იუმორი

როცა მსაჯი შენიანია

№25

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 28.06, 2022 წელი

გიგა გვენცაძე
დაკოპირებულია

გიგა გვენცაძე იხსენებს:

„ზამთარში თბილისის „დინამო“ წინასასეზონო შეკრებაზე ანტალიაში იმყოფებოდა. ვარჯიში – კვება, ვარჯიში – კვების რეჟიმი ცოტა მოსაწყენი იყო. თამაშები მხოლოდ შიგადაშიგ ტარდებოდა. პირველი და ბოლო თამაში გამოდიოდა ხოლმე ყველაზე საინტერესო. ბოლო თამაში გვაქვს ყაზახეთის „ჟეტისუსთან“, ტალდიყურღანიდან. მე ტრიბუნასთან ვიდექი და თამაშს იქიდან ვუყურებდი და ჩემს გვერდით იდგა „ჟეტისუს“ რუსი თუ ბელორუსი მწვრთნელი. პირველი ტაიმი ნულით სამი წავაგეთ და „ჟეტისუს“ მწვრთნელი ბედნიერი იყო. ანტალიაში ქართველი მსაჯებიც იყვნენ შეკრებაზე და ისე მოხდა, რომ ჩვენ თამაშს სწორედ ქართველები სჯიდნენ. თამაშის დაწყების წინ მსაჯები ოფიციალურად მოგვესალმნენ, რომ მოწინააღმდეგეს არ ეფიქრა ეხმარებიანო. მაგრამ, პირველი ტაიმი რომ დამთავრდა, დათო ოდიკაძე მივიდა მსაჯებთან და უთხრა: ჩვენ და თქვენ ქართველები ვართ, ისინი კი – ყაზახებიო. მოკლედ, დაიწყო თუ არა მეორე ტაიმი, ფეხბურთის წესები შეიცვალა. ყაზახები ჩვენს ნახევარზე ვერ გადმოდიოდნენ, მათ მსაჯები არ უშვებდნენ – ოფსაიდს უფიქსირებდნენ. სამაგიეროდ, ჩვენ გავიტანეთ ოფსაიდიდან და მსაჯები ყველანაირად გვიწყობდნენ ხელს. ჩემ გვერდით მდგომმა „ჟეტისუს“ მწვრთნელმა მითხრა: თქვენ რა, შეკრებებზე თქვენი მსაჯებით დადიხართო? მე სიცილში გავუტარე ეს სიტყვბი. უცებ სტადიონთან პატარა ავტობუსი გაჩერდა. იქიდან „დინამო“, „დინამოს“ ყვირილით ნორჩი დინამოელები გადმოვიდნენ (ბავშვებიც შეკრებაზე იყვნენ ანტალიაში და თამაშზე დააგვიანეს). ამან „ჟეტისუს“ მწვრთნელი გადარია და მითხრა: თქვენ რა, შეკრებაზე გულშემატკივრებიც დაგყავთო? მინდორზე კი, მსაჯების წყალობით, სასწაულები ხდებოდა. მეორე ბურთიც შევაგდეთ. მესამე კი 107 წუთზე გავიტანეთ. თამაში 3:3-ით დასრულდა. მსაჯებმა 17 წუთი დაგვიმატეს, არადა, ასეთ თამაშებში 2 წუთზე მეტს არასოდეს ამატებენ.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი