ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რატომ უნდა დაწვათ ძველი ფეხსაცმელი და რა შემთხვევაშია ის სახლში უთანხმოებისა და უწესრიგობის შემომტანი

№46

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 25.11, 2022 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

როგორც იცით, ყველა ნივთსა თუ მოვლენაზე უამრავი ხალხური მინიშნება არსებობს, თუმცა ყოველდღიური მოხმარების ერთ-ერთ აუცილებელ და უცვლელ ატრიბუტს, როგორიც ფეხსაცმელია, ამდენი რამის წინასწარმეტყველება თუ შეეძლო, ნამდვილად ვერ წარმოიდგენდით. ამიტომ, ყურადღებით იყავით და გაიგებთ: რა დროს რას გამცნობთ საკუთარი ფეხსაცმელი და როგორ უნდა აიცილოთ მისი საშუალებით მოსალოდნელი ხიფათი თავიდან. ამ ყველაფერზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი დოდო მ.

- თუ დღეს ფეხსაცმლის მიხედვით, მისი მფლობელის აკურატულობის, გემოვნებისა და ღირსების შესახებ შეიძლება იმსჯელო, ადრე ის ბევრად მეტს ნიშნავდა. ჩვენი წინაპრები ფეხსაცმელს პატრონის სასიცოცხლო ძალებთან აკავშირებდნენ და მისი სულის სარკედ მიაჩნდათ. რადგან მინიშნება უამრავია, დავიწყებ პირდაპირ: თუ სახლის გარეთ (ფიტნესკლუბში, სტუმრად თუ სხვა მსგავს სიტუაციაში) შემთხვევით აგერიათ და სხვისი ფეხსაცმელი ჩაიცვით, ეს მოულოდნელი სიხარულის ან ახალი ნაცნობობის მაუწყებელია. ოღონდ, როცა ფეხსაცმელებს გაცვლით, არ დაგავიწყდეთ, რომ იმ ადამიანს რაიმე აჩუქოთ, თუნდაც უბრალო კანფეტი - მაშინ იღბალი ნამდვილად თქვენ მხარეს იქნება.

- პირველი მახსენდება, რა უადგილო ადგილას იცის ხოლმე ფეხსაცმელზე ქუსლის მოტეხა...

- ჰო, ქუსლის მოტეხა ფულის დაკარგვას ნიშნავს. ამიტომ ეცადეთ, ფეხსაცმელი დროულად შეაკეთოთ და სულ წესრიგში გქონდეთ. არც მაგიდაზე დააწყოთ, თორემ ჩხუბი არ აგცდებათ და თუ ეს ქალმა გააკეთა, მას ან მის რომელიმე ნათესავს შვილი შეეძინება. თუ შეყვარებულს ფეხსაცმელს აჩუქებთ, ის აუცილებლად უნდა მოსწონდეს და თანაც, მოერგოს - რაც ხანგრძლივი ურთიერთობის ნიშანია. თუმცა ჩუსტების ჩუქება ნამდვილად არ ღირს - საიქიოს სიმბოლოა. ამიტომ მისი საყვარელი ადამიანისთვის ჩუქება ურთიერთობას გაგიფუჭებთ. ჭრაჭუნა ფეხსაცმელი კი მიგითითებთ, რომ ვიღაცას გაანაწყენებთ, ამიტომ სწორედ იმავე ფეხსაცმლით მიდით მასთან და შემოირიგეთ.

- სახლში როგორ უნდა მოვუაროთ ფეხსაცმელს?

- დაათვალიერეთ ფეხსაცმლის კარადა და რაც აღარ ვარგა, თავიდან მოიშორეთ - გახვრეტილი ფეხსაცმლის შენახვამ ავადმყოფობა და არეულობა იცის. თუმცა მათი პირდაპირ გადაგდებაც არ არის რეკომენდებული - შეიძლება ჯადოსთვის გამოიყენონ. ამიტომ, უმჯობესია, დაწვათ - რაც ბოროტ ძალებს დააფრთხობს.

თუ ფეხსაცმლის ზონარი გაიკვანძა - არ შეშინდეთ, ბედმა გაგიღიმათ. ამიტომ, თუ სიარულში ხელს არ გიშლით, გაატარეთ ასე ერთი დღე მაინც - ფორტუნას მიიზიდავთ. თაროზე წყვილი ფეხსაცმელი სწორად უნდა დააწყოთ: მარცხენა და მარჯვენა არ აურიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლში უწესრიგობა, ჩხუბი და უთანხმოება გამეფდება. თუმცა, თუ სიზმარში შეყვარებულის ნახვა გსურთ, ფეხსაცმელები თქვენს ოთახში T-ს ფორმით დააწყვეთ.

- ახალ ფეხსაცმელზე რას გვეტყვით?

- უმჯობესია, მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ახალი ფეხსაცმლით არ წახვიდეთ - იღბალს დაგიფრთხობთ. ნუ გაიპრანჭებით - ჩაიცვით ძველი. შორ გზაზე წასვლის წინ კი კარგია, თუ ძველ ფეხსაცმელს დაწვავთ და ცხვირსახოცში გამოკრულ მის პატარა ნაწილს თან წაიღებთ - ეს თქვენი თილისმა იქნება მოგზაურობისას. არ ჩაიცვათ ჩექმა შიშველ ფეხზე - მატერიალურ დანაკარგს ნიშნავს. შიშველ ფეხზე ჩაცმული ფეხსაცმლით არც აზარტულ თამაშებში ჩაერთოთ - ჯეკ-პოტს ვერასდროს მოხსნით. თუ შემთხვევით, მარჯვენა ფეხზე მარცხენას ფეხსაცმელი ჩაიცვით და მარცხენაზე - მარჯვენასი, რეპუტაციის შელახვასა და ცილისწამებას ელოდეთ; ხოლო გახდისას თუ ასევე ადგილშენაცვლებით დააწყობთ მათ - საფრთხე თქვენს ჯანმრთელობას ემუქრება. მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიდით მარცხენა ფეხსაცმელში ქუსლქვეშ ჩადებული მონეტით - იღბალი გაგიღიმებთ და ნებისმიერ სირთულეს დაძლევთ. ქორწილში კი პატარძალს აუცილებლად დახურული ფეხსაცმელი უნდა ეცვას - რაც უფრო მეტი ღია ადგილები ექნება (ჭრილი, ნახვრეტი, ზონარი), მით მეტი ქალური ბედნიერება გაჟონავს იქიდან. თანაც, ქორწილამდე პატარძალმა ცოტა ხანს მაინც უნდა ატაროს საქორწილო ფეხსაცმელი, თუნდაც სახლში, თუ უნდა, რომ იღბალი, ბედნიერება და სიხარული მუდამ თან სდევდეს.

ტყავის ახალი ფეხსაცმელი აბუსალათინის ზეთით გააპრიალეთ (უმჯობესია, თუ ფეხსაცმელს მზარდი მთვარის დროს შეიძენთ) და სამჯერ დააკაკუნეთ იმით იატაკზე - დიდხანს გაგიძლებთ.

- წაბორძიკებისას რა ხდება?

- თუ მარჯვენა ფეხით წაიბორძიკეთ და ფეხსაცმელი არ გაგიფუჭდათ - ბედნიერების ნიშანია; ხოლო მარცხენათი წაბორძიკებით დაზიანებული ფეხსაცმელი - ახალი ნაცნობობის საწინდარია. ფეხსაცმლის დაკარგვა - ცუდი ნაცნობებისგან გიხსნით; ხოლო - პოვნა: სიხარული, სამსახურში დაწინაურებაა. თუ ფეხსაცმელს ძირი გაუცვდა - შეიძლება ნეგატიური ენერგიის ადამიანს გადაეყარეთ და მისი ნეგატივი ფეხსაცმელმა შეისრუტა, ამიტომ თავიდან მოიშორეთ - უმჯობესია, დაწვათ. თუ ეს შეუძლებელია, შიგნით პურის ნაჭერი დამალეთ და ნაგავში ჩააგდეთ, თან დააყოლეთ: „სიკეთე სიკეთით დამიბრუნდეს!“ არ გააწმენდინოთ ფეხსაცმელი უცხოს - მან შეიძლება თქვენი ენერგია წაიღოს. ეს თავად გააკეთეთ, თან ყოველთვის კარგი აზრებისა და განწყობის თანხლებით. თუ ფეხსაცმელი გზაში დაკარგეთ - სასიამოვნო ცვლილებები გელით; თუ ზღურბლს იქით გადააგდეთ - გაჩვენებთ, საიდან უნდა ელოდოთ საბედოს. თუ ახალი ფეხსაცმელი გეცვათ და ფეხი გადაგიბრუნდათ - მოულოდნელობაა; თუ გზაში სიბინძურეს დააბიჯეთ - ფულია; ხოლო, თუ ძაღლმა დაგიღრღნათ - ახლობლებთან ჩხუბი გელით. თუ ფეხსაცმელზე წყალი გადაგასხეს, მალე იმ ადაამიანს შეხვდებით, ბოლო დროს რომ ძალიან ხშირად გახსენდებოდათ.

- ფეხზე თუ დაგვაბიჯეს?

- თუ მარჯვენა ფეხზე დაგაბიჯეს - მოულოდნელი შემოსავალია; ხოლო მარცხენაზე - პირიქით, დანაკარგს ნიშნავს. თუ ფეხსაცმელზე მუდმივად ზონარი გწყდებათ - წვრილმან ავანტიურაში გაგიმართლებთ, ფულს იოლად იშოვით და საეჭვო ნაცნობობას გააბამთ; ხოლო თუ ფეხსაცმლის ქუსლი ასფალტის ნაპრალში გაგეჭედათ - სიხარული გელით. დაბოლოს, თუ ისეთ ჩხუბში მოჰყევით, რომ ვიღაცამ ფეხსაცმელი გამოგიქანათ: აგცდათ და არ მოგხვდათ - კაჟივით ჯანმრთელი იქნებით; მოგხვდათ? - სახელმწიფო სამსახურში გარჯა მოგიწევთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი