იუმორი

როგორ დახვდნენ კულტურის ქართველ ფუნქციონერებს ბაქოს აეროპორტში

№47

ავტორი: ნიკა ლაშაური 16:47 23.11, 2020 წელი

შალვა გოგოლაძე
დაკოპირებულია

კულტურის ყოფილი მინისტრი შალვა გოგოლაძე იხსენებს: „2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე 37-ე ადგილი დავიკავეთ. ეს დიდი წარმატება იყო და რადგან ძალიან ახლოს ვიყავით ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან, ჩვენი წარმატება ერთად აღვნიშნეთ ბრაზილიურ რესტორანში. მე, ტარიელ ხეჩიკაშვილი და კიდევ ერთი ჩემი მოადგილე ერთი დღით ადრე ვაპირებდით თბილისში გამომგზავრებას, რომ ჩვენი ტრიუმფატორი ოლიმპიელებისთვის დახვედრა მოგვეწყო. რიოდან თბილისში ისეთი მარშრუტით უნდა გამოვფრენილიყავით, რომ ძალიან დიდი წვალება გვიწევდა. ეს რომ რესტორანში ვთქვით, ჩემმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ მითხრა, – ჩვენ გამოგვყევით, ბაქოდან რიოში უზარმაზარი „ბოინგი“ ჩამოგვაკითხავს. ბაქოდან თბილისში კი მანქანით წახვალთო. რა თქმა უნდა, დავთანხმდით. ჩემმა კოლეგამ კი მითხრა – თვითმფრინავში ზღაპრული სუფრა გვექნება გაშლილი, მაგრამ სულგუნი არ იქნება და თუკი თბილისში დარეკავ, სულგუნს აყიდვინებ და ეტყვი, რომ ბაქოში ჩაიტანონ, „ბოინგში“ ჩადებენ და ჩამოგვიტანენო. უარს როგორ ვეტყოდი. თბილისში ჩემს მძღოლს დავურეკე და ვუთხარი, რაც უნდა ექნა. ერთი სიტყვით, რიოში ბლომად სულგუნი ჩამოვიდა და ბაქოში სულ ქეიფ-ქეიფით ჩავედით. აეროპორტში სრული სიჩუმე იდგა და ვიფიქრეთ, რომ აზერბაიჯანის სპორტულ დელეგაციას არავინ ხვდებოდა, რადგან ბარგში პირველად ჩვენი ჩემოდნები ამოვიდა, ჩვენ სამმა გადავწყვიტეთ, ჰაერზე გავსულიყავით, აეროპორტის გარეთ დავლოდებოდით ჩვენს კოლეგებს, გამოვმშვიდობებოდით მათ და თბილისში წამოვსულიყავით. ეს უცბად გადავწყვიტეთ და ისე, რომ ჩვენი კოლეგებისთვის არ გვითქვამს. სამივემ ჩვენს გორგოლაჭებიან ჩემოდნებს დავავლეთ ხელი და თავჩაღუნულები გასასვლელისკენ გავემართეთ. ელექტრონული კარი რომ გაიღო და გარეთ უნდა გავიდეთ, ვხედავთ, რომ მოშორებით დიდი სასულე ორკესტრი დგას, თვითმფრინავის წინ ზღვა ხალხია შეკრებილი, ტრაპთან კი – უამრავი ბაფთებიანი გოგო-ბიჭი ყვავილებით. როგორც კი დაგვინახეს, ორკესტრმა მუსიკა დასცხო. ბავშვები კი ყვავილებით ჩვენკენ გამოექანენ და მივხვდი, რომ შარში ვეხვევით და ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს დახვედრის გრანდიოზულ ცერემონიალს ვუშლით. ისე დავიბენით, უკან შებრუნებაც ვერ მოვახერხეთ და რუსულად ავყვირდით: ეს ჩვენ არ ვართ, ეს ჩვენ არ ვართო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, უკან ჩემმა კოლეგა მინისტრმა შეგვათრია და დახვედრის ცერემონიალი თავიდან დაიწყო.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი