ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რატომაა მნიშვნელოვანი, დაადგინოთ ჯადოს გამკეთებლის ვინაობა და რა ხერხებს უნდა მიმართოთ მის ამოსაცნობად

№21

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 04.06, 2021 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

კარგად დაფიქრდით, მოულოდნელად აღმოგიჩენიათ, რომ იღბალი გაგიწყრათ და აღარაფერში გიმართლებთ? გიავადმყოფებიათ აშკარა მიზეზის გარეშე? ტყუილუბრალოდ გაგფუჭებიათ ურთიერთობა მშობლებთან? - სწორედ ასეთი „მოულოდნელობები“ მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ წინააღმდეგ ვიღაც ბოროტ ძალას იყენებს, ეგრეთ წოდებულ, ჯადოს მიმართავს. სასწრაფოდ ზომები უნდა მიიღოთ, მაგრამ ჩნდება კითხვა: როგორ ამოვიცნოთ, ვინ არის მტერი და მოშურნე? საბედნიეროდ, ხალხურ გადმოცემებსა და მინიშნებებში ნამდვილად იპოვით ამ კითხვებზე პასუხს. თქვენზე მხოლოდ ისაა დამოკიდებული, სწორად აირჩიოთ ხერხი, რომელიც ყველაზე მეტად შეგეფერებათ. თუ როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში, ამ ყველაფერზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი მერი ქ.

- მაშ როგორ უნდა ამოიცნოთ ის, ვისაც თქვენთვის ცუდი უნდა და ამისთვის ბნელ ძალებს - ჯადოსა და მაგიას მიმართავს? ანდა რატომაა ასე მნიშვნელოვანი დამნაშავის პოვნა? იმიტომ, რომ შეძლოთ მისგან დაიცვათ საკუთარი თავიცა და სახლიც. წარმოუდგენელია, მსგავსი ბოროტება მან კიდევ არ გაიმეოროს და მხოლოდ ერთი ცდით დაკმაყოფილდეს. უფრო პირიქით ხდება-ხოლმე, ყოველ მორიგ ჯერზე ჯადოქრობის გაცილებით სერიოზულ ხერხებს მიმართავენ. მაგრამ, ამ ყველაფერს თავიდან აიცილებთ, თუ მტერს დროზე გამოააშკარავებთ. შეგიძლიათ, არსებული ხალხური გამოცდილებიდან, რაზედაც სწორედ ახლა ვისაუბრებთ, ერთ-ერთი, ყველაზე ქმედითი ხერხი აირჩიოთ და ამით დაიცვათ თავი.

- რა ხერხებია საჭირო მტრის შესაცნობად?

- რამდენიმე მეთოდზე ვისაუბრებთ. დავიწყოთ სიზმრით. ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და გავრცელებული საშუალებაა იმ ადამიანის გამოსავლენად, ვინც თქვენ წინააღმდეგ ჯადოს იყენებს. ამისთვის რაიმე დამატებითი საგნების გამოყენებაც არ დაგჭირდებათ, საკმარისია, დაძინებამდე უსარგებლო ფიქრებისა და მტრის ამოსაცნობი ფუჭი ვარაუდებისგან გაითავისუფლოთ თავი. მოდუნდით, ილოცეთ, დახმარება სთხოვეთ ნათესავთა სულებს და ფიქრში მიმართეთ მათ. ამის შემდეგ მას, ვინც ჯადო გაგიკეთათ, სიზმარში ნახავთ. თუმცა, პასუხი ყოველთვის როდი მოდის პირველივე ღამეს. შემდეგი ხერხია: დამნაშავის გამოძახება. გარკვეული რიტუალების შემდეგ ის არაკეთილმოსურნე თავად იწყებს თქვენი თვალთახედვის არეალში ტრიალს. შეიძლება ხშირად დაგირეკოთ, მოგწეროთ და თქვენი კარის ზღურბლზეც კი გამოჩნდეს. მტრის გამოწვევა ადვილია, თუ დახმარებისთვის გარდაცვლილ ნათესავებს მიმართავთ. სწორედ ისინი ახდიან ფარდას მავნებელს.

- ვიცი, რომ ავი ძალების წინააღმდეგ ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ნივთებსაც იყენებენ...

- დიახ, მაგალითად, დამნაშავის გამოძახება შეიძლება გასაღებითაც. ამისთვის კი გასაღების 7 ეგზემპლარი დაგჭირდებათ, თან ისეთი უნდა იყოს, აქტიურად რომ იყენებთ. დაიცადეთ სავსემთვარეობამდე და იმ ღამით ჩაატარეთ რიტუალი: აადუღეთ წყალი, შიგ ჩაუშვით ყველა გასაღები და თან, გონებაში ზეციურ ძალებს დახმარება სთხოვეთ, რათა დამნაშავე მალე გაპოვნინოთ. შემდეგ წყალი კარის ზღურბლს დაასხით და დაელოდეთ „ბოროტმოქმედს“. ის მალე გამოჩნდება. არანაკლებ შემოიტყუებს მას თქვენთან ჩვეულებრივი ლურსმანიც. აიღეთ და კარის ნაპრალში ჩააჭედეთ. ამ ხერხმა რომ გაჭრას, ფიქრში თქვენს მტერს სთხოვეთ, სამი დღის განმავლობაში გამოჩნდეს. და თუ ის ამას არ იზამს, დიდია შანსი, რომ საკუთარი საქციელის გამო ჯანმრთელობით ზღო საზღაური, ან შეიძლება, უარესიც დაემართა. ორივესგან განსხვავებით, განსაკუთრებული ძალა აქვს ცვილს. გაადნეთ ის და წყლიან ჭიქაში ჩაასხით. თან, წარმოთქვით: „ცვილს ჩავასხამ, მტერს დავინახავ“. ცვილი ჭიქაში სხვადასხვა ფორმას მიიღებს. მაგალითად, შეიძლება ეს იყოს თქვენი მტრის დაბადების თარიღში შემავალი ციფრები; ან ჰგავდეს ასოებს, რომლითაც მისი სახელი იწყება; ანდა - მთებს, ხევს გამოსახავდეს, რაც ნიშნავს, რომ ჯადო ახლობელმა გაგიკეთათ. როცა ბოროტების ჩამდენი პიროვნების ვინაობა გამჟღავნდება, აუცილებელია, დაუყოვნებლივ მიიღოთ ზომები: შეეცადეთ, ჯადო მოიხსნათ, გაემიჯნოთ მტერს და თავის დაცვაზე იზრუნოთ.

- როგორ დავიცვათ თავი ბნელი ძალებისა და ავი თვალისგან?

- არსებობს უამრავი მარტივი ხერხი და ეს თითქმის ყველამ იცის. თუმცა იმდენად უმნიშვნელო ჩანს, სათანადოდ ვერც აფასებენ. ამ დროს კი სწორედ ეს საშუალებებია თქვენამდე ბნელ ენერგიას რომ არ უშვებს. მაგალითად, როგორიცაა: დამცავი თილისმები და ამულეტები, ჯვარი, ხატი, რაც შეგიძლიათ, სულ თან ატაროთ და ყოველთვის დაცულად იგრძნობთ თავი. თუმცა, არანაკლებ დაგიცავთ ინგლისური ქინძისთავიც (ბულავკა), თუ ყურით ზევით გაიკეთებთ; ან სულაც ჩვეულებრივი ცოცხი, რომელიც, კართან უნდა მიაყუდოთ თავით ზევით - ის თქვენს ავისმდომელს სახლში არ შემოუშვებს. მსგავსი დანიშნულება აქვს კარის ზღუბლქვეშ ამოდებულ მონეტასაც. მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, როგორი ენერგია ცირკულირებს თქვენ ირგვლივ. შეძლებისდაგვარად ეცადეთ, თავადვე განდევნოთ თქვენგან ბოროტი ენერგია, რაც დადებითი ენერგიის ნაკადს თქვენს ცხოვრებაში შემოჭრის საშუალებას მისცემს. ასევე, აქტიურად დაეხმარეთ ირგვლივ მყოფებს, შექმენით კეთილგანწყობილი ატმოსფერო. იტრიალეთ პოზიტიური, ნათელი ადამიანების წრეში. ეს ყველაფერი მხოლოდ გააძლიერებს თქვენს დაცვას. მნიშვნელოვანია, არ დაივიწყოთ, რომ ბედნიერებას უყვარს სიწყნარე და შეძლებისდაგვარად, ნაკლები ილაპარაკეთ თქვენს მიღწევებზე, წარმატებებსა და შენაძენზე. სამწუხაროდ, არავინაა დაცული მოულოდნელი გათვალვისგან. ზოგჯერ ამისთვის უმნიშვნელო შურიც კი საკმარისია. ასე რომ, სიხარული მხოლოდ მას გაუზიარეთ, ვინც გულწრფელად გითანაგრძნობთ. დაბოლოს, თუ მაინც მოახერხეს ჯადოს გაკეთება, თქვენი მტრის სახელზე ეკლესიაში სანთელი დაანთეთ და მისი ჯანმრთელობისთვის ილოცეთ. ასე, იქნებ სიკეთემ გაიღვიძოს მასში და თქვენიც ნაკლებად შეშურდეს... ან შეიძლება, ასეც არ მოხდეს. სამყარო ხომ ისეა მოწყობილი, თითოეული ადამიანი ყველაფერს დამსახურებისამებრ იღებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი