ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რის გაკეთება არ შეიძლება ახალი წლის პერიოდში ხალხური მინიშნებების მიხედვით და როგორ უნდა გამოთვალოთ საკუთარი ცხოვრების კარმული პერიოდი

№52

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 07.01, 2022 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

კარს მოგვადგა ახალი წელი. ამ საახალწლო სამზადისისთვის ხალხური გადმოცემები უამრავ მინიშნებას გვთავაზობს - რა და როგორ გავაკეთოთ, რომ ახალი წლის „გული მოვინადიროთ“, თუმცა, ამის პარალელურად, ზოგიერთი რამისგან თავის შეკავებასაც გვირჩევს, რათა პირიქით არ მოხდეს და იღბალი არ დავაფრთხოთ. მაგრამ ადამიანის ბედს ხომ კარმა განსაზღვრავსო, იტყვის ზოგიერთი და იცის კი, რას ნიშნავს ის? ასე რომ, ახლა გაიგებთ, რის გაკეთება გეკრძალებათ ახალი წლის წინ და იმასაც შეიტყობთ: რა არის ადამიანის კარმა და როგორ გამოვთვალოთ ის. ამ ყველაფერზე გვესაუბრება ეზოტერიკოსი, ქალბატონი მაგდა შ.

- გამრავლება, გახარება, ბედნიერება, ჯანი, ხვავი, ბარაქა... და უკვდავი: „ასე ტკბილად დამიბერდი“ კანფეტთან ერთად - ყველას ოჯახში უნდა ისმოდეს. ამისთვის კი ტრადიციულად უამრავი რამ არის მოსასწრები: სუფრისა და სახლის მოსართავად, საჩუქრებისა თუ საზეიმო რიტუალების შესასრულებლად. თუმცა ამის შესახებ, მეტ-ნაკლებად, თითქმის ყველასთვისაა ცნობილი და ახლა უფრო საჭიროდ მიმაჩნია, ვისაუბროთ, თუ რის გაკეთება არ არის რეკომენდებული წინა საახალწლოდ, რომ სიკეთის ნაცვლად, უსიამოვნებას არ გამოვკრათ ხელი.

- რა არის ასეთი?

- დავიწყოთ იმით, რომ ეცადეთ, ახალი წლის წინ ფული არ ისესხოთ, თორემ დანაკარგი არ აგცდებათ, შემოსავალზე მეტი გასავალი გექნებათ. იმისთვის, რომ ფინანსური წარმატება არ დაკარგოთ, ვალები უნდა გაისტუმროთ, ხოლო სხვის ფულს ხელი არ მოჰკიდოთ. არც ჩხუბი და კამათი ღირს წინასაახალწლოდ, თორემ მთელ წელს კონფლიქტებში გაატარებთ. არც თქვენი გეგმების შესახებ გაანდოთ ვინმეს ახალ წლამდე, რათა არ გაითვალოთ. ასევე, დანაკარგს ელოდეთ, თუ სისუფთავეში არ დახვდებით ახალ წელს. ძალიანაც ნუ გამოიდებთ თავს და საახალწლო სუფრასთან მაინც დაანებეთ ხელსაქმეს თავი - არიქა, მოვასწრო და 12-მდე იქნებ წინდაც დავკემსო, ღილი დავაკერო, ვქსოვო ან ვქარგოო. უმჯობესია, ამ ყველაფერს თუ უფრო შესაფერისი დროისთვის გადადებთ. მიმავალი წლის ბოლო დღეს არ შეიძლება ახალი ფეხსაცმლისა და სამზარეულოს ჭურჭლის ყიდვა. არავითარ შემთხვევაში არ შეხვდეთ ახალ წელს ცარიელი მაგიდით, თორემ ოჯახს გასაჭირი დაადგება და შემოსავალი არაფერში ეყოფა. მინიშნების მიხედვით, საახალწლო დღესასწაულს არც ცრემლი უხდება, თორემ მთელ წელს სევდა-ნაღველში გაატარებთ. დაბოლოს, რაც მთავარია, ახალ წელს უნდა შეხვდეთ ოჯახურ წრეში და კარგი განწყობით.

- მაგრამ პირადი კარმა თუ სულ სხვა რამეს გვპირდება ამ წელს?

- კითხვაზე რომ პასუხი გაგცეთ, ჯერ გავარკვიოთ, რა არის კარმა. თუმცა, დღემდე იმ ამოცანად რჩება, რომლის ამოხსნაც ვერავინ შეძლო. აქვს კი კარმა ადამიანს? რისთვისაა ის? ნუთუ ჩვენი სიცოცხლე სამყაროს ხელშია? აი, კითხვები, რასაც შევეცდები, რომ ვუპასუხო. ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, თუ რატომაა, რომ ზოგს ყველაფერი აქვს ცხოვრებაში, სხვები კი გროშებს ითვლიან და მუდმივ ტანჯვაში ატარებენ წუთისოფელს... და მაშინვე ამოტივტივდება გონებაში კითხვა: შეიძლება ადამიანი ასეთი სახით სწორედ იმ საქციელისთვის იხდის, რაც წინა ცხოვრებაში ჩაუდენია? - თუ ისტორიას ჩავუღრმავდებით, სიტყვა „კარმა“ ითარგმნება, როგორც მოქმედება. ანუ, ეს სიტყვა მოიცავს ადამიანის სურვილს, საქციელსა და ფიქრს. ნეგატიურ ფიქრსაც კი შეუძლია გავლენა მოახდინოს მიმდინარე თუ შემდეგ ცხოვრებაზე. ასეთია კარმის კანონები.

- ესე იგი, უმიზეზოდ არაფერი ხდება?

- დიახ და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, შედეგი მიზეზის გარეშე არ დგება. ბევრს არ სჯერა ასეთი კანონზომიერების, მაგრამ სამყაროს კანონები მაინც არსებობს. კარმა ატარებს გარკვეულ ენერგიას, რომელიც ადამიანის საქციელზე მოქმედებს. ამიტომ ყველამ უნდა დაიცვას ბალანსი კარგსა და ცუდ შორის, რათა ცხოვრება ტანჯვისა და სიღატაკის გარეშე განვლოს. კარმა დამსჯელი ძალა არაა, ის მხოლოდ თვალყურს ადევნებს, თუ რას აკეთებს ადამიანი თავისი ცხოვრების განმავლობაში. თუ თქვენ ვერ გაუმკლავდით პრობლემებს, ინფორმაცია ამის შესახებ გადაეცემა მომავალს.

- როგორ გამოვთვალოთ რა არის ჩვენი კარმა?

- საკუთარი კარმა რომ გამოთვალოთ და გაიგოთ, რა ბედი გელით, აუცილებელია, ყველა ციფრი, რაც კი თქვენი დაბადების თარიღში შედის, შეკრიბოთ. მათი ჯამი გახდება თქვენი კარმის განმსაზღვრელი ინდივიდუალური რიცხვი. ანუ მიიღებთ კარმულ პერიოდს, ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მოვლენებსა და ცვლილებებს რომ ასახავს. მიღებული რიცხვი გულისხმობს ასაკს, როცა ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები და მოვლენები ხდება ადამიანის ცხოვრებაში, მასზე ძირეულ გავლენას რომ ახდენს. ვინც 13 -19-მდე რიცხვი მიიღო, ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული ასაკია ყველაზე მნიშვნელოვანი მათ ცხოვრებაში: როცა მუდმივად ვითარდებიან სულიერად და მთელი ძალები მიმართულია ფიზიკური და ზნეობრივი განვითარებისკენ. ადამიანები 20-26 ნიშნით, კარმის განსაწმენდად წინაპართა გამოცდილებას ეყრდნობიან, რისთვისაც ცდილობენ ინტუიციის განვითარებას, სწავლობენ შინაგანი ხმის მოსმენას. 27-33: საჭიროებს შეისწავლოს გარე სამყაროს კანონები, უფრო მეტი დრო დაუთმოს ფილოსოფიას და ეს გადასცეს სხვებსაც. 34-46: ასეთმა ადამიანებმა უნდა შეიცნონ საკუთარი პიროვნება, განსაზღვრონ თავიანთი დანიშნულება ცხოვრებაში, შეისწავლონ სამყაროს კანონები და მთელი მისი არსი. 46-ის ზემოთ კი, ისინი მუდმივად თვითგანვითარებას ცდილობენ და იციან ამქვეყნად თავიანთი მოსვლის მიზანი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი