იუმორი

მამობილი ეროსი

№11

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 21.03, 2023 წელი

ნუგზარ ჯუღელი
დაკოპირებულია

ნუგზარ ჯუღელი ჰყვებოდა: 

„ეროსი მანჯგალაძესთან ვმეგობრობდი. იმ პერიოდში, ხმით ეროსის ვბაძავდი. ამბობდნენ კიდეც, ხმით ჰგავხართ ერთმანეთსო. მოკლედ, ერთ დღეს, შევაგროვეთ ფული და საქეიფოდ რესტორანში წავედით – მე, კახი კავსაძე, სოსო ლაღიძე და რეზო ჩხაიძე. სუფრასთან ვბჭობთ, რა ავიღოთ. არადა, ფული ცოტა გვაქვს. ან მწვადი უნდა ავიღოთ, ან ღვინო, ორივე ერთად არ მოგვდის და ვართ გაწამაწიაში. თან ხმამაღლა ვლაპარაკობთ. უცებ, გაიღო კარი და ოფიციანტს წამოკიდებული აქვს ზურგზე ერთი ყუთი ღვინო. გაგვიკვირდა. დადო ყუთი და გვითხრა, ეს ეროსი მანჯგალაძეს გამოუგზავნეს გვერდითა კუპიდანო. გავისუსეთ, მადლობა გადავუხადეთ. დავიწყეთ სმა, შევედით ქეიფის ეშხში. გავიხედეთ, იღება კარი და შემოდიან ნასვამი კაცები. ერთ-ერთი ამბობს, თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო, მე გამოვუგზავნე ეროსის ღვინო, მისი ხმა ისმოდა ჩვენთან, აბა, სად არისო. რაღას ვიზამდით, ვაღიარეთ, ეროსი არ არის აქ. თან, რომ არ „გავყიდულიყავით“ ვთქვით, ვითომ მე ვიყავი მისი შვილი და ამიტომაც ვგავდი ხმით. ჯერ დაიბნა ის კაცი, მერე გონს მოვიდა, იფიქრა ძმაკაცებთან არ შევრცხვეო და როხროხით დაიწყო: თქვენი ჭირიმე ბიჭებო, შენ ეროსის ბიჭი არ ხარ, შენ კი გენაცვალე, მოდი აქ, შვილო, რამდენჯერ ამ კისერზე მჯდარხარ და ჩაგიფსია ჩემთვის ზურგში. შენ არ გახსოვს, მაგრამ, მე რა დამავიწყებსო. ეს ამბავი გახმაურდა. გავიხედე, ეროსი შემხვდა თეატრში. მივესალმე, გამარჯობა, ბატონო ეროსი-მეთქი. ხელი ჩაიქნია, გადი აქედანო. ვიფიქრე, ეს რა ვქენი, ხომ არ ვაწყენინე-მეთქი. გავიდა ხანი, გავიხედე, ეროსი მეძახის და მაწვდის „მარლბოროს“ მთლიან შეკვრას, აჰა, ჩემო შვილოო. გავიდოდა რაღაც პერიოდი და კიდევ რაღაცას მაჩუქებდა, თან ირონიით დააყოლებდა, ხომ იცი, შენ ჩემი შვილი ხარ, არ დაგავიწყდესო. კიდევ ცოტა ხნის შემდეგ მივესალმებოდი, გამარჯობა, ეროსი-მეთქი, თუ გაახსენდებოდა ის ქეიფი, მოაყოლებდა, გამარჯობა, კი არა, წადი შენიო. არადა, ღმერთმა ყველას მისცეს ისეთი მამობილი, მე რომ მყავდა ეროსის სახით“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი