითო ღერი პაპიროსიც მოსწიეს და სადარბაზოში შევიდნენ.

– ესენი რა ჩიტებია? – იკითხა ნერსესოვმა, როცა მკერავის სახელოსნოდან გამოიცქირა და ორი ქურდი დაინახა. მერძევეები რომ არ იყვნენ, ნათელი იყო.

– არ იცის, – თქვა პირ სიმონმა.

– ეს, მგონი, სარქისაა, პორტმანეს დამგდები, – სიბნელეში გაარჩია ბებერმა დალი აღამ.

– ლასტოჩკ-მტრედები? – რევოლვერი შეაყენა ნერსესოვმა.

უფლისოვი კი უმალ მიხვდა, რომ აბელა და სარქისა ალიოზე არ მიდიოდნენ, უთუოდ ვინმეს გაძარცვა ეფიქრათ და რაკი ახლა სახლიც გამოარკვია, პოლიციის საძებნად გავარდა.

წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი