საზოგადოება

გოჩა თანდარაშვილი: ყოფილა შემთხვევა, როცა ბოდიშის მოხდა გამჭირვებია

№47

ავტორი: ეთო ხურციძე 17:42 23.11, 2020 წელი

გოჩა თანდარაშვილი
დაკოპირებულია

სახელი: გოჩა.
გვარი: თანდარაშვილი.
პროფესია: იუმორისტი, ტელეწამყვანი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– ბევრი წვრილ-წვრილი რამ მახსოვს, დაწყებული გემრიელი „პედროს“ კევებიდან, იარაღებითა და სროლებით დამთავრებული... 
– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...
– მათემატიკოსი, რადგან ძალიან მიყვარდა ეს საგანი და კარგად ვსწავლობდი. მერე, რომ გავიზარდე, მივხვდი, მარტო მათემატიკოსობით ვერაფერს ვიზამდი ცხოვრებაში, თან მაშინ კომპიუტერული მეცნიერებაც არ იყო განვითარებული, თუნდაც პროგრამირების კუთხით რომ წავსულიყავი. ასევე, მსურდა ფეხბურთელობა. 
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– უნივერსიტეტის პერიოდმა, როცა დავიწყე „მანსანკანის“ თამაში. სწორედ, მაშინ წავედი იუმორის კუთხით. დღეს ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე, თუმცა კიდევ შეიძლებოდა სხვადასხვა რამ.
– პირველი წარმატება...
– სკოლის პერიოდში იყო. პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ვსწავლობდი, სადაც შალვა ამონაშვილის მეთოდიკით გვასწავლიდნენ. სკოლაში კონკურსები იმართებოდა სწრაფ კითხვაში, ერთ წუთში ვინ რამდენს წაიკითხავდა, მახსოვს, ვიგებდი ხოლმე. 
– წარმატებული ადამიანი არის...
– ის, ვინც აკეთებს საყვარელ საქმეს და ამ საქმიდან შოულობს იმდენ ფულს, რამდენიც ჰყოფნის. 
– ვამაყობ...
– იმით, რომ 2013 წელს, ლვოვში, უკრაინაში, ევროპის ფანებმა წლის საუკეთესო ფანად დამასახელეს.
– მეშინია...
– ციხის. არ მიყვარს დაკეტილი, დახურული სივრცე. მიყვარს მოძრაობა, ამიტომ მაშინებს, თუმცა შეხება არასდროს მქონია.
– მწამს...
– მეგობრობის. რწმენა ისეთი რამეა, როცა რაღაცას ბრმად ენდობი. ასე ბრმად არაფრის მწამს, უფრო დროში გამოცდილი ურთიერთობების მჯერა.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– რასაც ვერ ვხედავ, იმის არ მჯერა, ვერც იმას ვიჯერებ, რომ არსებობს ღმერთი, რომელიც რაღაცებს წყვეტს ჩვენს ნაცვლად.
– ბედისწერა...
– უფრო შემთხვევითობები არსებობს, რომლებიც შეიძლება, ბედისწერად ჩაითვალოს. 
– ცოდვა – ეს არის...
– რასაც რელიგია მიიჩნევს ცოდვად, ეს ჩემთვისაც ცოდვაა, თუმცა, ამის გარდა, ბევრი რამ მიმაჩნია ცუდ საქციელად, ცუდი საქციელი კი ჩემთვის ცოდვაა. 
– ვრისკავ...
– ადამიანი მაშინ რისკავს, როცა ზურგი ან უკანდასახევი გზა აქვს, თუ ამ ორ კატეგორიას არ ეკუთვნის, მაშინ სულ თავზეხელაღებული უნდა იყოს, რომელიც დაუფიქრებლად წავა ნებისმიერ საქმეზე. ძალიან რისკიანი არ ვარ, თუმცა რაღაცებში გამირისკავს.
– მაკვირვებს...
– ხალხს რომ უტიფარი ადამიანების სჯერა, როცა სწორად ვერ აღიქვამენ იმ სიტუაციას, რომელშიც არიან. გინდა პოლიტიკურად, გინდა ისე. როცა ხვდები, რომ ცუდად არის შენთვის ყველაფერი და ამ ყველაფრის შეცვლა არ გინდა, ეს ძალიან მაკვირვებს. 
– ვერიდები...
– კონფლიქტებს და კამათს, ოღონდ იმ ადამიანებთან არა, ვისაც პატივს ვცემ. მაგრამ ვის აზრსაც არ ვიზიარებ, უბრალო რაღაცებზე შელაპარაკებასაც კი თავს ვარიდებ – არ მაქვს ნერვები. 
– ვემტერები...
– რუსეთის, ჩვენი მტრების, მოყვარულ ხალხს!
– სიყვარული...
– სტიმულის მომცემია სხვადასხვა საქმეში. ყველაფრის სიყვარული არსებობს და ეს არის ენერგია, რომ რაღაც უკეთესად გააკეთო, თუმცა შეიძლება, პირიქითაც იყოს.
– დრო და სიყვარული...
– რაღაცების მიმართ გინელდება გრძნობა. რაც გიყვარდა, აღარ გიყვარს, რაც ადრე მიგაჩნდა, რომ მთელი ცხოვრება გააკეთებდი, ახლა აზრი შეიცვალე და ასე შემდეგ. მივეჩვიე იმას, რომ დრო რაღაცებს ცვლის.
– ვნება და სიყვარული...
– სხვადასხვა რამეა, თუმცა ვნება სიყვარულის თანხლებით ძალიან მაგარია.
– იდეალური ქალი არის...
– არ მიყვარს ჩარჩოებში მოქცევა, რადგან ნებისმიერი ხასიათის, გარეგნობის მქონე ქალი შეიძლება, მოგეწონოს ან არ მოგეწონოს.
– ის, რაც უპატიებელია...
– ყველაფერი შეიძლება აპატიო, თუმცა გააჩნია ადამიანს და სიტუაციას. არ მიყვარს ზოგადი ლაპარაკი, ყოველთვის ფაქტების მიხედვით ვსაზღვრავ ყველაფერს, ამიტომ ჯერ არავის დაუშავებია ისე, რომ რამე ვერ მეპატიებინა.
– შემშურებია...
– იმ ადამიანების, რომლებიც საქართველოს ნაკრების თამაშებს უცხოეთშიც ესწრებიან. საზიზღრად, შავი შურით მშურს მათი (იცინის). საქართველოში არც ერთ თამაშს არ ვაცდენ, უცხოეთში, როცა ამის შესაძლებლობაა, ვესწრები, მაგრამ სულ ვერ ვახერხებ.
– სამაგიერო გადამიხდია...
– ალბათ, კი, მეც კაი ბოღმა ვარ (იცინის).
– ბოდიშის მოხდა...
– არ მიჭირს, მომიხდია, თუმცა გამჭირვებია კიდეც. 
– მრცხვენია...
– ჩვენთან ძალიან გავრცელებულია შემდეგი ფრაზა: ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. არასდროს არსად არ დამიწერია ეგ, არც მაისური ჩამიცვამს, არც მოგზაურობისას მსგავსი წარწერით გამიკეთებია ჩანთა, რადგან მრცხვენია იმის, რომ ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს.
– მაღიზიანებს...
– უსამართლობა, მარტო ჩემდამი არა, თუ სხვების მიმართ ვხედავ, ისიც ძალიან მაღიზიანებს.
– ვაგროვებ...
– ადრე ვაგროვებდი გაზეთ „სარბიელს“, ახლა აღარ იბეჭდება, ყველა ნომერი მქონდა. ასევე, ვაგროვებ სპორტულ ბილეთებს და აკა მორჩილაძის წიგნებს.
– ვზარმაცობ...
– სადამდეც გამდის. პასუხისმგებლობა მაქვს და როცა რამეა გასაკეთებელი, არ მიყვარს მისი გადადება, შესაბამისად, ვზარმაცობ იქამდე, სადამდეც მისი ფუფუნება მაქვს.
– თავისუფლება არის...
– როცა ვინმეზე და რამეზე არ ხარ დამოკიდებული და იმის თავი გაქვს, თავად მიიღო გადაწყვეტილებები, მნიშვნელობა არ აქვს ეს კარიერულია თუ ცხოვრებისეული.
– ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...
– რაღაცებს შევცვლიდი... რომ გადავახვიო ჩემი ცხოვრება პატარ-პატარა მომენტებს აუცილებლად „დავააბდეითებდი“ და გაცილებით უკეთესს ავაწყობდი.
ეთო ხურციძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი