ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რატომ უნდა დაასვენოთ საყვარელი სამკაული რამდენიმე დღით

№2

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 22.01, 2021 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ყველას უნდა, რომ ახალ წელს ნეგატივის გარეშე შეხვდეს და სუფთა ფურცლიდან: არსებული პრობლემების, გაჭირვების, კრიზისის, ტკივილის, ჭუჭყისა და განსაკუთრებით, ავადმყოფობის გარეშე, დაიწყოს ახალი ცხოვრება. ამიტომ, სწორედ წინასაახალწლოდ, განსაკუთრებით ეძიებს და ენდობა ხალხურ გადმოცემებს, მინიშნებებს და ცდილობს, ეს მითითებები გაითვალისწინოს. 

დღეს შევეხებით ამ მხრივ ძალზე საყურადღებო თემას - ფერად ქვებს, ჩვენს სახლებში სხვადასხვა გზითა და სახით რომ ხვდება. უმეტესობას სამკაულის, სამშვენისის ან სიმბოლური დატვირთვით თავად ვუშვებთ შინ, ზოგი - საჩუქარია, ზოგიც მემკვიდრეობით გვერგო ან სულაც შემთხვევით აღმოჩნდა ჩვენთან. რა გავლენას ახდენს ფერადი ქვები მის მფლობელზე, რით ბინძურდება და როგორ უნდა გაიწმინდოს ის ასეთ შემთხვევაში, განმარტავს ეზოთერიკოსი, ბატონი ანზორ ლ.

- ნებისმიერ შემთხვევაში ფერადი ქვა, სანამ ჩვენამდე მოაღწევს გაივლის რამდენიმე ხელს, როგორც მინიმუმ: იუველირისა და გამყიდველისას მაინც. ეს კი ნიშნავს, რომ ქვას უკვე შეეძლო, შეეწოვა სხვისი ენერგეტიკა - სხვისი ემოციები, პრობლემები, ხასიათი და ასე რომ, რა მოვლენებს შეესწრო, ძირითადად იცის მხოლოდ მან.
- რა ენერგიას აგროვებს ქვა?
- ქვა უარყოფით ენერგიას აგროვებს და აუცილებელია მისი გაწმენდა განსაკუთრებით მაშინ, თუ სამკურნალოდ იყენებდით ან გარდაცვლილი ნათესავისგან სამკაულის სახით დაგრჩათ სახსოვრად. ყველაზე მეტად უარყოფით ენერგიას ექვემდებარება და შესაბამისად, ხშირ გაწმენდას მოითხოვს - ონიქსი. ყველაზე ნაკლებად კი ნეგატივს აგროვებს ციტრონი. ამ მინერალს მხოლოდ ჩვეულებრივი მოვლა სჭირდება.
- აქედან გამომდინარე, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ქვებთან?
- ქვებთან შეიძლება, იყოთ ნეიტრალური ან იმეგობროთ, თუმცა უმჯობესია, მოკავშირედ და მეგობრად დაიგულოთ. ამისთვის კი რამდენიმე წესი უნდა დაიმახსოვროთ. უპირველესად, ნუ იფიქრებთ, რომ ქვასთან ურთიერთგაგება სწრაფად მოხდება. ის უნდა მიეჩვიოს ახალ მფლობელს, აეწყოს მის ტალღაზე, რისთვისაც დროა საჭირო. ასევე, ახალი ქვა აუცილებლად უნდა გაიწმინდოს, რათა მისი მეხსიერებიდან წინა მფლობელის ენერგეტიკული და ინფორმაციული კვალი წაიშალოს. გაწმენდის შემდეგ ქვას საშუალება უნდა მისცეთ, რომ 7-10 დღის განმავლობაში დაისვენოს და ძალები აღიდგინოს. მხოლოდ ამის შემდეგ ის მზის ან მთვარის ენერგიით უნდა დაიმუხტოს. საერთოდ, ქვას სიყვარულითა და პატივისცემით უნდა მიუდგეთ, მოუაროთ და გაწმინდოთ, რისი სიხშირეც განპირობებულია მოხმარების წესებიდან გამომდინარე: ატარებთ მას როგორც სამკაულს, იყენებთ სამკურნალო პროცედურისთვის, მედიტაციისთვის და სხვა. ზოგჯერ საყვარელი სამკაული უნდა დაასვენოთ და რამდენიმე დღე არ გაიკეთოთ. სასურველია, ქვა არ მოხვდეს სხვის ხელში, განსაკუთრებით გაწმენდისა და დამუხტვის შორის პერიოდში.
- როგორ უნდა შევამჩნიოთ, რომ ქვა გასაწმენდია?
- ყურადღებიანი მფლობელი მაშინვე შეამჩნევს ცვლილებას თავის ქვას - შეფერილობას შეიცვლის ან ბზინვარება დაებინდება, რაც მინიშნებაა, რომ ქვა დაიღალა და დასვენებასა და გაწმენდას საჭიროებს.

- როგორ გავათავისუფლოთ ქვა დაგროვილი ნეგატიური ენერგიისგან?
- გაწმენდის საუკეთესო საშუალება წყალია, თუმცა აზრი არა აქვს ონკანის ქლორირებული ან უბრალოდ, მდუღარე წყლის გამოყენებას. წყალი უნდა იყოს ცოცხალი - წყაროდან, არტეზიული, მდინარის. ფერადი ქვის გაწმენდა ხდება მთვარის თვის ბოლო სამი დღის განმავლობაში. ამ დღეებში ქვის ძალა იკლებს და მისი ენერგეტიკული ველი ადვილად შეელევა დაგროვილ ინფორმაციას. მაშ ასე, მინის ჭურჭელში ცოცხალი წყლით ჩაუშვით ქვა, დატოვეთ რამდენიმე საათით და მერე გულმოდგინედ გაავლეთ გამდინარე წყალში. წყლის პროცედურების შემდეგ ფერადი ქვა ორი საათით უნდა დადოთ გასაშრობად. ცოცხალი ენერგიის ასაკრეფად კი ის მცენარის ახლად მოგლეჯილ მწვანე ფოთოლზე ანთებული სანთლის გვერდით უნდა მოათავსოთ. 7-10 დღე ქვამ ისეთ ადგილას უნდა დაისვენოს, სადაც არავინ „შეაწუხებს“. სავსემთვარეობის მოახლოებისას კი ქვას ღამით ფანჯრის რაფაზე დადებთ, სადაც მთვარის სხივი ეცემა, ან რამდენიმე საათით ტოვებთ მზის ქვეშ. მთვარის ან მზის ენერგიით დამუხტული ფერადი ქვა მზადაა თავის მფლობელთან „დიალოგისთვის“. ის უხვად გაუზიარებს პატრონს მაგიურ ძალას, დაეხმარება სამკურნალო პროცედურებში, დაიცავს რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, უნდა გახსოვდეთ, რომ არ შეიძლება მზის შუქით დაიმუხტოს: ფირუზი, კვარცი და ამეთვისტო. მათ მზის ზემოქმედება გადაწვავს, რაც შეფერილობასა და სილამაზეს დაუკარგავს. არის რეკომენდაციები ფერადი ქვების ზღვის მარილით გაწმენდის შესახებ, რომელსაც მშრალი, ხსნარის ან გაყინული სახით გამოიყენებენ. თუმცა ეს ხერხი ყველა ქვისთვის არ გამოდგება. მარილმა შეიძლება საიუველირო ნაკეთობის ზედაპირი დაკაწროს, შეცვალოს ქვის ფიზიკური თვისებები, ხოლო ტემპერატურის კონტრასტულობამ გაყინვა-გალღობის დროს - ბზარები გაუჩინოს. არ არის რეკომენდებული მარილით გაიწმინდოს: მალაქიტი, ფირუზი, ოპალი, ონიქსი, ქარვა, სარდიონი, პირიტი, ლაზურიტი და კიდევ ბევრი სხვა. მტკნარი წყლით გაწმენდის მეთოდი, რომელსაც მთვარის სხივით დამუხტვა მოსდევს, ყველაზე უსაფრთხოა უმეტესობა ქვისთვის. ფერადი ქვის დამუხტვა ასევე შეიძლება, მას თუ მთის ბროლის გვერდით დადებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი