ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რატომაა განსაკუთრებით დაუშვებელი საფულეში გარდაცვლილი ადამიანის ფოტოს შენახვა

№17

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 07.05, 2021 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ბევრი ადამიანი საფულეს მხოლოდ ფულის შესანახად როდი იყენებს - სხვადასხვა დანიშნულების საგნებთან ერთად, ახლობელთა ფოტოებსაც საგულდაგულოდ ათავსებს შიგ. თუმცა, გაგონილი გექნებათ, რომ ახლობლის ფოტოს საფულეში შენახვა არც ისე კარგი იდეაა, მაგრამ რატომ? - სავარაუდოდ, არ იცით. რა შეიძლება, ამას მოჰყვეს, ან რის ტარებაა რეკომენდებული, რომ საფულემ უშუალოდ თავისი დანიშნულება - ფულის მოზიდვა შეძლოს, ამის შესახებ მრავალი გადმოცემა და მინიშნება არსებობს. თემაზე, რაც საფულესა თუ ფინანსებს შეეხება და იმასაც, თუ კიდევ რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ ამ მხრივ გვიმართლებდეს, გვესაუბრება ეზოთერიკოსი ქალბატონი ნათელა მ.

- კარგად მოგეხსენებათ, დღეს საფულეებიც ისეთია, იმდენი განყოფილება და ჩასადები აქვს, რომ ფულით ნამდვილად ვერ გაავსებთ. თანაც, გადახდა ხომ საბანკო ბარათებითაც შეიძლება: ჰოდა, სადაც საბანკო, იქვე - სავიზიტოც იყოსო. თუმცა, ზოგი საფულეში ადგილს წამლის ტაბლეტებისთვისაც პოულობს და რაც მთავარია, ახლობელთა ფოტოებისთვისაც. მოკლედ, ცდილობენ, რაც შეიძლება ბევრი ნივთი ჩაატიონ შიგ, არადა, საფულე მხოლოდ და მხოლოდ დანიშნულებისამებრ უნდა გამოიყენოთ.

- რატომ არ შეიძლება, ახლობლის ან საყვარელი ადამიანის ფოტოს საფულით ტარება?

- იფიქრებთ, ამაში რა უნდა იყოს ცუდი, ეს ხომ ჩვეულებრივი ფოტოაო. თუმცა მას თავისი ენერგია აქვს, ისევე, როგორც - ფულს. მოგეხსენებათ, ფულადი კუპიურების ცირკულაცია მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს და არავინ იცის, თქვენს საფულეში მოხვედრამდე, რამდენი ვინმეს ხელში გაიარა. შესაბამისად, ეზოთერიკოსთა აზრით, ფულის ენერგია შეიძლება აისახოს იმ ადამიანზეც, ვინც ამ ფოტოზეა გამოსახული. ფულმა შეიძლება გავლენა იქონიოს ადამიანის იღბალზე. ძალიან ხშირად კუპიურები სიძუნწით, მერკანტილიზმითა და სხვა მსგავსი ემოციებითაა გაჯერებული. ფულის გარკვეული ნაწილი კი ავანტიურული, აფერული ოპერაციის შემადგენელია და ეს სულაც არაა ამ ტიპის შემთხვევების სრული სია.

- მოგებული ან ნაპოვნი ფული რა ენერგეტიკისაა?

- თუ კუპიურები თქვენს საფულეში იმიტომ აღმოჩნდა, რომ მოიგეთ, იპოვეთ ან ვინმემ დაგიბრუნათ, მაშინ ის თავისთავად, ნეგატიურ ენერგიას ატარებს. ეს ყველაფერი კი ზემოქმედებს დანარჩენ ნივთებზე, რასაც კი ამ საფულეში ინახავთ. ჩვენ კი იმაზე, არც დავფიქრებულვართ, ახლობლის ფოტოს რომ პორტმანეთი ვატარებთ, ამით შეიძლება მას რამე დაუშავდეს. ფოტო ძალიან სწრაფად ისრუტავს ენერგეტიკას და შემდეგ თავის მფლობელს გადასცემს. ფოტოზე ასახული ადამიანი შეიძლება, ყველასთვის მოულოდნელად, აზარტულ თამაშებში ჩაერთოს ან სრულიად შეიცვალოს ფულისადმი დამოკიდებულება. გახდეს ისეთი, ყველაფერში მხოლოდ სარგებელს რომ ეძებს და ანგარების გარეშე, თითსაც არ გაანძრევს. განსაკუთრებით დაუშვებელია გარდაცვლილი ადამიანის ფოტოს საფულეში შენახვა. სასიკვდილო ენერგიას უზარმაზარი დამანგრეველი ძალა აქვს და მერე აღარ გაგიკვირდეთ, თუ რატომ არასდროს გყოფნით ფული. ასეთ ფოტოს ძალუძს, მთლიანად დაბლოკოს ფინანსების შემოდინება. მინიშნება იმასაც ამბობს, რომ თუ საფულეში საყვარელი ადამიანის ფოტოს ინახავთ, ეს შეიძლება თქვენი დაშორების მიზეზი გახდეს. თან ისე, რომ დაშორების მიზეზი არ იქნება დამოკიდებული მატერიალურ მდგომარეობაზე, უბრალოდ, ცოლ-ქმარს შორის გაქრება ვნება. ზოგიერთმა ფოტომ, შეიძლება ძალა და ჯანმრთელობაც კი წაართვას ადამიანს. ამ დროს ბევრი რამაა იმაზე დამოკიდებული, თუ კონკრეტულად, ვინ არის გამოსახული ფოტოზე. აღსანიშნავია, რომ ვადაგასულმა საბანკო და სამგზავრო ბარათებმაც შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს მფლობელის ენერგეტიკაზე. საბოლოო ჯამში, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საფულეში განთავსებულმა ფოტომ შეიძლება გამოიწვიოს: სიღარიბე, მერკანტილიზმი, განშორება და ავადმყოფობაც კი.

- რა უნდა გავაკეთოთ, რომ მოსალოდნელი შედეგებისგან დავიცვათ თავი?

- ყოველი ადამიანი თავად წყვეტს, დაუჯერებს თუ არა ამგვარ მინიშნებებს. დადებითი მომენტები აბსოლუტურად ყველა ცრურწმენაში შეიძლება აღმოაჩინოთ. მაგალითად, არის ასეთი ვერსიაც, რომ თუ საფულეში მდიდარი ადამიანის გამოსახულებას ან ფოტოს შეინახავთ, ფინანსურ კეთილდღეობას მოიპოვებთ. თუმცა, მხოლოდ ამის იმედად ნუ დარჩებით. უმჯობესია, ფინანსური ოპერაციები შესაფერის დროს დაგეგმოთ. მაგალითად, გაითვალისწინეთ, რომ ორშაბათს ფულთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმე კრახით დამთავრდება. სამშაბათს თავი შეიკავეთ კრედიტის აღებისგან, თორემ ვალის დაბრუნება ძალიან გაგიჭირდებათ. თუმცა, ოთხშაბათს უკვე შეგიძლიათ, განახორციელოთ ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები, გააფორმოთ ნასყიდობის დოკუმეტაცია, ინვესტიცია და ფულადი შეთანხმებები. ყველაზე საუკეთესო დღე ფინანსებისთვის ხუთშაბათია - თამამად გადაწყვიტეთ ფულთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. ამ მხრივ კარგია ასევე, პარასკევიც - მომგებიანია მსხვილი შენაძენი ან ინვესტიცია. შაბათს, უმჯობესია, ფულთან დაკავშირებულ საკითხებზე ნუ იფიქრებთ, ხოლო ყველაზე ცუდი დღე ფინანსური თვალსაზრისით, კვირაა - ყველა შენაძენი, ინვესტიცია თუ ხელშეკრულება განწირულია ჩასაშლელად. თუმცა, არსებობს კიდევ სხვა წვრილმანი ხრიკებიც იმის გასაგებად, გაგიმართლებთ თუ არა ახლო მომავალში და ეს ყოფით მოვლენებს უკავშირდება. ბედნიერი მოვლენები აუცილებლად იქნება თქვენს ცხოვრებაში, თუ სადღესასწაულო სუფრაზე კენკრით მორთული ტორტის ნაჭერს ისე შეჭამთ, არც ერთი ნაყოფი არ დაგივარდებათ. ფინანსური ნაკადი კი მოულოდნელი წყაროებიდან დაგატყდებათ თავს, თუ ყავიან ფინჯანში ბევრ პატარა ბუშტუკს შენიშნავთ - რაც შეიძლება სწრაფად დალიეთ, რომ ბუშტუკები არ გაქრეს. სასიამოვნო სიურპრიზი გელით, თუ ჩაის, ყავის, ამ კომპოტის სმისას, შემთხვევით თქვენს ფინჯანში ბუზი ჩავარდა, მაგრამ თუ მწერი რძით ან კეფირით სავსე ჭიქაში მოხვდა, ფულში ძალიან გაგიმართლებთ. ახალმოსახლეობის აღნიშვნისას კი, სახლის ყველა კუთხე-კუნჭული პურითა და მარილით შემოიარეთ, რომ იქ მშვიდობამ, ბედმა და იღბალმა დაისადგუროს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი