საზოგადოება

რატომ უთმობს ეთერს ირინა ტორონჯაძე სექსისტებს და უღალატა თუ არა მან ფემინიზმს გათხოვებით

№47

ავტორი: ქეთი კაპანაძე 17:44 23.11, 2020 წელი

ირინა ტორონჯაძე
დაკოპირებულია

„მენტალური ომები“ – ახალი თოქ-შოუ „რუსთავი 2-ზე“, რომლის ავტორი და წამყვანი ფემინისტი ირინა ტორონჯაძეა, ჩვენი საზოგადოებისთვის მტკივნეულ საკითხებზე განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების მსჯელობას ეთმობა, მთავარ მიზანზე კი წამყვანი თავად გვესაუბრება. 
ირინა ტორონჯაძე: ისეთი განცდა მაქვს, თითქოს წლებია, ასეთი თოქ-შოუ მიმყავს. იმის პარალელურად, რომ როგორც სპიკერი, სხვადასხვა ეთერში ქალთა უფლებებზე ვსაუბრობდი, ყოველთვის მინდოდა, გამეკეთებინა პროექტი, რომელიც მოიცავდა არა მხოლოდ ქალების, არამედ ბევრ სხვა პრობლემას, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი მგონია. ეს აზრი ჩემში იმდენ ხანს მწიფდებოდა, რომ პირველივე გადაცემიდან ძალიან ბუნებრივად მივიღე წამყვანის ამპლუა. ახლა ცოტა შეზღუდული ვარ, თუნდაც საკუთარი ემოციის გამოხატვის დროს, მაგრამ სუბიექტური აზრი და რეაქციები მაინც მაქვს და არ ვარ წამყვანი, რომელიც უბრალოდ, მედიატორის როლს ასრულებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ეს ამპლუა ჩემთვის კომფორტული აღმოჩნდა. 
– შენგან რესპონდენტის ამპლუაში ცხარე კამათს არიან მიჩვეულები. ცოტა არ ფრთხებიან, როცა გადაცემაში სტუმრობას სთავაზობ?
– ვისაც აქამდე ვეკამათებოდი ხოლმე, მე რომ ბნელებს ვეძახი, იმ ფრთას ვგულისხმობ, ისინი უფრო გაბედულად მოდიან გადაცემაში და მზად არიან, საკუთარი პოზიციები დააფიქსირონ, ვიდრე, ეგრეთ წოდებული, „ლიბერალები“. ლიბერალურ ფრთაშიც არიან ნამდვილი და ვითომ ლიბერალები, რომლებიც მწვანედ შეიღებავენ თმას, ცხვირს გაიხვრეტენ და ჰგონიათ, რომ ესაა ლიბერალიზმი. რეალურად კი არ არიან მზად, მოუსმინონ საწინააღმდეგო აზრს, რაც უნდა ბნელად ეჩვენებოდეთ ის და არგუმენტებით აუხსნან მაყურებელს, რატომ უნდა დაიჭირონ მათი მხარე. ავიწყდებათ, რომ ამ ყველაფრის მიზანი საზოგადოებაში ჯანსაღი აზრის ფორმირებაა. ჩემი მიზანი ამ გადაცემაშიც და აქამდეც, სხვა გადაცემებში სტუმრობისას, ეს იყო და იქნება. ამის გარეშე ლიბერალის დარქმევა ჩემთვის ამპარტავნებაა და არანაირ მიზანს არ ემსახურება. 
– მაყურებელმა როგორ მიიღო ეს გადაცემა? 
– ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს და ბევრია აგრესიული კომენტარიც. მე მგონია, რომ ეს ბუნებრივი პროცესია და იმის მაჩვენებელია, რომ მტკივნეულ საკითხებზე აკეთებ აქცენტს და ამიტომაც ხვდება გულზე ადამიანებს, კარგი გაგებით. მეორე მხრივ, ეგრეთ წოდებული, „ლიბერალებისგან“ მოჰყვა ძალიან მწვავე რეაქცია რა საშინელებაა, მე ქალთა უფლებათა დამცველი, ეთერს ვუთმობ ისეთ სექსისტებს, როგორიცაა: გურამ ფალავანდიშვილი, გივი სიხარულიძე, სანდრო ბრეგაძე და ასე შემდეგ. ეს იმ სერიიდანაა, ჩემი გათხოვების დროს რომ ამბობდნენ, თუ თხოვდებოდა, რაღას ჩხუბობდაო. თითქოს, დაოჯახება ფემინიზმს გამორიცხავს. რომ გათხოვდებიან და მერე ავიწყდებათ რაღაცებიო, წერდნენ და მინდა, დასხდნენ და ჩემი ძველი და ახალ ეთერებიდან გამომდინარე, ამიხსნან, რა დამავიწყდა და ფემინიზმის რომელ ფუნდამენტურ პრინციპს აღარ ვიზიარებ. მათ წარმოდგენაში მე ვიყავი კაცებზე გაბრაზებული ფემინისტი, ახლა მათი აღქმა ჩამოიშალა და ამას მე მაბრალებენ. ფემინიზმი კაცთმოძულეობად აღიქმება და რადგან მე ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება 37 წლის ასაკში მივიღე, ჩვენთან კი ფიქრობენ, რომ ამ ასაკამდე თუ არ გადადგი ეს ნაბიჯი, ესე იგი, აღარც აპირებ გათხოვებას, მათი აზრით, ფემინიზმს ვუღალატე. ჩემი აზრით, ეს ადამიანები რასაც ებრძვიან, ზუსტად იმ სტერეოტიპებში ჩაიკეტნენ. იმ ადამიანების ჩემს გადაცემაში სტუმრობა გარკვეულ მიზანს ემსახურება. გასაგებია, რომ სექსისტების მოსაზრებების მოსმენა არ მსიამოვნებს, მაგრამ გადაცემაში მე მათ ტაშს კი არ ვუკრავ, ოპონირებას ვუწევ და რაც ჯანსაღი ფასეულობა მგონია, იმას ვაჟღერებ. მგონია, რომ ამ ეგრეთ წოდებულ „ლიბერალებს“ იმიტომ აქვთ ასეთი მიუღებლობა, რომ თავიანთი ფასადურობა გაამართლონ. ესენი არიან ლიბერალები, რომლებიც გრანტების გამო ასრულებენ რაღაცებს და არა შინაგანი მოწოდების გამო. მე არც იმ ლიბერალებისა და ფემინისტების მჯერა, რომლებიც ისეთ ბნელ და ამორალურ ძალას უჭრენ მხარს, როგორიც ნაციონალური მოძრაობაა.

 

– მეუღლემ რა თქვა გადაცემასთან დაკავშირებით და იმის გამო, რომ შეიძლება, ცოტა ყურადღება მოაკლდეს?
– მადლობა მეთქმის ჩემი ქმრის მიმართ, ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ჩემი გადაცემა უნდა მქონდეს. მისგან წამოსული ეს აზრი და მუხტი ძალიან მაძლიერებდა და სწორედ ეს აღმოჩნდა ბოლო წვეთი, რამაც გადამაწყვეტინა, რომ ბოლომდე მიმეღწია ჩემი მიზნისთვის. თუმცა პატარ-პატარა ჭმუნვები იყო. თავიდანვე გადაამოწმა, ყურადღება ხომ არ მოაკლდებოდა და შეიძლება, იმავე დოზით ვეღარ ვიჩენ ყურადღებას, მაგრამ იმდენად შეგნებული აქვს, რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს ჩემთვის და მისთვისაც იმდენად საამაყოა ეს, რომ მაქსიმალურ კომფორტში ვარ ამ კუთხით. სხვათა შორის, ძალიან ჩართულია პროცესში, განვიხილავთ, შენიშვნებსაც მაძლევს, თუნდაც ჩაცმულობასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არაა პრობლემა. როდესაც ადამიანი შეგნებულია და ეამაყება შენი წარმატება, იქ პატარა-პატარა უთანხმოებაც რომ იყოს, ფიქრობდეს, რომ ამ სიგრძის კი არა იმ სიგრძის კაბა უნდა მეცვას, ეს მისაღებია. 
– თქვენი ურთიერთობის დასაწყისში, ხუმრობდი, ფემინისტი ქალი „გრუზინს“ გავყევი ცოლადო. ამ დროს, ამ გადაცემასთან მიმართებაშიც, მთავარი მოტივატორი მეუღლე ყოფილა.
– ნამდვილად. სხვათა შორის, თავიდან როგორი დიაგნოზიც დავუსვი ლევანს, ვაღიარებ, რომ რეალობას ძალიან აცდენილი იყო. მე თვითონ აღმოვჩნდი იმ სტერეოტიპების ჩარჩოში, რომელსაც სულ ვაკრიტიკებ. ძალიან ქართული გარეგნობის, ჩოხის წყალობით პირდაპირ მივაწერე ჩემი სტერეოტიპული წარმოდგენები, რაც მართალი არ აღმოჩნდა. ბოლო გადაცემაში ლევანი ჩემი გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი იყო და საუბარი გვქონდა ქალების უფლებებზე. ხანდახან უკვირთ ხოლმე, ასეთი ვაჟკაცი, ასეთი ქართული გარეგნობის მქონე კაცი ღიად რომ უჭერს მხარს ოჯახში ქალისა და კაცის როლების თანაბრად გადანაწილებას. ჩვენ შეიძლება, აზრობრივად ბევრ რამეზე ვიკამათოთ, მაგრამ ფუნდამენტურ ღირებულებებში ძალიან დიდი თანხვედრა გვაქვს. პირიქით, თვითონ მეუბნება ხოლმე: „გრუზინკა“ შენ რომ ხარ, ეგეთი უნდაო და მართალია, მეც მაქვს ხასიათში ბევრი სუფთა ქართული შტრიხი. მაგალითად, ურთიერთობის დასაწყისში, მამაკაცთან ყოველთვის დისტანციას ვიჭერდი. ქალი რომ კაცისგან განსხვავებულ პატივისცემას ითხოვ, ესეც ხომ ძალიან ქართული ფენომენია?! მე მომწონს საპირისპირო სქესისგან განსაკუთრებული პატივისცემა და მორიდება რომ იგრძნობა. არასდროს მომწონდა მამაკაცის ქალისადმი ფამილარული დამოკიდებულება და ალბათ, არ იყო შემთხვევითი, ეს არჩევანი რომ გავაკეთე. 
– თქვენგან რომელი უფრო დამთმობია?
– ბევრ რამეს ვსწავლობ ლევანისგან. მომწიფებულობის თვალსაზრისით ის უფრო წინ აღმოჩნდა. მე ბევრ რამეში გაცილებით ბავშვური და ფიცხი ვარ, მინდა, ჩემი გავიტანო. ლევანს უფრო დაღვინებული ხასიათი აქვს. მას აღმოაჩნდა ის გამბედაობა, რომელიც აქამდე სხვას არავის გამოუვლენია და ამის გარდა, დიდი მოთმინება და შინაგანი სიყვარულის გამოხატვის უნარიც აქვს. მე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვისწავლე, როგორ გამომეხატა სირბილე და სიყვარული, ეს სისუსტის ნიშნები მეგონა. 
– რომელია ეჭვიანი?
– გია ჯაჯანიძე მეუბნებოდა, კაპასი და საშინელი დედამთილი უნდა შეგხვდეს და ქმარიც ისეთი, რომ თავის ჭკუაზე გატაროსო. ლევანი რომ გაიცნო, მერე მითხრა, ყველაფერში როგორ გიმართლებსო (იცინის). გადასარევი დედამთილი მყავს და ქმარშიც გამიმართლა. ეჭვიანობის ამბავშიც ვგავართ ერთმანეთს და ეს გვეხმარება. „როცა იცი, შენ თვითონაც ეჭვიანი ხარ და გირჩევნია, არ მაეჭვიანო“ – ეს მომენტი გვაქვს. ორივეს კარგად გვესმის, რის გამო ვეჭვიანობთ და ვბრაზდებით, ამიტომ ერთმანეთს კარგად ვაბალანსებთ, თორემ ეს ემოციები ორივეს ჭარბად გვაქვს. ლევანმა მასწავლა ის, რომ როდესაც ეჭვიანობ, შეგიძლია, თქვა. მე, რომ მოგეკალი, ამას არ ვიტყოდი და მერე შეიძლება, სხვა რამეზე ავფეთქებულიყავი. ლევანი თავიდანვე მეუბნებოდა, რაზე ეჭვიანობდა, რა არ მოსწონდა, რა ჩარჩოებში წარმოვედგინე, რომ მშვიდად ყოფილიყო. ამის გათვალისწინება მინდა თუ არა, ეს ჩემი არჩევანია, მაგრამ როცა ადამიანი პირდაპირ გეუბნება საკუთარი დამოკიდებულებების შესახებ, მერე ყველაფერი კარგად ეწყობა. მეც ვისწავლე მასთან ჩემი ჭმუნვების გამოხატვა, რომელიც შეიძლება, აბსოლუტურად არარაციონალური იყოს, მაგრამ მაწუხებდეს. ამიტომ მათი მართვა აუცილებელია და ეს ცოდნა წყვილმა ერთად უნდა გამოიმუშავოს. 
– სანამ ახლოს გაგიცნობდა, ეკრანიდან შექმნილი წარმოდგენებიდან გამომდინარე, დედამთილს ხომ არ უთქვამს შენ შესახებ „ვაიმეო“?
– ალბათ, ჰქონდათ კიდეც მსგავსი მომენტი, მაგრამ ეს ჩემამდე არ მოსულა. იმდენად ზრდილობიანი და კეთილშობილი ადამიანები არიან, მოახერხეს, რომ ეს არ ეგრძნობინებინათ. შეიძლება, იყო კითხვის ნიშნები და შიშებიც, მაგრამ მე მათი გაცნობისთანავე პოზიტივი ვიგრძენი ჩემდამი და თუკი ჰქონდათ მსგავსი დამოკიდებულება, პირიქით, ის სიყვარულსა და პატივისცემაში გადაითარგმნა. მერე რომ უყურებ, შენი შვილი ბედნიერია, ეს ხდება მთავარი და ადვილად გადახედავ მანამდელ წარმოდგენებს. შეიძლება, ეს გზა გაიარეს, მაგრამ მე ნამდვილად არ მიგრძნია. ასე რომ ყოფილიყო, მე ამას თამამად ვიტყოდი და გავიგებდი კიდეც მათსას. პირიქით, ის უფრო გამიკვირდა, ამდენად თბილად რომ მიმიღეს. იმიტომ კი არა, რომ არ უნდა მივეღე, ხომ შეიძლებოდა, დისტანცია დაეჭირათ, თუნდაც იმიტომ, რომ არ მიცნობდნენ. მიხარია, რომ მისი მშობლები განსაკუთრებით თბილები აღმოჩნდნენ და ამაში, ალბათ, ლევანის როლიც მნიშვნელოვანია, ინფორმაცია სწორად მიაწოდა.
– რომ შევაჯამოთ, გამორჩეული პერიოდი გაქვთ პროფესიულადაც და პირად ცხოვრებაშიც.
– მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელი მთელი სამყაროსთვის ასეთი მძიმეა, ქვეყანა თავზე დაგვექცა, მე ყველაფერი ახლა მოვინდომე და ღვთის წყალობით, გამომივიდა. მგონია, რომ სამყაროს ჩანაფიქრია და ამიტომაცაა, რომ თუკი აქამდე რამისკენ ვისწრაფვოდი, ამ წელს ყველაფერი გამოვიდა, პირად ცხოვრებაშიც და კარიერაშიც. 

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი