ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რომელია სახლში არსებული ნივთებიდან სახიფათო პატრონისთვის და რა შეუძლია უბრალო რიტუალს

№10

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 17.03, 2023 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

არის მომენტები, როცა ჩვენს ცხოვრებაში ბოროტება იჭრება და მთელ გეგმებსა და ოცნებებს გვინგრევს. უმეტესად, ეს ნეგატიური ენერგია მტრებისა და არაკეთილმოსურნეთაგან მოდის. ზოგიერთი მათგანი ჯადოსა თუ მსგავს უწმინდურ საშუალებებსაც მიმართავს, რისგანაც თავის დაცვა საკმაოდ ძნელია. თუმცა მაგიური რიტუალების საშუალებით ამის აღკვეთაც შეიძლება. დღეს სწორედ ერთ-ერთ ასეთ რიტუალზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი მზია ლ. და აგვიხსნის, ჩვეულებრივი საკერავი ნემსი როგორ შეიძლება, გახდეს უძლიერესი თილისმა ყოველგვარი ნეგატივის წინააღმდეგ.

- დაამაგრეთ ნემსი შემოსასვლელი კარის შიგნით და ყოველგვარი უწმინდურება გვერდს აუვლის თქვენს სახლს - ასეთია უძლიერესი თილისმის ბოროტებისგან დაცვის შესაძლებლობა ერთი ჩვეულებრივი, საკერავი ნემსის გამოყენებით. როგორც მოგეხსენებათ, ნემსი ხშირი მოხმარების საგანია არა მხოლოდ ყოფაცხოვრებაში, არამედ მაგიაშიც. ამ ძლიერ მაგიურ ინსტრუმენტს ხშირად უფრო იმისთვის იყენებენ, რომ სხვას ავნონ, თუმცა, როგორც აღვნიშნე, გარკვეული რიტუალის საშუალებით, ის შეიძლება ძლიერ დამცავადაც გამოდგეს.

- როგორ შეიძლება, ეს მოხდეს?

- ეს რიტუალი დაიცავს თქვენს სახლს ბოროტისაგან, ნეგატივისა და ჯადოსგან - მთლიანობაში კი, ყველა იმ საშინელებისგან, რაც კი შეიძლება ცხოვრებაში მოხდეს. ყოველი უწმინდური უძლურია ასეთი დამცავი თილისმის წინაშე. ამრიგად, რიტუალი რომ ჩაატაროთ, დაგჭირდებათ ჩვეულებრივი საკერავი ნემსი. არ არის აუცილებელი, ახალი იყოს. შეგიძლიათ აიღოთ ის, რომელსაც ხმარობთ. მაგრამ თუ ოჯახში ზედმეტი ნემსი არ მოგეპოვებათ, მაშინ ახალი იყიდეთ. ასევე, რიტუალისთვის უნდა შეარჩიოთ დღე და დრო, რომ ხელი არავინ შეგიშალოთ. მთვარის ფაზას მნიშვნელობა არა აქვს. ახლა თავად რიტუალი - ისეთ დროს, როცა სინათლეა, მიდით ფანჯარასთან და მარცხენა ხელში აიღეთ ნემსი, რომელსაც დაიჭერთ ყუნწის მხრიდან. მიმართეთ ის სინათლისკენ და წარმოთქვით შემდეგი სიტყვები: „ოი ნათელო, დაიცავი სიკეთე, ბნელი და ბოროტი კი ზღურბლს არ გააკარო. დაე, იყოს ასე!“ ამის მერე ნემსი შემოსასვლელ კარზე დაარჭეთ, ოღონდ შიდა მხრიდან. და ეს ისე გააკეთეთ, რომ ნემსის წვერი კარისკენ იყოს მიმართული. შეიძლება ის კარის გვერდზე ან ზემოთ, თუნდაც შპალერზეც მიამაგროთ. მთავარია, კარისკენ ისე იყოს მიმართული, თითქოს შუბია, რომელიც მზადაა, ნებისმიერი ბოროტება განგმიროს. მნიშვნელოვანია, ეს ისე გააკეთოთ, რომ ნემსი არ ჩანდეს, თვალში არავის ეჩხირებოდეს. უმჯობესია, ასეთი ნივთები უცხოსგან დამალული იყოს. არასდროს იცი, გუნებაში ვის სურს შენთვის ცუდი.

- რა მოხდება რიტუალის შემდეგ?

- რიტუალის შემდეგ ყურადღება მიაქციეთ ყველას, ვინც კი თქვენს სახლში მოვა. ეს თილისმა ყოველგვარ ბოროტებას მოიგერიებს. თუ რომელიმე სტუმარი თქვენთან ცუდი განზრახვით მოვიდა, თავს ძალიან არაკომფორტულად იგრძნობს. მოუსვენრობა დაეტყობა, თითქოს შეირყაო და სასწრაფოდ მოინდომებს, დატოვოს იქაურობა. ასეთი ადამიანები მეტად აღარ უნდა დაპატიჟოთ სახლში. ეს ნემსი დაგიცავთ ნებისმიერი ნეგატიური გავლენისგან. გაანეიტრალებს და განდევნის ყველანაირ ბოროტებას. ერთი წლის შემდეგ ის გადააგდეთ და ახალ ნემსზე ჩაატარეთ რიტუალი. გახსოვდეთ, ეს ძალიან ძლიერი დაცვაა გათვალვისგანაც. ეს უბრალო რიტუალი დაგეხმარებათ, თქვენი სახლი და ოჯახი უბედურებისგან დაიცვათ და ყველა მტერი განეიტრალდეს.

- გარდა გარედან „შემოგზავნილი“ საფრთხისა, გამიგია, რომ ზოგიერთ ნივთი, რომელიც სახლში გვაქვს და სრულიად უწყინარი გვგონია, შეიძლება, დამაზიანებელი აღმოჩნდეს მისი მფლობელისთვის... რა ნივთებია ასეთი?

- დიახ, არის ასეთებიც. მაგალითად, სახლში ყველას მოეპოვება: სხვისი გამოყენებული ნივთები, ვინტაჟური სამკაულები და მსგავსი რამ. ასეთი ნივთები ადრინდელი მფლობელის ენერგიას ატარებს, რაც შეიძლება, საბედისწერო აღმოჩნდეს თქვენთვის. თან, გახსოვდეთ, რომ ლაპარაკია უბრალოდ, იმ ნივთზე, რომელიც შეიძლება უნებურად აღმოჩნდეს მავნე თქვენთვის და არა იმაზე, რომელიც მიზანმიმართულადაა ჯადოგაკეთებული თქვენს დასაზიანებლად. ასევე, უნდა გახსოვდეთ, რომ ხელნაკეთი ნივთებიც შეიძლება ატარებდეს ავტორის ენერგიას და ცუდია, თუ მას ავადმყოფობის დროს ან ცუდ ხასიათზე მყოფი აკეთებდა. მართალია, ჩამოთვლილ ნივთთაგან ზოგის ენერგეტიკა შეიძლება კარგიც კი იყოს თქვენთვის, ანდა - ნეიტრალური, მაგრამ უფრო ხშირად მათი ზეგავლენა ნეგატიურია. ამიტომ, დააკვირდით შემდეგ ნიშნებს, რაც მიუთითებს, რომ ნივთი თქვენთვის შეუფერებელია ან ნეგატივს ატარებს. როცა ამ ნივთისგან გრძნობთ: ისეთ სიცივეს, თითქოს სამარიდან მოდისო; ნესტსა და სისველის განცდას; მუდმივად რაღაცის სუნს; ჩაცმისას თითქოს ტანზე გეკვრით, გიჭერთ, გპრესავთ, გახრჩობთ; მისი შეძენის შემდეგ ცუდ სიზმრებს ხედავთ; გაწუხებთ უძილობა; დაგეწყოთ თავის ტკივილები. თუ ჩამოთვლილთაგან რამდენიმეს გრძნობთ, მიმართეთ ზომებს. თუმცა არც ზედმეტად გადარევა ვარგა, რომ ნებისმიერ ასეთ ნივთში ნეგატივი ეძებოთ. უფრო ხშირად ახალი პატრონის ენერგია ძლევს და ჯაბნის ძველისას, თუ მართლა ეშმაკეულთან არ გვაქვს საქმე. მაგრამ თუ ნივთი აშკარად ხელს გიშლით, უმჯობესია, გადააგდოთ. სხვა შემთხვევაში, შეიძლება, თავადაც დაგტოვოთ და მაგალითად, დაიკარგოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი