ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ იცავს „სიზმრის დამჭერი“ მძინარე ადამიანს და რა საერთო აქვს ერთმანეთთან ორ თილისმას – სიზმრის დამჭერსა და ნალს

№36

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 16.09, 2022 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

სიზმარსა და ღამეულ კოშმარებზე არაერთხელ გვიმსჯელია, მაგრამ რამ შეიძლება აგვარიდოს უძილობისა თუ საშინელ ზმანებათა შედეგად გამოყოლილ გაღიზიანებას, უღონობასა თუ ცუდ ფიქრებს, ჯერ არ შევხებივართ. არადა არსებობს ასეთი თილისმა - „სიზმრის დამჭერი“, რომელიც მძინარეს ავი სულებისგან იცავს. ის შეგიძლიათ, თავად დაამზადოთ ფერადი ძაფებისგან, რომლის ბადეშიც მოუწევს გავლა ყველა კოშმარს და იქვე გაიხლართება კიდეც. მართალია, სიზმრის დამჭერია, მაგრამ მთელი სახლის დაცვაც შეუძლია, თუ შესასვლელში დაკიდებთ. თუმცა ამ ფუნქციას შესანიშნავად ასრულებს ნალიც. თუ საიდან მოდის „სიზმრის დამჭერის“ შექმნის ტრადიცია, რა სამსახური შეუძლია გაუწიოს მან უძილობისა და კოშმარებისგან გატანჯულ ადამიანს და რა ლეგენდა უკავშირდება ნალს, როგორც სახლის მცველის სიმბოლოს, ამ ყველაფერს ჩვენი რუბრიკის სტუმრისგან, ეზოთერიკოს, ბატონ შალვა პ-სგან შეიტყობთ.

-რა კარგია, როცა დილით დასვენებული და ენერგიით სავსე იღვიძებ. გგონია, მთებს გადააბრუნებ და მიუწვდომელ მწვერვალებსაც კი დაიპყრობ. ასეთ დროს დღეც ნაყოფიერია. მაგრამ სულ სხვაგვარადაა საქმე, თუ მთელი ღამე წრიალებდი, უძილობა და კოშმარები გტანჯავდა. აი, სწორედ ასეთ დროსაა საჭირო სახლში სიზმრის დამჭერი. როცა ღრმა ძილის რეგულარულ დეფიციტს განიცდი, ეს ფიზიკურსა და ემოციურ ჯანმრთელობაზეც აისახება - თავს იჩენს გაღიზიანება და ქვეითდება შრომისუნარიანობა. მაშ, როგორ უნდა დავიბრუნოთ ნორმალური ძილის რეჟიმი? ცუდი ფიქრებისა და ღამის კოშმარებისგან გვიხსნის სიზმრის დამჭერი.

- რა არის და როგორ მოახერხებს ამას სიზმრის დამჭერი?

- თავდაპირველად, სიზმრის დამჭერის გამოყენება დაიწყეს ინდიელებმა, რომლებიც ჩრდილოეთ ამერიკაში ცხოვრობდნენ, მაგრამ რაღაც ამდაგვარი გვხვდება აზიაშიც და ჩრდილოეთის ქვეყნებშიც. ეს თილისმა შეიქმნა იმისთვის, რომ მძინარე ავი სულებისგან დაიცვას. ლეგენდის მიხედვით, ინდიელთა ერთ-ერთი ტომის ბელადს სიზმარში ბრძენი ობობას სახით გამოეცხადა. ის ირმის ნაწლავებისგან აბლაბუდას ქსოვდა, რომელსაც ტირიფის რტოს მრგვალ კარკასზე ჭიმავდა. თანამედროვე დროში არა მგონია, ვინმემ ირმის ნაწლავებისგან მოქსოვოს აღნიშნული დამჭერი, მაგრამ ფერადი ძაფები ნამდვილად გამოდგება. ყველა ცუდი სიზმარი, რომელსაც თილისმის ქსელში მოუწევს გავლა, მასში გაიხლართება. კარგი სიზმრები კი დამჭერის ცენტრალური ხვრელის გავლით ხვდება მძინარე ადამიანის შინაგან სამყაროში.

- სად უნდა დავკიდოთ სიზმრის დამჭერი?

- ლოგიკურია, რომ ეს თილისმა საძინებლის გვერდით უნდა მოთავსდეს. იდეალურ ვარიანტში, ის საწოლის თავთან უნდა ეკიდოს. თუ თილისმამ არ გიშველათ, ესე იგი, ხელახლა უნდა დაიმუხტოს. დამჭერი რომ ნეგატივისგან გაიწმინდოს, ქუჩაში გაიტანეთ და მზის სხივებქვეშ დატოვეთ. მთლიანად რომ დაიცვათ სახლი არაკეთილმოსურნე ადამიანების მოშურნე და მტრული დამოკიდებულებისგან, თილისმა შემოსასვლელში დაკიდეთ. ვინც ბოროტი განზრახვით მოვა, „დამჭერი“ მთელ ნეგატივს საკუთარ თავზე აიღებს. ზოგჯერ ენერგეტიკული დარტყმა იმდენად ძლიერია, რომ თილისმა ტყდება. ასეთ შემთხვევაში ის მაშინვე დაწვით და ახლით შეცვალეთ. ამულეტი რომ უფრო გააძლიეროთ, შეიძლება მასში სხვადასხვანაირი ქვა ჩააქსოვოთ და ბუმბულებით შეამკოთ. ასეთი თილისმა არა მხოლოდ ცუდი სიზმრებისგან დაგიცავთ, თქვენთვის ახალი იდეების დაჭერაც შეუძლია.

- თვითონვე უნდა დავამზადოთ თუ შევიძინოთ?

- ამულეტი რომ დაიმუხტოს, უმჯობესია, ის თავად დაამზადოთ. მთავარია, კარგმა ადამიანმა გააკეთოს. თუ იგრძნობთ, რომ ამულეტი რაღაცნაირად „ხელს გკრავთ“, განგიზიდავთ, გვერდი აუარეთ. გარდა დამცავი თვისებებისა, დამჭერი შეიძლება ორიგინალური დეკორატიული ელემენტიც გახდეს ინტერიერისთვის - ყურადღებას იქცევს მკვეთრი ფერებით. ასეთი ინდიელთა თილისმა შეგიძლიათ აჩუქოთ ნათესავებსა და მეგობრებს: დე, მათი სიზმრებიც დაიცვას.

- როგორც აღნიშნეთ, სიზმრის დამჭერს სახლის დაცვაც შეუძლია, მაგრამ მე ვიცოდი, რომ ამ ფუნქციას ნალი ასრულებდა...

- რაც შეეხება ნალს, მჭედლების ამ „ნამუშევარს“ თავიდანვე მაგიურად მიიჩნევდნენ, რადგან თავად მჭედელთა ხელობა ასოცირდებოდა ჯადოქრობასთან. მჭედელ ოსტატებს, როგორც უწმინდურ სულთა განმდევნელებს, უდიდეს პატივს სცემდნენ, ხოლო ცხენს ადამიანის ერთგულ მოკავშირედ და დამხმარედ მიიჩნევდნენ. თან, იმ დროს საკმაოდ ძვირად ღირებული რკინა, ავი სულისგან დამცავი თვისებებითაც ხასიათდებოდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, კარის თავზე ნალის დაკიდების ტრადიცია ფართოდ გავრცელდა და დღესაც არ კარგავს აქტუალობას. ამასთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდაც: ერთ მჭედელს ეშმაკი ცხენის სახით გამოეცხადა და სულის წართმევას ათასგვარი საცდუნებლით შეეცადა. გონიერი ოსტატი განზრახვას მიუხვდა და რაც შეეძლო უხეშად, დაუნდობლად შეუდგა მის დაჭედვას. გამწარებული ეშმაკი შეევედრა, დამინდეო. მჭედელმა გაუშვა, მაგრამ ერთი პირობით: ეშმაკი არასდროს გადააბიჯებდა სახლის ზღურბლს, რომლის კარზეც ნალი ეკიდა. ასე რომ, ნალი, თქვენს სახლს იცავს: უწმინდური ძალებისა და არაკეთილმოსურნეთაგან, იზიდავს იღბალს, შეუძლია სურვილის შესრულება, ოჯახში სიყვარული და კეთილდღეობა შეაქვს. თუმცა ნალი-ამულეტის ძალა რომ გაორმაგდეს, მას შეიძლება მეორე ამულეტიც დაემატოს ზღურბლის მხრიდან. ნალი შეიძლება ფულის მოსაზიდადაც გამოიყენოთ, თუ მას სამალავში ფულთან ერთად შეინახავთ ან სამუშაო ადგილზე დაკიდებთ. ასევე, შეგიძლიათ, მაცივარზე მისაკრავი ნალი-მაგნიტი შეიძინოთ - ის ნეგატიურ ენერგიას „გაყინავს“, რაც ოჯახურ ჩხუბსა და სკანდალებს აგაცილებთ. უკიდურეს შემთხვევაში ან დამატებითი დაცვისთვის, შეგიძლიათ, ნალის ფოტო ან ნახატიც გამოიყენოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი